"მოსკოვსკიე ნოვოსტი": რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ პოზიციებს იმყარებს

"მოსკოვსკიე ნოვოსტი": რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ პოზიციებს იმყარებს

ქართულ ეკონომიკურ სივრცეში რუსეთის პოზიციების გამყარების შესახებ რუსული გამოცემა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს.

სტატიაში საუბარია 3 ობიექტზე - რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე, რკინიგზასა და სახელმწიფო ენერგოსისტემაზე.

"დღევანდელი კანონმდებლობით, ამ კომპანიების 100%-იანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. მმართველი პარტიის დეპუტატები კი ამ 3 კომპანიაზე გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია უმრავლესობაშია, დიდი შანსია, რომ ცვლილებები განხორციელდება და ამ ობიექტების აქციები უცხოელებზეც გაიყიდება. ყველა ამ ობიექტის მიმართ ინტერესს მოსკოვი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე იჩენდა", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც აქციების შეძენის პირველი პრეტენდენტად რუსეთს განიხილავს.

სტატიის ავტორები გაესაუბრნენ ყველა იმ რუსული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული ობიექტების პოტენციურ მყიდველებად განიხილებიან.

რუსული კომპანია "გაზპრომის" წარმომადგენელი სერგეი კუპრიანოვი გამოცემასთან საუბარში ადასტურებს, რომ რუსულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი ძალიან სჭირდება და მისი შეძენა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"გაზპრომი" ქართული გაზსადენის შეძენისთვის ადრეც მზად იყო, როცა მისი გასხვისება მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ გადაწყვიტა. რუსული გიგანტი ქართულ მხარეს ობიექტში 150 მლნ დოლარს სთავაზობდა. მაშინ ეს გარიგება აშშ-მა ჩაშალა. ვაშინგტონს არ სურდა ქართულ ენერგომატარებლებზე რუსეთის მონოპოლია”, - წერს ”მოსკოვსკიე ნოვოსტი”.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, რუსეთის რკინიგზის ახლანდელი ხელმძღვანელი ვლადიმერ იაკუნინი ჯერ კიდევ 2004 წელს აცხდებდა, რომ მზად იყო საქართველო სარკინიგზო ხაზის პრივატიზაციაში მონაწილეობა მიეღო. რამდენად არის დაინტერესებული დღეს ამ ობიექტის შეძენით, უწყებაში ეს კითხვა უკომენტაროდ დატოვეს.

ქართული ენერგოსისტემის ობიექტების შეძენასთან დაკავშირებით, რუსულ "იტერ რაოში" გაზეთს განუცხადეს, რომ კომპანიამ საქართველოში ყველაფერი შეიძინა, რისი ყიდვაც უნდოდა, თუმცა ახალი ობიექტების შესყიდვაზე უარს არ იტყვის.

რუსული კომპანია "ინტერ რაო" სრულად ფლობს ხრამ-ჰეს1 და ხრამ-ჰეს2. ასევე ენრგოგამანაწილებელ კომანია თელასის 75%-ს", - ნათქვამია სტატიაში.

ქართული სტრატეგიული ობიექტების მოსალოდნელ ტენდერებში რუსეთის მონაწილეობას ეჭვგარეშე მიიჩნევს, ერთერთი რუსი დიპლომატი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ სურს. როგორც მან გამოცემესთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთს "ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის ისტორიული გამოცდილება აქვს. ასეთ ტენდერებში მონაწილეობა კი ქართულ-რუსულ პოლიტიკურ ურთიერთობებსაც სასიკეთოდ წაადგება - დრო ყველაფრის მკურნალია", - განუცხადა დიპლომატმა ”მოსკოვსკიე ნოვოსტის”.

მომზადებულია mn.ru-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ