ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა საქართველოს ეკონომიკის საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრება.
- ბატონო ლადო, როგორ ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში?
- ჯერ ტერმინზე გავამახვილებ ყურადღებას: ქართულ ენაში 1990-იან წლებში შეცდომით დამკვიდრდა ტერმინი "მთლიანი შიდა პროდუქტი", ეს არის კალკი რუსული ტერმინისა "ვნუტრენნიი ვალოვოი პროდუკტ". სწორია: "მთლიანი შიგა პროდუქტი", რადგან ლაპარაკია ქვეყნის შიგნით და არა "შიდნით" შექმნილ პროდუქციაზე. ჩემი აზრით, ეს არის ქართული ენის დამახინჯება. ახლა რას ნიშნავს ეს ტერმინი: ის აღნიშნავს ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებათა ჯამს. ეკონომისტები, გარდა მთლიანი შიგა პროდუქტისა, იყენებენ მთლიანი ეროვნული პროდუქტის ცნებასაც.
ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნებაა: მთლიანი შიგა პროდუქტი აჩვენებს მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილ დამატებულ ღირებულებათა ჯამს, ხოლო მთლიანი ეროვნული პროდუქტი - მოცემული ქვეყნის რეზიდენტების მიერ შექმნილ დამატებულ ღირებულებას. მთლიანი ეროვნული პროდუქტის დათვლა საკმაოდ რთულია და საქართველოს სინამდვილეში ასეთი რამ არ ხდება, ამიტომ, როგორც წესი, გამოიყენება მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელი, ხოლო საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება ორივე მაჩვენებელი - მთლიანი შიგა პროდუქტიც და მთლიანი ეროვნული პროდუქტიც. რთულია მთლიანი შიგა პროდუქტის დათვლაც, რადგან აქ ბევრი სხვადასხვა ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ.
მაგალითად: დღეს ჩინეთმა მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობით აშკარად გაუსწრო იაპონიას, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ეკონომიკა უფრო ძლიერია, ვიდრე იაპონიისა? - ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, ეკონომისტებმა გადაწყვიტეს, მთლიანი შიგა პროდუქტი გაიყოს მოსახლეობის რაოდენობაზე. ამ მაჩვენებელს ჰქვია მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე. თუ ამ მაჩვენებლის მიხედვით განვიხილავთ ზემოხსენებულ ქვეყნებს, აღმოჩნდება, რომ ჩინეთის ეკონომიკა სულაც არ არის უფრო ძლიერი, ვიდრე იაპონიისა. რატომ? - როგორც კი გავყოფთ ჩინეთის მიერ შექმნილ მთლიან შიგა პროდუქტს მოსახლეობის რაოდენობაზე, გამოვა, რომ მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული პროდუქტის მოცულობით იაპონია გაცილებით ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე ჩინეთი.
- ცნობილია, რომ საქართველოში მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოწინავე ქვეყნებში, ხოლო ფასები - საკმაოდ მაღალი.
- ჩვენთან ეს მაჩვენებელი ნაკლებია მარტო მოწინავე ქვეყნებთან კი არა, მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც. ის, რომ მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში ნაკლებია, მიუთითებს საქართველოს ეკონომიკის სისუსტეზე, რაც შეეხება ფასების დონეს, ეს ძალზე ბევრი ფაქტორით არის განპირობებული: პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკა არის დეფიციტური ეკონომიკა. ავიღოთ ჩვენი საგარეო-სავაჭრო ბალანსი: იმპორტი 4-ჯერ მეტია ექსპორტზე. 2011 წლის შედეგების შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამაყობდა, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 39 პროცენტით გაიზარდაო, თუმცა არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოც 32 პროცენტით გაიზარდა, ანუ 1/3-ით გაუარესდა.
რაც შეეხება ექსპორტს, ექსპორტის 1/3% მოდის იმაზე, რასაც საქართველო არ აწარმოებს, ან წელს არ უწარმოებია. პირველი ადგილი საექსპორტო პროდუქციაში ავტომობილებს უკავია. მოდი, დავფიქრდეთ, საქართველო არის ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა? - რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში ეს ექსპორტი კი არ არის, რეექსპორტია: საქართველოში შემოდის მანქანები ევროპიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან და შემდეგ გაედინება სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამასთანავე, თუ ავიღებთ ჯართს, რომელიც ასევე საქართველოდან გაედინება, ეს არის არა მარტო ქართული წარმომავლობის ჯართი, არამედ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოტანილი, რადგან მათ შავი ზღვით რომ გაიტანონ ეს ჯართი, ჯერ საქართველოში უნდა შემოიტანონ. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ჩვენი ექსპორტის თითქმის მესამედი უკავია ავტომობილებს და ჯართს. ეს არის ჩვენი ექსპორტის ზრდა? ამით ამაყობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი?!
- დამტკიცდა 2012 წლის ახალი სამომხმარებლო კალათა, რომელიც ასევე ძალიან მწირია სხვა ქვეყნების სამომხმარებლო კალათებთან შედარებით.
- საერთოდ, სამომხმარებლო კალათა აჩვენებს, თუ რას ყიდულობს მოსახლეობა თავისი შემოსავლებიდან. ამ კალათის საფუძველზე ხდება ფასების გაანგარიშებაც, ანუ ინფლაციის დონის განსაზღვრა. ყველა ქვეყანას აქვს ისეთი სამომხმარებლო კალათა, რომელიც მისი განვითარების დონეს შეესაბამება, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის სამომხმარებლო კალათაში არის ცალკე კალათა, რომელსაც სასურსათო კალათა ჰქვია. არა მარტო ჩვენს სამომხმარებლო კალათას, არამედ სურსათის კალათასაც თუ დავაკვირდებით, იქაც სავალალო მდგომარეობაა: მისი 80 პროცენტი არის იმპორტული საქონელი. დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც ეკონომისტებმა აგფლაცია დაარქვეს. ეს არის ტერმინი, რომელიც აგრარული პროდუქტების გაძვირებას აღნიშნავს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიძლება ხორბალი გაძვირდეს.
ჩვენ ხომ, ძირითადად, იმპორტულ ხორბალს მოვიხმართ და თუ ის მთელ მსოფლიოში ძვირდება, საქართველოშიც გაძვირდება. კიდევ რა უწყობს საქართველოში ხელს ინფლაციას და აგფლაციას? - ის, რომ საქართველოს მთავრობამ აირჩია ქვეყნის ცალმხრივი განვითარების გზა და ეს გამოიხატება მხოლოდ ტურიზმის ხელშეწყობაში. მე ადრეც მითქვამს: ტურისტს, რომელიც ჩამოდის საქართველოში, ესაჭიროება სრულფასოვანი მომსახურება, რომელშიც შედის, სულ ცოტა, სამჯერადი კვება, ანუ, ქვეყანაში ჩნდება დამატებითი მოთხოვნა კვების პროდუქტებზე. გარდა ჩვენი მოსახლეობისა, ტურისტსაც ხომ სჭირდება კვება? ამ დროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები, სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ. უფრო მეტიც, სოფლის მეურნეობაში კატასტროფული ვითარება გვაქვს: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 57 პროცენტი ცხოვრობს სოფლად და ქმნის მთლიანი შიგა პროდუქტის მხოლოდ 8 პროცენტს.
ესე იგი, რა გამოვიდა? - აგრარული სექტორი მოშლილია და ამ დროს ტურიზმის განვითარებას ვუწყობთ ხელს. ასეთ პირობებში შემოსული თითოეული ტურისტი კი აგფლაციური პროცესის ხელშემწყობი ხდება. იმისათვის, რომ მათ ნორმალურად მოვემსახუროთ, ქვეყანამ უნდა განახორციელოს სასურსათო პროდუქტების იმპორტი. სურსათი კი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ძვირდება, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს აგფლაციის იმპორტი, ასე რომ, საქართველოში სასურსათო კალათა თანდათან ძვირდება, შესაბამისად, ძვირდება სამომხმარებლო კალათაც. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი მთავრობის არაგონივრულმა პოლიტიკამ.
- ბატონო ლადო, რა იგულისხმება "არაგონივრულ პოლიტიკაში"?
- გავიხსენოთ ისეთი მოვლენები, როგორიც იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება, ხომ შეეძლო თბილისის მერიას ეს თანხა თავისი ბიუჯეტიდან დაეფარა? მაგრამ - არა! - მერიამ გადაწყვიტა, რომ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ. ამას დაემატა თუნდაც დასუფთავების საფასურის გაზომვა კილოვატ/საათებით და, პრაქტიკულად, ყველას მოგვემატა გადასახდელი თანხა, რადგან ტარიფი გაიზარდა. ახლახან შემოიღეს 20-თეთრიანი ტარიფი ე.წ. 112-ისათვის, ანუ იმ ზარისათვის, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას შეიძლება სულაც არ დასჭირდეს და ა.შ.... მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ეს ხომ დამატებითი ხარჯებია, რომელიც არ შედის სასურსათო კალათაში, მაგრამ შედის სამომხმარებლო კალათაში? ანუ, მთავრობის უგუნური პოლიტიკა ხელს უწყობს სამომხმარებლო კალათის გაძვირებას. საბოლოო ჯამში კი გვაქვს ინფლაცია, რომლის მაჩვენებლებიც შელამაზებული და შემცირებულია.
თანაც, მთავრობა ახალ-ახალ საშუალებებს იგონებს, განსაკუთრებით კი - თბილისის მერია, რომელიც მგონი, ცდილობს, 21-ე საუკუნის თომას ედისონის ფუნქცია იკისროს და გამოიგონოს რაღაც ისეთი, რაც ბუნებაში არ არსებობს. გატარებული ღონისძიებები კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციას უწყობს ხელს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ წინ გვაქვს არჩევნების წლები. ყველაზე მძიმე მაინც 2012 წელია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ექნება თუ არა სააკაშვილს შესაძლებლობა, გახდეს პრემიერ-მინისტრი, ანუ ექნება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი იქნება პოპულისტური დანახარჯებიც. სწორედ ამგვარი დანახარჯების გამოა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად არ ვითარდება, ხოლო მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე კვლავაც დაბალია.
ცნობისათვის
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, 2011 წელს საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობა 14 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, რაც მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 3 150 დოლარს შეადგენს. მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის რაოდენობის მიხედვით ცოტა ჩამოვრჩებით მაროკოს, პარაგვაის, კამბოჯას და ვუსწრებთ სომხეთს, სადაც მშპ ერთ სულზე 3 ათასი დოლარია. ამ მხრივ საქართველო ჩამორჩება აზერბაიჯანს, სადაც მშპ ერთ სულზე 10 340 დოლარია, რაც შეეხება მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების მოსახლეობას, მათ შემოსავალზე ოცნებაც კი ძნელია. ასე მაგალითად: ყატარში მშპ ერთ სულზე 88 383 დოლარია, ლუქსემბურგში - 81 383, სინგაპურში - 56522, აშშ-ში - 47 284, ხოლო კანადაში - 38 200. არანაკლებ მაღალია მშპ ერთ სულზე ევროპის ქვეყნებში: იტალიაში - 37 935, გერმანიაში - 37 935, ინგლისში - 32 798 და ა.შ.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)