Nabucco-ს სპონსორები აზერბაიჯანისგან პროექტში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხს ელიან. თუ აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებაზე უარს იტყვის, კომპანიები მოლაპარაკებებს ირანთან, ერაყთან და თურქმენეთთან დაიწყებენ. განცხადება ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ იილდიზმა გააკეთა.
მისი თქმით, Nabucco-ს გაზსადენის მშენებლობის შესახებ კონსორციუმის მონაწილე კომპანიებს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია 6 ივნისს თურქეთში გაიმართება. ცერემონია უკვე რამდენჯერმე გადაიდო.
"შეთანხმების ხელმოწერა უნგრული კომპანია MOL-ის გამო უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ამჟამად ყველა საკითხი შეთანხმებულია და შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის დაბრკოლებას აღარაფერი ქმნის", - განაცხადა მინისტრმა.
"ნაბუკოს" პროექტის ღირებულება 7,9 მლრდ ევროა. გაზსადენის წლიური გამტარუნარიანობა 31 მლრდ კუბამეტრი იქნება. გაზსადენი კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით შენდება.
სპეციალურად "ნაბუკოს" მშენებლობისთვის შეიქმნა კონსორციუმი Nabucco Gas Pipeline International GmbH. ამ დროისთვის კონსორციუმის შემადგენლობაში 6 კომპანია შედის - OMV(ავსტრია), MOL (უნგრეთი), Transgaz (რუმინეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), BOTAS (თურქეთი), და RWE Gas Midstream (გერმანია).
მომზადებულია CNN Turk-ის მიხედვით.