თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ დას, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს ახასიათებს.
"მოლოდეც მაკლინკა, მეძახეთ ნეპოტისტი და როგორ არ შევაქო, დადის თავისთვის, არავის არ აწუხებს, პარაფირებას ხელი უკვე მოაწერა, ასოცირებას აწი მოაწერს, ვანუატუს სიტყვა უკან წააღებინა, - აფხაზეთი და ოსეთი თქვენიაო აძახებინა და აგერ ახლა, ეს ბიჭიც მოუყვანია უკვე ჭკუაზე. მგონი სამი ქვეყანაღა დარჩა, ვინც ჯერ ვერ გაიგო, ვისი რა არის და აბა შენ იცი, დაო მაო", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო. ამის შესახებ ტუვალუს სამთავრობო დელეგაციის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომელმაც ქართულ მხარესთან ქვეყნებს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი გააფორმა.
ამასთან, გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროპარლამენტის დელეგაციასთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარების საკითხი განიხილა.
"საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ვისაუბრეთ სხვა საკითხებზეც, რომელიც საქართველო-ევროკავშირთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.