თბილისში ბინები გაიაფდება - უძრავი ქონების მეორად ბაზარზე სტაგნაციაა

თბილისში ბინები გაიაფდება - უძრავი ქონების მეორად ბაზარზე სტაგნაციაა

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული პრობლემები აქვს - მეორად ქონებას ბოლო წლებში მყიდველი საგრძნობლად შეუმცირდა, რამაც სამომავლოდ დიდი ალბათობით ფასის დაწევა უნდა განაპირობოს. როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, მათი კლიენტების უმეტესობა დასრულებულ ბინებსა და კომერციულ ფართებს ეტანება. ამ, და სხვა პრობლემების გამო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული ბევრი სააგენტო დაიხურა. არადა, ყველამ ვიცით, რომ ერთ დროს ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი და სარფიანი იყო. ცნობილი გახდა ისიც, რომ რამდენიმე მსხვილი ინვესტორი ემზადება ჩვენს ქვეყანაში შემოსასვლელად და ისინი უძრავი ქონების ქართულ ბაზარს სერიოზულად იკვლევენ. BPN-ი შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა ამ სეგმენტში დღეს.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო KIBE-ს გაყიდვების მენეჯერი, ეკა ბარათელი აცხადებს, ბოლო ორი წელია თბილისში მეორადი საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა.

"ჩვენი სააგენტო თბილისის მთელ ტერიტორიაზე ოპერირებს. მისი საქმიანობის ძირითადი სფერო უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ოპერაციებია. უკვე ათი წელია ამ ბაზარზე ვართ, კავშირი გვაქვს მსხვილ უცხოურ ორგანიზაციებთანაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ბაზარზე საკმაოდ რთული სიტუაციაა, რის გამოც რამდენიმე სააგენტო დაიხურა. ძველი ბინები ბევრ კლიენტს არ მოსწონს, ამავე დროს, თბილისში არ შენდება საკმარისი რაოდენობის ახალი კორპუსები, სადაც ბინის შეძენა ხელსაყრელ ფასად შეიძლება, ხოლო რაც აშენდა, იმათგანაც ბევრი დაუსრულებელია.

მყიდველებს მეორადი ბინების მიმართაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვთ: თუ ბინა მაღალჭერიანია და მკვიდრად ნაშენი, მხოლოდ მაშინ ყიდულობენ. ასეთი ბინა კი, საკმაოდ რთული მოსაძებნია. ძალიან ხშირია მიშენება, ასევე დიდია ავარიული სახლების რაოდენობაც და რა თქმა უნდა, ასეთ ბინაში ფულის ჩადებას ყველა ერიდება. ამიტომ, უფრო დიდი მოთხოვნა ახალ კორპუსებზეა. ახალაშენებული ბინებში თეთრი კარკასი ვაკეში და საბურთალოზე 850-დან 900 დოლარამდე ღირს, თუმცა ზოგიერთ კომპანიაში 1 კვ.მ ფართობს 1200-1300 დოლარადაც ყიდიან. რაც შეეხება ძველ კორპუსებს, იქ ბინის შეძენა 600 დოლარადაც შეიძლება, თუმცა, ძველი ბინების დიდი ნაწილი რემონტის დროს მაინც შავი კარკასი ხდება, რადგან იქ ყველაფერი თავიდანაა ასაშენებელი, ამის გამო კლიენტებს ახალ კორპუსში შავი კარკასის ყიდვა ურჩევნიათ. გარემონტებულ ბინას საბურთალოზე ათას დოლარადაც შეიძენთ, (1 კვ.მ.-ს) თუმცა არ ვგულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს და თავის ბინას საჩქაროდ, დაბალ ფასში ყიდის. თბილისში ძირითადად დაბალფასიან ბინებზეა მოთხოვნა, რომელიც 40-50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ იმას, ვინც დიდ ფულს იხდის, ურჩევნია კარგი სადარბაზოც ჰქონდეს, კარგი ლიფტიც და ნორმალური საცხოვრებელი პირობებიც",- ამბობს ეკა ბარათელი.

ბარათელის თქმით, ამ სფეროში ინვესტიციების ჩადებას მსხვილი კომპანიებიც აპირებენ: "ჩვენც გვქონდა ერთ-ერთ ასეთ ფირმასთან მოლაპარაკებები, მივეცით რჩევა, თუ რომელი ადგილები უფრო გაყიდვადია საქართველოში და ისინი უკვე არჩევენ ასეთ ადგილებს, თუმცა, ამ ფირმის სახელს ვერ გავამხელ - ჯერჯერობით ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, ის არის, რომ ეს არის სოლიდური სამშენებლო კომპანია, რომელიც წარმატებით საქმიანობს მეზობელ სომხეთში".

ბროკერი მაია ფხალაძეც ადასტურებს, რომ მეორადი ბინების გაყიდვა საკმაოდ გართულდა. "მეორად ბინებს ყველა თავს არიდებს თუნდაც იმიტომ, რომ ახალ კორპუსში უფრო დიდი ფართი შეიძლება გაცილებით ნაკლებ ფასად იყიდონ. თანაც, ძველ ბინებში ფართობი ძირითადად მიშენების ხარჯზეა გაზრდილი. ვისაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდა და ფულიც აქვს, ურჩევნია ბინა ახლაშენებულ კორპუსში შეიძინოს. გამონაკლისი მხოლოდ ერთოთახიანი, პატარა ბინებია: მათი რაოდენობა ახალ კორპუსებში იმდენად შეზღუდულია, რომ "ხრუშჩოვკებში" არსებულ ერთოთახიან ბინებზეც კი მოთხოვნა ძალიან მაღალია. ზოგიერთ ახალაშენებულ კორპუსში 1 კვ.მ.ფართობის ფასი 1300 დოლარამდეც აღწევს, მაგრამ მიუხედავად სიძვირისა, ვისაც გადახდა შეუძლია, 80 პროცენტი სწორედ ასეთ ბინას ირჩევს",-აცხადებს ფხალაძე.

იხილეთ სტატია სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ