საქართველო ხორბალს, უკრაინის გარდა, ლიტვიდანაც მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურისა და ლიტვის პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, ერთ კვირაში ლიტვაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ჩავა და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
"არის საშუალება, რომ ლიტვიდან წამოვიღოთ ხორბალი. ერთ კვირაში ლიტვაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავლენ და დეტალებს გაარკვევენ. პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
2-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერი დღეს ლიტველ ბიზნესმენებსაც შეხვდა და მათ საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ნიკა გილაურის ლიტვაში ვიზიტი დღეს დასრულდა, საიდანაც პრაღაში გაემგზავრა და არაოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.