ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო ფენა არ არსებობს

ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო ფენა არ არსებობს

ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში შედის, რომელთა მოსახლეობის საშუალო ფენა არ არსებობს ან მცირერიცხოვანი საშუალო კლასია, - ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" 2011 წლის პირველი ნახევრის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში.

ჯინის კოეფიციენტი, მიმოხილვის ავტორების განმარტებით, "საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და ადვილად გასაგები საზომია. ამ კოეფიციენტს საქართველოს სტატისტიკური სამსახური არ იყენებს. ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომლითაც უთანასწორობა 0-დან 1-მდე იზომება, ხშირად პროცენტის სახით 0-დან 100%-მდე გამოიხატება. ჯინის დაბალი კოეფიციენტი განაწილების მაღალ თანასწორობაზე მიუთითებს".

მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.8%-ს უდრის, საქართველოს კოეფიციენტი აჭარბებს სომხეთის კოეფიციენტს. კერძოდ - სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 30,2%-ს შეადგენს. ამასთან, რუსეთის კოეფიციენტი შეადგენს 43,7%-ს, ხოლო თურქეთის - 41,2%-ს.

საქართველოს ინდიკატორი, როგორც მიმოხილვის ავტორები აცხადებენ, ლათინური ქვეყნების ინდიკატორების მსგავსია, რომელთათვისაც დამახასიათებელია ქვეყანაში საშუალო კლასის არარსებობა ან მცირერიცხოვანი საშუალო კლასი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლიდან დაიწყო ყოველკვარტალური ანგარიშის - "საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა" გამოცემა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ყოველკვარტალურ გამოცემებში წარადგენს. თითოეულ გამოცემაში მთავარი ფოკუსი გაკეთებული იქნება ერთ მთავარ თემაზე, რომელიც დეტალურად იქნება განხილული.

ამასთან, ყველა გამოცემაში გაანალიზებულია ეკონომიკის ისეთი ასპექტები, როგორებიც არის მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაცია და უმუშევრობა, საგარეო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის ბიუჯეტი და ფისკალური და მონეტალური პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საბანკო სექტორი, ასევე, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივიდან.

პირველი გამოცემის მთავარი თემა კი, უთანასწორობა და ჯინის კოეფიციენტია.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ