მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლის შესრულებაზე აშშ შეგნებულად ამბობს უარს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მთავარმა მრჩეველმა რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლმა გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ დავის პოლიტიზირების წინააღმდეგია.
მაკფოლის თქმით, აშშ თბილისს მიუთითებს, რომ მსო-ს შესახებ მოლაპარაკებები "რუსეთთან სხვა პოლიტიკური დავების დარეგულირების მექანიზმი არ არის". მეორეს მხრივ, მოსკოვსაც მიანიშნებენ, რომ "აშშ საქართველოზე ზეწოლას არ განახორციელებს".
ობამას მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომლიც მსო-ში რუსეთის გაწევრიანების პირობებს განიხილავს. ეს საკითხი კი კონსენსუსის გარეშე ვერ მოგვარდება. მაკფოლის განცხადებით, "კონსენსუსს სწორედ სამუშაო ჯგუფში უნდა მიაღწიონ".
სავაჭრო ემბარგოსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით მაკფოლმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "მე შუამავალი არ ვარ, - განაცხადა მან, - და არც აშშ არის შუამავალი". თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ "ემბარგოს საკითხის მოგვარება შეიძლება და მოგვარდება კიდეც".
საზღვრის საკითხი კი, მაკფოლის განცხადებით, "ფუნდამენტურია". მისი არსი ის არის, რომ რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ქართველი მესაზღვრეები არ იმყოფებიან, რადგან მათ იქ არ უშვებენ, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საღვარზე კი მათი განლაგებას თბილისი ეწინააღმდეგება, რათა ამგვარად "საზღვრის ფაქტობრივი აღიარება არ მოხდეს". შედეგად, რუსული პროდუქციის მოხვედრა ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი საქართველოში, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშეც შესაძლებელია.
მაკფოლის თქმით, აშშ ამ პრობლემების გადაჭრას შემოქმედებითად უდგება. "ჩვენი აზრით, არსებობს საშუალება, რომ საზღვარზე ტვირთების გადატანის პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს".
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ "ორივე მხარეს ეუბნება, რომ ისინი მსო-ს მოლაპარაკებების ფარგლებში სუვერენიტეტის საკითხების გადაჭრას ვერ შეძლებენ". "ეს ცუდი სტრატეგიაა, ჩვენ ვერცერთ ქვეყანას მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენ ამ საკითხის პოლიტიზირების წინააღმდეგი ვართ", - დასძინა მაკფოლმა.
მაკფოლმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრით პირადად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამაა დაინტერესებული.
მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.