მაშინ, როდესაც საბერძნეთში უსახლკაროთა რაოდენობა იზრდება და სკოლებში საწვავის მარაგის უქონლობის გამო, ბავშვები გაყინულ ოთახებში სწავლობენ, საბერძნეთის პარლამენტის 300 დეპუტატი მაღალი ხელფასების აღებას აგრძელებს. ბერძენული პრესა პარლამენტარების ყოველთვიურ შემოსავლებს აქვეყნებს და საბერძნეთის ეკონომიკური ვარდნის 5 წლიან ფონზე მიანიშნებს.
აღმოჩნდა, რომ ბერძენი დეპუტატების ყოველთვიური ხელფასი 8 594 ევროა. გარდა ამისა, პრემიის სახით, ისინი საშობაოდ 500 ევროს, სააღდგომოდ 250 ევროს და შვებულებისთვის - 250 ევროს იღებენ.
თითოეულ მათგანს 4 მდივანი და 1 მრჩეველი ემსახურება. ყველა დეპუტატი 4 სატელეფონო ხაზით სარგებლობს, რომლის ხარჯი წელიწადში 3300 ევროა.
დეპუტატისთვის უფასოა მგზავრობა მუნიციპალური ტრასპორტით. მათ საცხოვრებელ ხარჯებს სახელმწიფო ყოველთვიურად 1000 ევროთი ანაზღაურებს.
ბერძენი დეპუტატები სარგებლობენ უპროცენტო კრედიტებით. 65 წელს გადაცილებული პარლამენტის ყოველი წევრი, პენსიის გარდა, კომპენსაციასაც იღებს.
გარდა ამისა, საბერძნეთის პარლამენტის წევრს 4 წლიანი მუშაობის შემდეგ უკვე პენსია ენიშნება. პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, არ გაამხილონ მათი ქონებრივი მდგომარეობა.
პარლამენტის სხდომაზე ყოველ დასწრებაში მათ სახელმწიფო 150 ევროს უხდის. წელიწადში, საშუალოდ, ასეთი სხდომა 740-ჯერ იმართება და მას პარლამენტის 250-მდე წევრი ესწრება. ერთი წლის განმავლობაში თითო დეპუტატი საპარლამენტო კომისიის წევრობისთვის 15 752 ევროს იღებს.
ყველა ბერძენი დეპუტატი, საქმიანი ვიზიტის დროს, 5 ვარსკლავიან სასტუმროში ჩერდება, რის ხარჯებსაც ასევე სახელმწიფო ანაზღაურებს. დეპუტატების შვილებისთვის ფუნქციონირებს ცალკე ბაგა- ბაღი.
ახლახან პარლამენტმა ქვეყანაში სახელფასო მინიმუმი, რომელიც 751 ევრო იყო, 22%-ით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება საბერძნეთის რიგით მოქალაქეთა ჯიბეზე უარყოფითად აისახა, თუმცა პარლამენტის 300 წევრს ცვლილებები არ შეხებია.
მომზადებულია digitaljournal.com-ის მიხედვით.