დედაქალაქის მერია ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა , დოკუმენტები კი შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია მზად არის ვახუშტი ბაგრატიონიოს ქუჩის რეაბილიტაციაზე 566 000 ათასი ლარი დახარჯოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 4 ივლისს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ დაზიანებული ბეტონის საფარის ფრეზირება, მოხნსა და გატანა, ასევე, ბაზალტის ახალი ბორდიურის მოწყობა უნდა მოახდინოს. ასევე, გზის ნაწიბურებზე თხევადი ბიტუმი უნდა მოასხას, ტროტუარი მოაწყოს, ჯირკები ამოძირკვოს და ა.შ.
კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები განახორციელებენ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, თუ რაიმე წუნი აღმოჩნდება და თუ დადგინდა, რომ ეს წუნი და დეფექტი უხარისხო შესრულებით არის გამოწვეული, კომპანია ვალდებული იქნება, ისინი საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას.