სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წინა წელთან შედარებით გაიაფებულია. "საქსტატი" თებერვლის თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2013 წლის თებერვალში, 2012 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -2,1 პროცენტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 3,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,97 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13,1 პროცენტი), თევზეული (8,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,9 პროცენტი),ზეთი და ცხიმი (2,0 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 7,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,60 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,9 პროცენტი), საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (7,9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (1,8 პროცენტი).
დასვენება-გართობისა და კულტურის ჯგუფზე ფასები შემცირდა 3,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა აუდიოვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობებზე (14,4 პროცენტი).
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9