დიდი ფასდაკლებების ბუმი ევროპაში

დიდი ფასდაკლებების ბუმი ევროპაში

ჩვენი რუბრიკისთვის ამჯერად იანვრის ყველაზე ცხელი ევროპული მოვლენა - ფასდაკლებები შევარჩიეთ. მთელი ევროპა შემოდგომიდან მოყოლებული ელოდება ამ დღეებს და ზამთრის შუა რიცხვებში დაწყებული ე.წ "სეილები" მათ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ზოგს ელექტროსაქონელი აქვს შეგულებული, ზოგიც ავეჯზე ფასდაკლებას ელოდება ნახევარი წელი, უფრო მეტად კი მაინც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ხეირობენ. ფასდაკლებების პირველ დღეს პარიზი მთლიანად იცვლება, მთელი ქალაქი ქუჩაშია გამოსული, ამას ემატება მილიონობით ტურისტი და ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ხდება პარიზულ "ბუტიკებში".

სანამ პარიზსა და მის "სოლდებზე", ანუ ფასდაკლებებზე გიამბობდეთ, მოდი მანამდე თვალი მთელ ევროპას გადავავლოთ.

ლონდონელები "სეილებში" პირველები არიან, სწორედ მათ გახსნეს ზამთრის სეზონი, აქ ფასდაკლებები შობის მეორე დღეს, ანუ 26 დეკემბერს დაიწყო და 31 იანვრამდე გაგრძელდა. ლონდონი ევროპაში ყველაზე ძვირი ქალაქია, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაზე ელეგანტურ და ექსტრავაგანტულ სამოსს მხოლოდ ამ ქალაქში თუ შეიძენთ. "სეილებზე" იქ ფასები უმნიშვნელოდ იკლებს, მაგრამ ინგლისელები მაინც პოულობენ საინტერესო ფასად სასურველ ნივთებს. მაგალითად, ოქსფორდ სტრიტზე მდებარე მაღაზია "ტოპ შოპში" ფასები 5 ევროდან იწყება და საკმაოდ ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვის, სამკაულების მაღაზია "ჰოქსბონში" კი 7-დან 30 ევრომდე შეიძლება ორიგინალური ბიჟუტერიის შეძენა, თანაც იმდენად ორიგინალურის, რომ მათ შესაძენად მაღაზიას თურმე მადონა და ბიორკიც კი აკითხავენ.

რაც შეეხებათ იტალიელებს, იქ ფასდაკლებები რეგიონების მიხედვით იწყება, განრიგი იტალიელებმა ზეპირად იციან და კარგადაც იყენებენ. იტალია მოდის ქვეყანაა, შესაბამისად, იქ ყველაზე მეტად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება. მაღაზიები 80%-ითაც კი აკლებენ ფასებს ბოლო კვირაში.

გერმანიაში ფასდაკლებები ყველაზე ცოტა ხანს გრძელდება, დაახლოებით ათი-თხუთმეტი დღის განმავლობაში მაღაზიები 50-პროცენტიან ფასდაკლებებს აცხადებენ და გერმანელებიც განსაკუთრებით ჩქარობენ. რაც შეეხება ესპანეთს, ფასდაკლებები 7 იანვარს იწყება და 7 მარტს მთავრდება. ფასები აქაც საკმაოდ დაბალია. ბარსელონაში შევაჭრებაც "მოსულა".

თუმცა დავუბრუნდეთ საფრანგეთს, ზამთრის ფასდაკლებების ყველაზე ცხელ ადგილს მთელ ევროპაში. წელს ფასდაკლებები საფრანგეთში საკმაოდ ორიგინალურად დაიწყო, ქალაქ ლიონის ერთ-ერთმა მაღაზიამ გამოაცხადა: "მოდით საცვლებში და წადით ჩაცმულები". მაღაზიის მფლობელები არ ელოდნენ, თუ ეს რეკლამა ასე გაამართლებდა - რიგები მაღაზიის წინ წინა საღამოს დაიწყო, ხალხმა ღამე გაათენა. დილის რვა საათზე ყველამ ერთად გაიძრო სამოსი და ნახევრად შიშველი ადამიანების ნაკადმა მაღაზიაში იხუვლა. ზოგიერთს განსაკუთრებით გაუმართლა და დაახლოებით 2000 ევროს ღირებულების ტანსაცმელი სრულიად უფასოდ გამოიტანეს, იცვამდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ, ზომებსაც კი არ აკვირდებოდნენ.

ყველაზე მეტად საფრანგეთში მაინც ელექტროსაქონელს "უსაფრდებიან", რადგანაც მათზე ფასები ნახევრდება. გაიღება თუ არა მაღაზიები, ხალხი შიგნით შეიჭრება და წინასწარ შეგულებულ ნივთს ხშირად ზემოდანაც კი აჯდებიან, რომ სხვამ არ წაატანოს ხელი. ასევე საინტერესო სანახაობაა ფასდაკლებები საქორწინო კაბებზე. ყველაზე დიდი ქაოსი კი მაინც ტანსაცმლის მაღაზიებშია.

ახალგაზრდებისა და ტურისტებისთვის პარიზში ყველაზე საინტერესო სავაჭრო ცენტრი "გალერი ლაფაიეტია". უამრავი მარკის ტანსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები, ოქროს ნაკეთობები თუ პარფიუმერია ამ მრავალსართულიან შენობაში თვალისმომჭრელად გამოიყურება, პეიზაჟს მხოლოდ ფასები "აფუჭებს", რამდენიმე ასეული ევროს პატარა ხელჩანთაში ან თუნდაც კოსმეტიკურ საშუალებებში გადახდა აქ ბუნებრივია და არც არავის უკვირს.

ელისეს მინდვრებზეც იგრძნობა ფასდაკლებების დაწყება. ელიტურ ფრანგულ ბრენდებზე 30%-ის დაკლება ფრანგებისთვის დიდი შეღავათია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 1000-ევროიანი ფეხსაცმლის გასინჯვისა და მასში ფოტოს გადაღების მსურველ ტურისტებს ბუტიკებში არ უშვებენ, მუზეუმების მსგავსი მაღაზიები ასეთ დროს ძირითადად მხოლოდ ერთგულ კლიენტებს ემსახურებიან და ფასებსაც მხოლოდ მათ უკლებენ.

ფრანგები ყოველთვის ცდილობენ ეკონომიურად დახარჯონ საკუთარი ბიუჯეტი, მაშინაც კი, როცა ყველაფრის ფასი ნახევრდება, ამიტომაც სიამოვნებით დადიან ისეთ მაღაზიებში, სადაც ყველანაირი ზომისა და გემოვნების ადამიანი იპოვის სამოსს. ასეთია, მაგალითად, მაღაზია "ობენი", დიდ ფართობზე განთავსებული და ნებისმიერ დროს მყიდველებით გადავსებული. ასეთ მაღაზიებში საფრანგეთში ყველაზე დაბალ ფასად - ერთ, ორ და სამ ევროდ შეიძენთ მაისურებს, პიჯაკებს, კაბებს, ქურთუკებსა თუ ფეხსაცმელებს. უფრო მეტიც, 50 ცენტადაც კი იყიდით აბრეშუმის ბლუზებსა თუ ქიშმირის ჟაკეტებს. ზომები, ფერები, დიზაინი ყველანაირია და, როგორც იტყვიან, თავიდან ფეხებამდე შემოსვაა შესაძლებელი.

ზოგიერთი მაღაზია ფასდაკლებების ბოლო კვირას მყიდველებს სთავაზობს აქციას: "იყიდე ერთი და წაიღე 5 საჩუქრად". ანუ, თუ, მაგალითად, 50 ევროდ ქურთუკს შეიძენთ, მის საფასურზე იაფად ღირებულ ხუთ ნივთს საჩუქრად მოაყოლებენ, ასე რომ, 50 ევროდ ექვსი ხელი ტანსაცმლით დაბრუნდებით შინ.

დიანა ჭანკოტაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ