მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში მსოფლიოს ყველაზე დიდი მშენებელია ჩამოსული

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში მსოფლიოს ყველაზე დიდი მშენებელია ჩამოსული

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ბათუმში "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციას დასწრენენ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, წლის ბოლომდე ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებული იქნება და ამის შემდეგ მშენებლობის აქტიური სტადია დაიწყება.

"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიდი ბუნებრივი რესურსები - ნავთობი და გაზი და როგორც წესი სწორედ ის ქვეყნები აშენებენ ასეთ რაღაცეებს. რა არის საქართველოს ფენომენი, რომ ამ პატარა ქვეყანაში, გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში შენდება 21-ე საუკუნის ეს სასწაული და ჩამოდიან ასეთი სახელები. ამაზე მეტი დიდი სახელი მსოფლიოში ამ სფეროში არ არსებობს, როგორიცაა დონალდ ტრამპი. ჩვენი მთავარი რესურსი არის ჩვენი ხალხი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი არა მხოლოდ დიდი სახელია, არამედ ის არის ძალიან დიდი პიროვნება.

"საქართველოში მსოფლიოს ყველაზე დიდი მშენებელი, ყველაზე დიდი დეველოპერია ჩამოსული. არსებობენ დიდი სახელები, არსებობენ პიარის პროდუქტები და არსებობენ დიდი პიროვნებები, რომლებიც შეესაბამებიან თავის სახელს. არსებობს ბევრი დიდი სახელი, თუმცა, ტრამპი არის თითქმის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მთლიანად შეესაბამება თავის სახელს და კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მისი სახელი, როგორც პიროვნება", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რეალურად ახალი ამერიკა არის სწორედ დონალდ ტრამპის აშენებული.

"ამერიკა ახალი ქვეყანაა და როცა ახალ ქვეყანას ახლიდან ვიღაც აშენებს, ამას დიდი ხედვა უნდა. ჩვენ ძველი ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენც ახლიდან გვჭირდება აშენება. ამიტომ თუ ვინმეს აქვს დიდი ხედვა ამ სფეროში, თუ ვინმეს ჩამოსვლა სადმე არის პასპორტი და ვიზა ქვეყნის წარმატების, თუ ვინმე ზუსტად შეესაბამება ჩემს ფილოსოფიას, ეს არის დონალდ ტრამპი. ეს არის ადამიანი, რომელიც მიდის რისკზე, ბედავს, არ უჯერებს პესიმისტებს, ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ დასცინეს და გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დასრულებულია, ყოველთვის დაბრუნდა უკან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იმყოფებოდეს საქართველოში. მან ქართველ ხალხს და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტს ამ პროექტის დაწყება მიულოცა.

"ტრამპ თაუერის" პროექტი არქიტექტურული ფირმა John Fotiadis Architect-ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.

"ტრამპ თაუერის" მშენებლობაში საქართველოში ტრამპის პარტნიორი კომპანიის "სილქ როუდ ჯგუფის" ინვესტიცია ჩაიდება. კომპანიის ხელმძღვანელის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, საქართველოში შემოდის ტრამპის ბრენდი, რომელიც არის "სილქ როუდ ჯგუფი". მისი თქმით, "სილქ როუდ ჯგუფი" უზრუნველყოფს როგორც დაფინანსებას, ისე პროექტების განხორციელებას.

დონალდ ტრამპი საქართველოს ვიზიტით გუშინ ეწვია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა