მცირე და საშუალო მეწარმეები დიდ გაურკვევლობაში არიან - არ იციან, როდის ჩაანაცვლებენ ძველ სალარო აპარატებს ახლით. მეწარმეები იმასაც აპროტესტებენ, რომ ახალი სალარო აპარატების შეძენისთვის საკმარისი თანხები არ ჰყოფნით. მოკლედ, უამრავ პრობლემას ასახელებენ, რის გამოც დამატებითი ხარჯების გაწევა არ სურთ. ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა ოფიციალურად უკვე განაცხადა, რომ ახალ სალარო აპარატებს მეწარმეებისთვის სახელმწიფო შეიძენს.
"ვერსიაში" უკვე ვწერდით, რომ შემოსავლების სამსახური საკონტროლო სალარო აპარატებს "ჯი-პი-არ-ეს სისტემაზე" გადაიყვანდა და ერთ სერვერზე მიაერთებდა. შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი ცხაკაიამ მაშინ "ვერსიას" განუმარტა, რომ ასე შეუძლებელი იქნებოდა, რომელიმე გადამხდელს სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში "შეეღწია" და მონაცემები შეეცვალა.
რა ხდება ახლა? შემოიტანა თუ არა სახელმწიფომ ახალი საკონტროლო სალარო აპარატები, ან როდის იგეგმება მათი "ჯი-პი-არ-ეს" სისტემაზე გადაყვანა? ამ კითხვებით "ვერსიამ" გოგა ცხაკაიას მიმართა:
- არა, ეს მარტივი პროცესი არ არის. ამაზე ვმუშაობთ და სურვილი გვაქვს, ყველას ჰქონდეს მსგავსი აპარატი. მისი საშუალებით ყველა შეძლებს, ჩვენთან უფრო მარტივად დაამყაროს ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემა გადამხდელებისთვის უფასო იქნება. ამ სისტემას ორი მთავარი უპირატესობა და ამოცანა აქვს. პირველი: თავად გადამხდელს შეეძლება, თავისი ობიექტი გააკონტროლოს, მათ შორის ჩვენი, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის საშუალებით და მეორე: ვიდრე შემოსავლების სამსახური ინფორმაციის საფუძველზე ადმინისტრირებას განახორციელებს, ეს სისტემა საშუალებას მისცემს, რომ მთლიანი შემოსავლები კი არა, მხოლოდ 10-12% გააკონტროლოს, მაგრამ ეფექტურად. ხომ გესმით, ნებისმიერი შემოწმება დაკავშირებულია გარკვეულ კანონდარღვევის ფაქტთან, მათ შორის საკონტროლო სალარო აპარატების შემოწმებაც, თუმცა რეალურად, ჩვენი ამოცანა კონტროლი კი არა, პრევენციაა ანუ, მთავარია, იმ ხალხთან მივიდეთ, რომლებიც კანონს არღვევენ. ახალი სისტემა კი იმის საშუალებას მოგვცემს, რისკი სწორად დავაფიქსიროთ და შემდგომ მივიდეთ მხოლოდ იქ, სადაც პრობლემებია.
- ბატონო გოგა, ახალ აპარატებს სახელმწიფო შეიძენს?
- დიახ და ყველა მეწარმეს უფასოდ გადავცემთ.
- როდის გეგმავთ ახალი სალარო აპარატების შეძენას?
- 2011 წლის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს და საქართველოს მასშტაბით, ყველა მეწარმეს უნდა ჰქონდეს ახალი სალარო აპარატი.
- ტენდერი უკვე დაწყებულია?
- დიახ, ტენდერი უკვე გამოცხადდა და ახალ ინფორმაციასაც იანვრის დასაწყისში გაცნობებთ.
როგორც გოგა ცხაკაიამ აგვიხსნა, "ჯი-პი-არ-ეს" სისტემაზე მიერთებული საკონტროლო სალარო აპარატების საშუალებით, ობიექტების მფლობელს თავისუფლად შეეძლება, საკუთარი მაღაზია ან ობიექტი გააკონტროლოს. მაგალითად, გაიგოს, რამდენად იყენებენ ობიექტზე სალარო აპარატს ან რა ბრუნვას აწარმოებენ. ამ სისტემას როგორც გადამხდელისთვის, ასევე - შემოსავლების სამსახურისთვისაც, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საგადასახადო ინსპექტორი ონლაინ-რეჟიმში შეხედავს და გააკონტროლებს, თუ როგორ მიმდინარეობს საგადასახადო ანგარიშსწორება, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
როგორც აღვნიშნეთ, ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალი სალარო აპარატების ღირებულებას მეწარმეების ნაცვლად, მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს:
"დღემდე, სალარო აპარატების კონტროლის დროს, დამოკიდებულები ვიყავით საგადასახადო ინსპექტორებზე. ამ მიზნით, ყოველდღიურად, სამი ათასამდე ინსპექტორს უწევდა მუშაობა, რადგან ავტომატიზებული სისტემა არ გვქონდა. არადა, ეს დასავლეთში აპრობირებული მეთოდია და სწორედ ამის გამო, გადავწყვიტეთ "ჯი-პი-არ-ეს" სისტემის სალარო აპარატების შემოღება. ამ სისტემის საშუალებით, საგადასახადო ორგანო ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდება და სალარო აპარატზე "ამორტყმულ" თითოეულ ქვითარზე ინფორმაციას ავტომატურად მიიღებს", - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
საინტერესოა, რა დაუჯდება სახელმწიფოს ახალი სალარო აპარატების შეძენა? ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, "ვერსიას" განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე, თანხა გათვალისწინებული არ არის, რადგან ტენდერი მომავალ წელს დასრულდება და შესაბამისად, თანხაც მაშინ განისაზღვრება.
სალარო აპარატების თემამ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ააფორიაქა, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიმართ, პრეტენზია მსხვილ ბიზნესსაც დაუგროვდა და ძირითადად, ქრონომეტრაჟის გამო. რეალურად, ქრონომეტრაჟიც კონტროლის ერთ-ერთი სახეობაა, რაც ერთ კვირაში ნავაჭრის წინა კვირასთან შედარებას გულისხმობს.
საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, სასტუმროების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის, "რჩეულის" წარმომადგენლის თქმით, ქრონომეტრაჟი სერიოზული საკანონმდებლო პრობლემაა. ერთ კვირაში, შესაძლოა, კონფერენცია გაიმართოს, ან ტურისტებისთვის სპეციალური ტურები მოეწყოს, ხოლო მეორე კვირაში - არა.
ქრონომეტრაჟი ახალი საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და "ვერსიაში" ამაზეც ვწერდით. გოგა ცხაკაიამ ერთ-ერთი კაფე-ბარის მაგალითზე აგვიხნა, რომ ხშირად, შემოწმებაზე მისულ საგადასახადო ინსპექტორს კაფეში უამრავი ადამიანი უნახავს, რომლებიც საათობით მხოლოდ ჭიქა წყალს სვამდნენ. ძირითადად იმიტომ, რომ რეალური შემოსავლები დაემალათ. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ სასტუმროს ადმინისტრატორს სტუმრების მიღებაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთქვამს, რომ იმ პერიოდში სასტუმროს საგადასახადო ინსპექტორები ამოწმებდნენ. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ქრონომეტრაჟზე უარს არ იტყვის. "ვერსიასთან" საუბრისას, გოგა ცხაკაიამ კიდევ ერთხელ განმარტა:
- ახალ საგადასახადო კოდექსში, ქრონომეტრაჟით გათვალისწინებული ჯარიმა 50-მაგი ოდენობიდან 20-მაგ ოდენობამდეა დაყვანილი. გათვალისწინებულია სეზონურობა და სხვა მრავალი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი "მესიჯი" გადამხდელებისთვის ის არის, რომ ჩვენ მათ ვუსმენთ და ყველა კონკრეტულ შემთხვევას განვიხილავთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არ არის კონტროლი კონტროლისთვის. ჩასაფრებულები არ ვართ. ჩვენი ამოცანაა ინფორმირება და პრევენციაა. ისიც მნიშვნელოვანია, კეთილსინდისიერი გადამხდელები, არაკეთილსინდისიერებისგან გავმიჯნოთ, რათა არაკონკურენტუნარიან გარემოში არ ჩავაყენოთ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია კონტროლთან, მაგრამ ბევრი ობიექტი არსებობს, რომლის ერთადერთი კონტროლი ქრონომეტრაჟია. ამ სისტემას მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეფექტურად იყენებს.
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია"