"ერთი რამ ეშლება" - როგორ აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილი ალასანიას "ნაციონალების" პატიებაზე განცხადების შემდეგ

"ერთი რამ ეშლება" - როგორ აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილი ალასანიას "ნაციონალების" პატიებაზე განცხადების შემდეგ

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცების პატიება მოგვიწევს.

"ვეთანხმები სულისკვეთებაში, მაგრამ ერთი რამ ეშლება: პატიებას წინ უნდა უძღვებოდეს სიმართლის დადგენა (უდანაშაულოს ხომ ვერ აპატიებ... ეს შეურაცხყოფაა) ან გასამართლება და - სასურვეველია - მონანიება ... და ასე სადაა საარჩევნოდ ვაპატიოთ და მერე ვარკვიოთ თუ საერთოდ დავივიწყოთ ???.... და კიდევ ერთი: სანამ დანაშაულის ჩამდენებს ასე იოლად გავისტუმრებდით, ჯერ შიგნით მოწესრიგდით : გარე მტრებთან შერიგებამდე შიგნით შერიგდით და ისწავლეთ პატიება (ეს ალასანიას არ ეხება პირადად) და ერთიმეორეს ატანა. რას გავს ეს ჭიდილი პრეზიდენტის და ბიძინას თუ პრეზიდენტის და მთავრობის შორის.... თუ ძლიერად გვინდა ქვეყანა გამოიყურებოდეს - და ნამდვილად საჭიროა დღეს - ალბათ ამით უნდა დაიწყოს გაჯანსაღება... ერთი გუნდი თუ ხართ გვაჩვენეთ, რომ ერთმანეთს არ ექიშპებით და შეგიძლიათ ერთად საქმის კეთება... "ნაციონალების" პატიებას კი მერე მივხედოთ, როცა გაასამართლებთ.

და თუ საუბარი იმას ეხება, რომ არ დაატეროროთ, როგორც ისინი გვატერორებდნენ, არჩევნების დროს ეს სალაპარაკოც არაა, რამეთუ იმის მტკიცება, რომ "ნაციონალები" არა ვართ, საჭიროდ არ მეჩვენება!

კიდევ ერთი რამ: პატიება საერთოდ შეუძლია ადამიანს, ვისაც პირადად მიაყენეს ტკივილი (ამ კუთხით გასაგებია, რომ ალასანიას შეეძლო ეპატიებინა აფხაზებისთვის, რამეთუ ეს მას პირადად ეხებოდა). მაგრამ პატიება სხვების მაგივრად ცოტა უფრო გაუგებარია: ირინა ენუქიძეს მაგივრად ვის გვაქვს უფლება, რომ ვაპატიოთ ჩადენილი სისასტიკე, ნაწამები პატიმრების მაგივრად ვის გაქვთ უფლება, რომ აპატიოთ ცოცხების გამოყენება, პოლიტპატიმრების მაგივრად კიდევ ვის აქვს ეს უფლება მინიჭებული... საერთოდ ეს პატიება და მივიწყება ან ინდივიდუალური მორალურ სფეროს ეკუთვნის ან კიდევ რელიგიურ სფეროს და პატრიარქს შეუძლია შეწყალება, მაგრამ პოლიტიკურ სოციალურად სასამართლოს გარეშე არ არსებობს სახელმწიფოში არც დანაშაულის გაუქმება და არც მისი მივიწყება... სოლომონ მეფე არა გვყავს, რომ სასამართლო შეცვალოს! რომელ კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ საერთოდ და რა ქვეყანას ვაშენებთ ხომ არ ამიხსნით, თუ კი ვიღაცეებს - მხოლოდ იმიტომ რომ მთავრობაში "მოხვდნენ" - უფლება ეძლევათ თავი დააყენონ კანონის ზემოთ და გადაწყვიტონ ვის აპატიონ და როდის და რა ეპატიოს მათ ????

ყველასათვის რომ ნათელი იყოს ჩემი პოზიცია: მე არა ვარ არც რევანშის მომხრე, არც პოლიტიკური ნიშნით დევნის, არც შევიწროვების, არც სხვათა შორის, წინასწარ პატიმრობის (თუ არა დიდი საფრთხის ასაცილებლად), მაგრამ სასამართლოს მომხრე ვარ და სასამრთლომ (და არავინ სხვამ) უნდა "ისამართლოს" თუ კი რეალურად გვინდა ისეთი რამ, რასაც ქვია სახელმწიფო!", - წერს ზურაბიშვილი.

თავდაცვის მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შესახებ განცხადება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში გააკეთა.

"კარგად მესმის მათი, ვისაც ძალიან ცუდად მოექცა სააკაშვილის ხელისუფლება; ვისაც დევნიდნენ და უდანაშაულოდ გამოამწყვდიეს ციხეში. ვიცი, რომ მათთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და მინდა ვუთხრა: ჩვენი შვილების მომავლისთვის აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რაც ქვეყანას ემუქრება და არ დავანახოთ სამყაროს, რომ შიგნიდან ვართ გახლეჩილი. აქედან გამომდინარე, მოთმინება და "ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცების პატიება მოგვიწევს. ეს შემიძლია მე ვთქვა, რადგან შევძელი და ვაპატიე აფხაზებს, რომლებმაც მამა დამიხვრიტეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ მორატორიუმი გამოვაცხადეთ. ეს იდეა მთავრობის სხდომაზე გაგვიზიარა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც ყველა დავთანხმდით. მორატორიუმი სრულად უნდა შესრულდეს და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება ყველას უნდა მიეცეს", - აღნიშნა ალასანიამ.

იხილეთ ასევე: ალასანია: "ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცების პატიება მოგვიწევს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს