საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მეორე კვარტლის შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სამთავრობო გუნდი ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების მონაცემებზე ღიად საუბრობს. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ციფრი დაგეგმილ მაჩვენებლებს ბევრად სცილდება და ამ კუთხით სრულიად უიმედო პერსპექტივაა. სამაგიეროდ, ბევრად იმედიანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებითაც, ინვესტიციების მოცულობა წლის მეორე კვარტალში 196 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. საერთო ჯამში, 2010 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა 274 მილიონ დოლარით განისაზღვრა.
ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ნიკა გილაური განცხადებას ინვესტიციების შესახებ, როდესაც მეორე კვარტლის შედეგები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია და სათანადო მონაცემებს არც ეროვნული ბანკი ფლობს? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ სულ რამდენიმე ხანში მთავრობა ხელახლა დაითვლის და ახალ, "დაზუსტებულ" ციფრებს, ანუ შემცირებულს შემოგვთავაზებს? როგორც ეს 2009 წელს შემოსული ინვესტიციების საბოლოო დათვლისას მოხდა, როდესაც კორექტირების შემდეგ 760 მილიონი 659 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
მოსალოდნელი ინვესტიციების შესახებ მთავრობის ნავარაუდევს თუ გავიხსენებთ, წლის ბოლომდე, საქართველოს მთავრობამ გეგმის შესასრულებლად დამატებით 1 მილიარდი დოლარი უნდა მოიზიდოს. შედარებით რეალისტური პროგნოზი ჰქონდა სავალუტო ფონდს, მაგრამ სსფ-ს საპროგნოზო მაჩვენებლამდეც 500 მილიონი გვჭირდება. მწირი მონაგარის ფონზე რამდენად მოახერხებს საქართველოს მთავრობა საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას?
ზემოთმოყვანილ ციფრებთან შედარებით, მეორე კვარტლის შედეგები საგანგაშოა და, გილაურის ოპტიმიზმის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაკლებად იქნება მოსალოდნელი. მით უფრო, რომ ინვესტორებს, გავრცელებული ინფორმაციით, ტაიმ-აუტი აქვთ აღებული.
პრემიერისგან განსხვავებით, ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ მეორე კვარტალში ინვესტიციების გაორმაგება არაფერს ნიშნავს, რადგან პირველ კვარტალში ინვესტიციების კატასტროფული ვარდნა დაფიქსირდა.
ექსპერტ შოთა მურღულიას თქმით, გასათვალისწინებელია კაპიტალის გადინების რისკიც, რადგან ინვესტორები პოტენციურ საფრთხეებს ქვეყანაში ჯერ კიდევ ხედავენ. ამიტომ სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზი, მოხერხდება თუ არა მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის შესრულება და ეკონომიკის ზრდის დაგეგმილ მაჩვენებელზე გასვლა.
მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის მონაცემთა ანალიზის და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ინვესტიციების დაგეგმილი მოცულობით შემოსვლა წარმოუდგენელია. მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ციფრი, გარკვეული მეტობის მიუხედავად, მაქსიმალურ მოცულობასთან ახლოსაც ვერ მიდის და მთავრობა მხოლოდ თავს იმშვიდებს.
"ის, რომ პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალში ორჯერ მეტი კაპიტალი შემოვიდა თავისთავად კარგია, მაგრამ ეს დადებით შედეგად მაინც არ აღიქმება. წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა მაქსიმალურ მოცულობასთან ახლოსაც ვერ მიდის.
საერთოდ, ინვესტიციებს ასეთი ციკლი ახასიათებთ, ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარზე მოდის, რეალური ინვესტირება ამ პერიოდში ხორციელდება. იმ მოცულობით, რაც ჩვენ გვაქვს, მილიარდიან ინვესტიციას პირი არ უჩანს. მეორე და მესამე კვარტალში გაზრდილ მაჩვენებელს არ უნდა ველოდოთ. მთავრობა, უბრალოდ, თავს იმშვიდებს, ვიდრე რაღაც რეალურ პროექტებზე საუბრობს. იმედი, რომ ინვესტორები გააქტიურდებიან, ნაკლებად მაქვს.
ისიც საკითხავია, რამდენად დაზუსტებულია ის მაჩვენებელი, რასაც მთავრობა მეორე კვარტლის შედეგების სახით წარმოგვიდგენს. არ არის გამორიცხული, გარკვეული პერიოდის შემდეგ კლებისკენ "დაზუსტდეს". როგორც წესი, დაზუსტების შემდეგ ცვლილება 5 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. როცა ცდომილება 10-15 პროცენტს აჭარბებს, ცხადია, მთავრობა ტყუის. იმედია, შემოსული ინვესტიციების მეორე კვარტლის მონაცემები რეალობასთან უფრო იქნება მიახლოებული, ვიდრე ეს 2009 წლის მაჩვენებლის გამოქვეყნებისას დაფიქსირდა", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.
ექსპერტი გიორგი ღაღანიძე განმარტავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის 2 მილიარდი მაინც გვჭირდება წელიწადში. რაც შეეხება, მეორე კვარტლის შედეგებს, ზრდის მიუხედავად, მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
"სხვათა შორის, დაბალი მაჩვენებელი გვქონდა 2009 წელსაც, მაგრამ არ გვიგრძვნია, რამდენადაც უცხოური ინვესტიციები გარედან შემოსული დახმარებების უზარმაზარმა პაკეტმა ჩაანაცვლა. ყველაზე ცუდ მდგომარეობას 2010 წლის ბოლოს ვვარაუდობდი, სამწუხაროდ, მოლოდინი გამართლდა.
ის, რომ მთავრობა მუდმივად ცდილობს რაღაც გააკეთოს ინვესტიციების მოსაზიდად და ამაზე ყოველდღე ხმამაღლა საუბრობს, გამართლებულია. სხვა საკითხია, რამდენად გამოსდის. სერიოზული პრობლემები გადავიტანეთ. ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა გლობალურმა კრიზისმაც, ეკონომიკური რისკები ინვესტორებისთვის წელსაც მაღალია.
ინვესტიციების წლევანდელმა მოცულობამ, შესაძლოა, ჯამურად შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ამ საკითხს მეტობის თვალსაზრისით არ უნდა შევხედოთ. საგულისხმოა ის, თუ რამდენად ნაკლებია წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიცია იმ 2 მილიარდზე, რომელიც ნორმალური ცხოვრებისთვის გვჭირდება.
პროცესების წარმმართველი უნდა გახდეს ადგილობრივი ბიზნეს-სექტორი. რაც 5 წლის წინათ პრობლემა იყო, დღესაც რჩება "აქილევსის ქუსლად", როდესაც ცოტა ბიზნესმენს არ აქვს დაცულობის განცდა და ვერ ახდენს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში", - აცხადებს ექსპერტი.
მარი ჩიტაია