საწვავის ფასები - პროგნოზი არასახარბიელოა

საწვავის ფასები - პროგნოზი არასახარბიელოა

საწვავი კვლავ ძვირდება. მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი უკვე $95-ს მიუახლოვდა, რაც ბოლო 2,5 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასმა კიდევ ორი დოლარით მოიმატა. მსოფლიო ბაზრის ტენდენციებიც ჯერჯერობით ფასის ზრდაზე მიანიშნებს.

ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ნავთობის გაძვირება ამერიკული ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებით იყო გამოწვეული. ამას დაერთო დადებითი ინფორმაცია ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ბოლო მონაცემებიდან ჩანს, რომ აშშ-ის ეკონომიკის აღდგენა ნავარაუდევზე სწრაფად გრძელდება, მოიმატა დასაქმების მაჩვენებლებმაც. ეკონომიკური ზრდის მოლოდინი საწვავის გაძვირებას აძლევს სტიმულს.

ამერიკელი ანალიტიკოსები ელიან, რომ ბარელი ნავთობის ფასი პირველ კვარტალში $100-ს გადასცდება. მათი გათვლებით, საწვავზე მოთხოვნისა და შესაბამისად, ფასის კლებაც, მხოლოდ ეკონომიკური ზრდის შენელებას შეიძლება მოჰყვეს. ეს კი წლის მეორე ნახევრისთვის არის მოსალოდნელი. პროგნოზის თანახმად, ნავთობის გაძვირება დიდხანს არ გასტანს. მეორე კვარტალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ბაზრის ფინანსურ სტიმულირებას აღარ განაგრძობს. ევროპის გაგრძელებული სავალო კრიზისი კი გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე დეკემბრის დასაწყისში 5-თეთრიანი გაძვირების შემდეგ ფასები ჯერჯერობით არ შეცვლილა. საცალო ბაზარზე ე.წ. ”სუპერის” ფასი 2,10-2,15 ლარის ფარგლებშია, დიზელის 2,10 ლარის, ხოლო ერთი ლიტრი 92 ოქტანობის, ე.წ. ”რეგულარის” ფასი ქსელში 1,90-დან 1,95 ლარამდე მერყეობს. თუ ნავთობის მსოფლიო გაძვირება გაგრძელდა, ფასებს ადგილობრივი დისტრიბუტორებიც შეცვლიან.

საწვავის გაძვირება გახდა სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პროტესტის მიზეზი. რამდენიმე დღის წინ მძღოლები, რომლებიც თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მოძრაობენ, გაიფიცნენ და მგზავრობის ღირებულების გაზრდა მოითხოვეს. მათ მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად დიზელის საწვავის სიძვირე დასასახელეს.

ვანო მთვრალაშვილი (ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე): ”ბოლო დროს ვრცელდება ჭორი, რომ ლიტრი ბენზინი შეიძლება 3 ლარამდე გაძვირდეს. ამის შესახებ ბევრი მეკითხება. რის საფუძველზე და რატომ ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, გაუგებარია. შესაძლოა ფასმა 5-10 თეთრით მოიმატოს, მაგრამ გამორიცხულია, ლიტრი 3 ლარი გახდეს.

უცხოეთის ბაზრებზე ნავთობზე ფასები, სწრაფად არა, მაგრამ მაინც იმატებს. ასეთი მსოფლიო ტენდენცია ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, რადგან იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შარშან ეკონომიკური კრიზისის დროს, 6-7 თვის განმავლობაში ლიტრი ბენზინის ფასი საცალო ბაზარზე ძალიან დაბალ ნიშნულზე, 1-1,20 ლარის ფარგლებშიც იყო. ხოლო კრიზისამდე ლიტრი საწვავი 1,90 ლარი ღირდა, ანუ თითქმის იგივე ფასი იყო, რაც ახლაა. მსგავს ფარგლებში იყო დიზელის ფასიც.

სამარშრუტო ტაქსების უმრავლესობა მართლაც დიზელის საწვავზე მუშაობს, დიზელის ბოლოდროინდელ გაძვირებას თუ გათვალისწინებით, შეიძლება მგზავრობის ღირებულება უმნიშვნელოდ გააძვირონ, მაგრამ საგრძნობი გაძვირების საფუძველი არ არსებობს. თანაც მომხმარებელი არ შემცირებიათ. თუ ინფლაციურ პროცესებს ითვალისწინებენ, ასე ყველაფრის ფასმა მოიმატა და ნებისმიერი გაძვირების მხოლოდ საწვავის გაძვირებით ახსნა არ შეიძლება. შიდა გადაზიდვებზე ტაქსების დიდი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელია, რომლის ფასი უცვლელია და კუბმეტრი 1,10 ლარი ღირს”.

ნავთობპროდუქტების ბაზრის ლიდერ ”ვისოლში” ფასების ცვლილების შესახებ წინასწარ თქმას ერიდებიან, მაგრამ აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გაგრძელდა, ფასების შეცვლა მათაც მოუწევთ. ჯერჯერობით კომპანიაში ფასების გაზრდას არ აპირებენ და ამბობენ, რომ კომპანიის ინტერესშია, ძველი მარაგების ხარჯზე ფასი ახლანდელ ნიშნულზე შეინარჩუნონ, რადგან დაბალი ფასის დროს გაყიდვა მეტია.

ნონა ქვლივიძე

"ეკოპალიტრა"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ