პური 10 თეთრით გაიაფდა და, შესაძლოა, გაზაფხულზე კიდევ გაიაფდეს

პური 10 თეთრით გაიაფდა და, შესაძლოა, გაზაფხულზე კიდევ გაიაფდეს

სამშაბათიდან სავაჭრო ობიექტების ნაწილში პური 10 თეთრით გაიაფდა. ქართველი მეწარმეები აცხადებენ, რომ ფქვილის იმპორტი გაიხსნა და ამით ბაზარი წნეხისგან გათავისუფლდა. საფასო ცვლილებას მეპურეები ახალი ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ფქვილის შემოტანა ნებადართული გახდა და ხელოვნურად ფასს უკვე ვეღარავინ დაადგენს.

ქართული პურკომპანიების წარმომადგენლები არც იმას გამორიცხავენ, რომ მორიგი საფასო ცვლილება გაზაფხულიდანაც განხორციელდეს და ფასმა კიდევ 10 თეთრით დაიკლოს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

რაც შეეხება პურის ფქვილის ფასს ადგილობრივ ბაზარზე, ჯერჯერობით არ შეცვლილა და ამ დროისთვისაც 42-44 ლარის ფარგლებშია.

კომპანია "იფქლის" დირექტორის მოადგილე ბაქარ ბაკურაძე განმარტავს, რომ იმპორტის გახსნამ ფასი მეტ-ნაკლებად დაარეგულირა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

"ბოლო 2-3 წელია, ფქვილის შემოტანა აკრძალული გვქონდა, შესაბამისი ნებართვა არ არსებობდა. ახალმა მთავრობამ განიხილა ეს საკითხი და ფქვილის იმპორტის დაშვებით საშუალება მოგვცა ფასი პროგნოზირებადი გაგვეხადა.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ პურის გაიაფებაზე წარმოდგენაც კი ჭირდა, მაგრამ ახლა მომავალი თვეების პროგნოზირებაც შესაძლებელია. ჩემი ვარაუდით, მორიგი საფასო ცვლილება გაზაფხულიდანაც განხორციელდება და არ არის გამორიცხული პური კიდევ 10, მინიმუმ 5 თეთრითაც გაიაფდეს",- აცხადებს ბაკურაძე.

გაიაფების მიუხედავად, პურს ზოგიერთ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში "ძველ ფასადაც" ყიდიან, რის გამოც მომხმარებელს პროდუქტის შეძენა კვლავ ძვირად უწევს. ბაქარ ბაკურაძის თქმით, მაღაზიების მეპატრონეები ფასებს თვითნებურადაც ადგენენ, რის გამოც დედაქალაქის მაშტაბით, პური განსხვავებულ ფასში იყიდება.

"ფასის სხვაობა სავაჭრო ობიექტების პრობლემაა. პური სულ ახლახან გაიაფდა და ფასიც ნელ-ნელა დარეგულირდება. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პროცესს კონტროლი გაეწევა, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება",- დასძენს ბაკურაძე.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეწარმეების ნაწილი პურის გაიაფებას ჯერ კიდევ არ გეგმავს. კომპანია "მარგის" მენეჯერის ინფორმაციით, ჯერჯერობით კომპანიაში პურის ფასი არ შეცვლილა.

"პურის ფქვილს ჯერაც ძვირად ვიძენთ და ვერ გავაიაფებთ. თუ პური ქვეყნის მასშტაბით გაიაფდება, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება. ამ ეტაპზე 1 პურს 0,90 ლარად ვყიდით. ეს არის 500-გრამიანი პური. შეძენილი მარაგი კიდევ 1 კვირას გვეყოფა, შემდეგ, ალბათ, საფასო ცვლილებებს, თუ აუცილებელი გახდა, ჩვენც ავსახავთ",- აცხადებს "მარგის" წარმომადგენელი.

ანალოგიური მდგომარეობაა "პურის სამყაროშიც", რომლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, კომპანია არსებულ ფასს ჯერჯერობით ინარჩუნებს.

წისქვილკომბინატების ასოციაციის თავჯდომარეს, ლევან სილაგავას პურის მოულოდნელი გაიაფება ცოტა არ იყოს უკვირს. ის არ გამორიცხავს, რომ ასეთი ცვლილება კონკურენციის ფაქტორითაც იყოს გამოწვეული.

"პურის გაიაფება არის სასიამოვნო და ცოტა გასაკვირი ფაქტორიც. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ფქვილის ფასი არ შეცვლილა და ამ ეტაპზეც 44 ლარამდეა. ალბათ გახსოვთ, როგორც კი პურის ფქვილი 44 ლარამდე გაძვირდა, პურზე ფასის ზრდა გარდაუვალი გახდა. ახლაც იგივე ვითარებაა, მაგრამ პური მაინც გაიაფდა. წისქვილკომბინატებშიც ის ფასია, რაც გაძვირებამდე იყო.

ძალიან მიკვირს, სად არის 6 ლარით ნაკლები პურის ფქვილი, რომელზეც მეპურეები ჯერ კიდევ ოქტომბერში აცხადებდნენ. თუ კონკრეტულად "იფქლის" მაგალითით ვიმსჯელებთ, მას აქვს ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები, საკმაოდ მაღალი დონის, რომ ხარჯის შემცირება მოახერხოს. ამასთან, "იფქლს" აქვს თავისი დისტრიბუციაც, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, არ გამოვრიცხავ, პურის გაიაფება კონკურენციის ფაქტორითაც იყოს გამოწვეული",- აცხადებს სილაგავა.

პურის გაიაფების შესახებ ყველაზე ნაკლები კითხვები მომხმარებლებს აქვთ. ფასის დაწევამ ისინი დააიმედა კიდეც, რომ ამით გარკვეული დანაზოგის გაკეთებას შეძლებენ და გარკვეული შეღავათიც ექნებათ.

"პურზე გაგზავნილმა ბავშვმა ხურდა უკან რომ მომიბრუნა. გავოცდი, ისიც კი ვიფიქრე, გამყიდველს შეეშალა-მეთქი, იმდენად მოულოდნელი იყო. რატომღაც მუდმივად მქონდა შიში, რომ კიდევ არ გაძვირებულიყო. ძალიან ცოტა ხელფასი მაქვს და 5-თეთრიანი გაიაფებაც რაღაც შეღავათია.

ნაკლებად მგონია, რომ პური შემდგომშიც გაიაფდეს, თუმცა ამ ცვლილებებითაც კმაყოფილი ვარ. ყოველდღიურად 3-4 პურის ყიდვა მაინც მიწევს და 40 თეთრით ნაკლების გადახდა არც თუ ცოტაა",- ამბობს თბილისელი მზია ქალდანი.

"პურის გაიაფებას ნამდვილად არ ველოდი. ჯერჯერობით მე ისევ 80 თეთრად ვიყიდე, რადგან ჩემი უბნის მაღაზიაში პური ჯერ არ გაიაფებულა. ამ ცვლილებების შესახებ სამსახურში შევიტყვე და ძალიან გამიხარდა. როცა პური და ყოველდღიური მოხმარების სხვა პროდუქტიც იაფი ეღირება, თანხის დაზოგვის მეტი შესაძლებლობა მექნება",-ამბობს ცირა კურდღელია, დევნილი პედაგოგი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ