"პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის" - ნათია ფანჯიკიძე დავით კოდუას ცემის ფაქტზე

"პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის" - ნათია ფანჯიკიძე დავით კოდუას ცემის ფაქტზე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფესბუქის" პირად გვერდზე დავით კოდუას ცემის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ პასუხისმგებლობა გარკვეულწილად პროკურატურას და სასამართლოს ეკისრება.

"ეს თუ ასეთი ფორმით და გზით აგორდა, მტყუანი და მართალი ერთმანეთში აირევა, ფსიქოპათიური სიტუაციის ახალ ტალღას მივიღებთ.. ვინც ვის მოერევა, იმას გაუსწორდება და საბოლოოდ ყველა გახდება მტყუანი. წარმოვიდგინე, რაც უკვე ბევრჯერ იყო სხვადასხვა ფორმით ერთმანეთზე დარევა და წინასწარ დაღლილობის და აპათიის გრძნობა გამიჩნდა...

...ვერავის ვერ განვსჯი, კიდევ კარგი ჩემი საქმე არაა განსჯა, რეალურად და ბოლომდე არავინ არ ვიცით რა მოხდა, ასე რამ გაამწარა ის ადამიანი, მაგრამ ზოგადი მსჯელობით, ყველამ თუ ამოუშვა მონსტრები, ძნელი კი არაა ამ ინსტინქტს გაყოლა, აგრესია იმდენი, რომ თავი დაიცვას, ყველაზე უწყინარ ადამიანსაც აქვს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს გასაჭირში უნდა დაუძახო მონსტრებს, უფსკრულია, სხვისი დაზიანება არის თვითდაზიანების პირდაპირპროპორციული. როგორ უნდა მოიშორო ღამის კოშმარებიდან ეს სახე? და თუ იოლად გშორდება და არ გტკივდება ყველაფერი, ცოტა შენც ფსიქოპათი გამოდიხარ, არა? აფექტი რომ გაივლის, მერე? "მართალი ვიყავი" ეს თვითდარწმუნება არ გიშველის. ხოდა საკუთარი თავის დამსხვრევას, ჯობს არსებობდეს წესიერი სასამართლო. ყველა მსხვერპლია, ნაცემიც და მცემელიც. სახელმწიფომ უნდა გადაარჩინოს ადამიანები ამისგან. თუ ამ კაცს შეტანილი ქონდა სარჩელი და ამდენ ხანს არ მიაქციეს ყურადღება, პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის", - წერს ფანჯიკიძე.

ფანჯიკიძის პოსტს იზიარებს მანჩო გიორგობიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაყოვნებით სახელმწიფო თითოეული მოქალაქისგან პოტენციურ მონსტრს აყალიბებს.

"გეთანხმები ნათია, დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში! ამით, ისიც დაცულია და გამწარებული ადამიანიც, რომელსაც ცხოვრება აურიეს, ყველაფერი წაართვეს და ოჯახი დაუწიოკეს...

სახელმწიფო, სამართლიანობის აღდგენის შეფერხებით, ჩვენგან აყალიბებს "პოტენციურ დამნაშავეებს" - არცერთი შემთხვევა არ მოხდებოდა, თავისუფლად რომ არ დასეირნობდნენ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დამნაშავეები არიან ათასობით ადამიანის წამებაში, გაუპატიურებაში... მკვლელობებში, ბიზნესების წართმევაში, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამოკეტვაში... ა.შ.. ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ქვეყანა ტერორში იყო და არავინ ისჯება!

არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!"

შეგახსენებთ, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. იგი სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებების შედეგად, კოდუა კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა. კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს დღეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს