რამდენით გაიაფდება საწვავი საქართველოში - ხელისუფლება ნავთობმონოპოლისტების შესწავლას იწყებს

რამდენით გაიაფდება საწვავი საქართველოში - ხელისუფლება ნავთობმონოპოლისტების შესწავლას იწყებს

პარლამენტი გადაწყვეტილებით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფარგლებში შეიქმნა კონკურენციის სააგენტო, რომელიც ოფიციალურად 15 აპრილს ამოქმედდება. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, სააგენტო ერთ-ერთ პირველ საკითხად საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლას დააწესებს.

კომენტარისთვის "ალია" დავით ონოფრიშვილს დაუკავშირდა:

- წლების მანძილზე არსებული მონოპოლისტური ფასები, კარტელური შეთანხმებები მთელ რიგ ბიზნესშებში კიდევ დარჩა, მათ შორის საწვავის სფეროში, რომელიც ყველაზე პოლიტიზებული იყო. უნდა იქნას გამოკვლეული, როგორ ხდება ფასწარმოქმნა. საზოგადოებამაც უნდა იცოდეს და თუ რამე ისეთია, შესაბამისი ზომაც იქნეს მიღებული. რადგან ამ ტიპის სამსახური არ არსებობდა, ამიტომაც ახლა, როცა ის იქმნება, მათთვის პრიორიტეტი იქნება, შეისწავლონ კარტელური შეთანხმებები და მონოპოლიზებული ბაზარი. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კვლევის შედეგად, ფასწარმოქმნის მექანიზმებზე იმუშავებენ, რამდენად ობიექტური იქნება ეს ფასი და ა.შ.

- პირდაპირ შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ამ კვლევის შედეგად საწვავი და წამლები გაიაფდება?

- ძალიან ძნელია ახლა მაგის თქმა, თუ ასეთი რამე არსებობს ბაზარზე და ფასები ხელოვნურია, იმის იმედი მაქვს, რომ ეს სამსახური კვალიფიციურად იმუშავებს და შედეგებს მალე დავინახავთ.

- უნდა შეგახსენოთ წინასაარჩევნო დაპირება, მათ შორის ყველაზე მყვირალა - საწვავის გაიაფება და კომუნალურების ფასების დაწევა.  მერე მოხვედით ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოიხადა, ვიჩქარე, მეტად გაიაფება არ შეგვიძლიაო. ახლაც ვერ იძლევით კონკრეტულ დაპირებას. კვლევა არც მაშინ გქონდათ ჩატარებული, ისე იჩქარეთ დაპირების გაცემა?

-მე შემიძლია გითხრათ, რომ გაიაფდა კომუნალური გადასახადი, დენს ნაგავი მოსცილდა, გაზიც შედარებით გაიაფდა. ელექტროენერგიისაც მცირედით გაიაფდა, ასე რომ, საწვავის ფასი, ყველა კომპანიას რომ ერთნაირი ჰქონდა, ასეც აღარ არის. ვიღაცები ცდილობენ, სხვა ფასიც იყოს ბაზარზე. ასე რომ, მთალად ისეც არაა, თქვენ რომ ამბობთ. მეორეც, ხანდახან პოლიტიკოსები საუბარში ამბობენ ხოლმე, მაგრრამ ჩვენი პროგრამა რომ აიღოთ, არსად არაა ნათქვამი კონკრეტული პროცენტი, რამდენით შემცირდებოდა ფასი. არსად არ ეწერა, განახევრდება დენისა და გაზის საფასურიო. ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით.

- თქვენ ამბობთ, მონოპოლისტებმა შეთანხმებულად არ უნდა იმოქმედონ, თორემ ჩავერევითო. როგორ ჩაერევა სახელმწიფო, ეს ხომ კერძო ბიზნესია?

- თუ გახსოვთ, "ნაციონალები" ამბობდნენ, საწვავის ფასებიდან 1 ლარს გვედავებიანო, ჩვენ მათ ერთ ლარს კი არა, 15-20 თეთს ვედავებოდით, მონოპოლისტური ფასებიდან ეს თეთრები მიდიოდა ჯიბეებში. აბა, გადაითვალეთ, თვის და წლების მანძილზე ეს 15-20 თეთრი რა თანხას შეადგენდა. მსოფლიოში არსებობს გამოცდილება, როგორ უნდა დაარეგულიროს კანონმა მონოპოლისტების მოქმედება ბაზარზე. მე ვერ ვიქნები ზოგიერთივით ყველაფრის ექსპერტი, ამიტომ გარწმუნებთ, სააგენტო, რომელიც თვის ბოლოსთვის უკვე ამოქმედდება, მნიშვნელოვან კვლევას განახორციელებს და პირველივე ნაბიჯებსაც მალე დაინახავს საზოგადოება.

"ალია"

ჟანა ასანიძე

(იბეჭდება მცირედი შემცირებით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ