"თვლის, რომ პარლამენტში მრევლის ინტერესების დასაცავად მოავლინა ღმერთმა" - პაატა ქურდაძე გედევან ფოფხაძეზე

"თვლის, რომ პარლამენტში მრევლის ინტერესების დასაცავად მოავლინა ღმერთმა" - პაატა ქურდაძე გედევან ფოფხაძეზე

მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

გედეონ ფოფხაძე - "თუ სინოდი იტყვის, არ დაუჭიროთ მხარიო, მე მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე იმის გამო, რომ ასეთი რედაქცია იყოს. არ დავუჭერ, მე რა ძალა მადგია? გიჟი ვარ, მართლმადიდებლურ ეკლესიას დავუპირისპირდე იმის გამო?"

"განსხვავებაა ამ კაცსა და საბჭოთა დეპუტატს შორის, რომელიც თვლიდა რომ პარტიის ხმა უზენაესია, არის ის, რომ საბჭოთა დეპუტატი "პატიოსნად"კომუნისტური პარტიის ყრილობის დეპუტატი იყო - ღიად და გახსნილად, ეს ბატონი კი დემოკრატიის მექის-პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე-დეპუტატია, თან როგორც ვიცი მისი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი... რომელიც თვლის, რომ პარლამენტში იმ მრევლის ინტერესების დასაცავად მოავლინა ღმერთმა, რომელსაც ეკუთვნის... ამიტომ მისი არგუმენტები სინოდის გადაწყვეტილებას არ ცდება... აბა რა კომენტარი შეიძლება ამ პარლამენტზე კაცმა გააკეთო.. აქეთ ექსლიბერტარიანელთა დეპრესირებული დაცემული "არისტოკრატია".. იქით მადამ ჩიორას შეფასებით აღზევებული "მდაბიო" დეპუტატები, რომლებიც ახალი ტიპის "ფუნდამეტალისტის"- დემოკრატი მართლმადიდებლის ჰიბრიდული მოდელის შექმნით არიან დაკავებულნი... ამ ყველაფრის კი თავში კი მოწყენილი თუ ნაწყენი უსუფაშვილი უზის .. სათვალიანი გაბრაზებული ღმერთივით... რა სამწუხაროა პარლამენტის თავმჯდომარეებს დიდი ხის ჩაქუჩი რომ აღარ აქვთ.. მოუხდებოდა.... .. არა, მართლა.. რა გინდა რომ ჰქმნა?... :(:(", - წერს ქურდაძე.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხს სინოდის გამო გადაწყვეტილების შეცვლა არ ამცირებს:

"მე თავისუფალი მანდატი მაქვს. ამომრჩეველმა იცოდა, რომ მართლმადიდებელი ვარ და ამ ნიშნით მირჩევდა. ყველამ იცის, რომ მრევლი ვარ და მაზიარებელი ვარ და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მაზიარებელმა ადამიანმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაშინ ის არასწორად აღიქვამს. "

კითხვაზე, პარლამენტში ის, პირველ რიგში, დეპუტატი არის, თუ მორწმუნე, ფოფხაძე პასუხობს:

"ასეთი დიფერენცირება არასწორია. მე იმ აღმსარებლობით ვარ აქ... იცით რა არის, ორგანიზაცია "იდენტობას" აქვს ასეთი მიდგომა, რომ ადამიანის განმსაზღვრელი არის მისი სექსუალობა, მე არ მიმაჩნია ასე. არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც ადამიანის იდენტობას განსაზღვრავს, მათ შორის ეროვნულობა და აღმსარებლობა. შენ ვერასდროს გახდები უფრო მეტად დეპუტატი, ვიდრე უფრო მეტად ქართველი ხარ, ან მართლმადიდებელი. ამ ყველაფრის ნაწილია დეპუტატობა. როცა შენ გირჩევენ, გირჩევენ ისეთს, როგორიც ხარ შენი მსოფლმხედველობით და ღირებულებებით. საპატრიარქოს პოზიცია პირადად ჩემი ცხოვრებისთვის და რაღაც გადაწყვეტილებების მისაღებად ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. მე მაქვს წმინდა სამართლებრივი არგუმენტები და მიმაჩმნია, რომ ამ ტერმინის არსებობა არანაირ საფრთხეებს არ ქმნის იმ ღირებულებებისთვის, რაზეც მართლმადიდებლები საუბრობენ. ჩვენ მათ არგუმენტებს ჩვენი არგუმენტები უნდა დავუპირისპიროთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თუ სინოდი რაღაცაზე თანხმდება, მე ახლა დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია".

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", - ასე ეწოდება კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა".დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები ცვლილებებს იწვევს "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში", "სისხლის სამართლის კოდექსში", "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონსა და "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში.

კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორ საჯარო, ასევე კერძო სფეროში.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი მექანიზმებით იქნება აღჭურვილი. პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.

იხილეთ ასევე: დაწესებულებები, სადაც ჰომოსექსუალები არ უნდა მუშაობდნენ - ქართველი პოლიტიკოსი "გაუკუღმართებულ სექსუალური ორიენტაციის" წინააღმდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს