აშშ-მა მსოფლიოს კონკურენტუნარიანი ქვეყნების რჩეულთა სამეულში ადგილი დაკარგა - ასეთია კონკურენტუნარიანობის გლობალური რეიტინგის წლევანდელი შედეგი, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა.
წელს რეიტინგში ამერიკელები უკან შვედეთმა და სინგაპურმა ჩამოიტოვეს, რეიტინგის სათავეში კი შვეიცარიაა. ათეულში შედიან: გერმანია, იაპონია, ფინეთი, ნიდერლანდები, დანია და კანადა. ამ რეიტინგში საქართველოს 93-ე ადგილი მიაკუთვნეს. ჩვენზე უკეთესი პოზიციები ერგოთ: ესტონეთს (33), ლიტვას (47), აზერბაიჯანს (57), რუსეთს (63), ლატვიასა (70) და უკრაინას (89).
მსოფლიოში ყველაზე არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ჩადი დასახელდა, რომელსაც წინ ანგოლა და ბურუნდი უსწრებენ.
რეიტინგი მრავალი მაჩვენებლით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, შრომისა და სასაქონლო ბაზრის ეფექტურობის, განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხის, მაკროეკონომიკური ვითარებისა და ფინანსური ბაზრის გათვალისწინებით დგინდება. შეფასება ბიზნესის 13,5 ათასი წარმომადგენლის გამოკითხვითა და საერთო მაკროეკონომიკური მონაცემების გათვალისწინებით გაკეთდა.
მომზადებულია weforum.org-ის მიხედვით.