საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #4 ბრძანებაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ბრძანება ეხება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
"პრესაში აურზაური იმის გამო ატყდა, რომ ადრე მოქმედდი რეგულაცია არავის ჰქონდა წაკითხული. საუბარია 2 დოკუმენტზე – "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონზე და აქედან გამომდინარე, "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" დებულებაზე. 2011 წლის 20 დეკემბრის ცვლილებებით "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მთელ ტექსტში ტერმინი "საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი" შეიცვალა ტერმინით "კლიენტი", რამაც განაპირობა კანონის ცალკეული მუხლებისა და მათ შორის, მე–6 მუხლის რედაქციის შეცვლაც.
აღნიშნულ კანონშიც და შესაბამისად, "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" დებულებაშიც (2004 წლის 25 ივლისის #95 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში) ცვლილება შევიდა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, ბრძანება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ.
"კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #4 ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.
დოკუმენტის მიხედვით, ბანკებს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან იგივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, რაც გასულ წელს. 2011 წელს ასეთ პირებთან ბანკების ურთიერთობის დეტალიზაცია 2010 წლის 27 მაისის ბრძანებით მოხდა.
ახალი დებულების მიხედვითაც, ისევე როგორც ძველის თანახმად, 2012 წელსაც კომერციული ბანკები ვალდებულები არიან გამოარკვიონ მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.
"თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, ბანკმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი", - ნათქვამია ბრძანების მეშვიდე მუხლში.
ბრძანების მიხედვით, ბანკს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.