"პეროგაყრილებო, შეგერგოთ ნორას ბიჭი, მეტის ღირსი არ ხართ!" - მერაბიშვილის სიდედრის რჩევები ნარმანიას

"პეროგაყრილებო, შეგერგოთ ნორას ბიჭი, მეტის ღირსი არ ხართ!" - მერაბიშვილის სიდედრის რჩევები ნარმანიას

ყოფილი შს მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის სიდედრი, ნატა მმართველი კოალიციის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ქალაქისთავის რანგში გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალს სთავაზობს.

"ბატონო დავით ნარმანია.

გილოცავთ მილიონნახევრიანი და 1600-წლიანი (როგორც ბოლო არქეოლოგიური კვლევებით ირკვევა - მინიმუმ 1900-წლიანი) ისტორიის მქონე ქალაქისა და საქართველოს დედაქალაქის მერობას (ქალაქისთავობას, ანუ).

მართალია თქვენი მინისტრადყოფნის პერიოდში დიდი გამოცდილება შეიძინეთ და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეთ სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში, მაინც თავს მოვალედ ვთვლი ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანო საქართველოს დედაქალაქის განვითარების საქმეში და ჩემი ერთი ხმა შეგაწიოთ თქვენს დამხმარედ და გვერდში მდგომად.

მაშ ასე, გაცნობებთ:

1. სეიდაბადში 24 პირველი ხარისხისა და 18 მეორე ხარისხის ავარიული სახლია;

2. კალოუბანში 4 ავარიული სახლია, რომელიც გამაგრებას აღარ ექვემდებარება;

3. კალაში სანიაღვრე სისტემებია გაჭედილი;

4. მადათოვის კუნძულზე მწვანე საფარი იჩეხება;

5. ვირის ხიდზე ვირები დაიარებიან სისხამ დილით და სავალ ნაწილზე სკორავენ;

6. შაითან-ბაზარში სრული ანტისანიტარია სუფევს და არავინ აქცევს ყურადღებას;

7. სირაჩხანა ტრანსპორტისთვის მიუდგომელი გახდა ცალმხრივი მოძრაობის გამო და კახეთიდან პროდუქციის ჩამომტანთ ძალიან უჭირთ;

8. ფეთხაინში გზა არის ბევრ ადგილზე ჩავარდნილი, მიწისქვეშა კომუნიკაციები კი დაზიანებული;

9. მუხრანის ხიდის საფეხმავლო ნაწილში სრული ანტისანიტარია სუფევს;

10. ციციანოვის აღმართში სავალ ნაწილზე ნაჟური წყალი გადმოდის და საავარიო სიტუაციები იქმნება;

11. სოღანლუღში ერთი წესიერი ტროტუარი არ არის;

12. სოღდებილის სანახებში ხშირია უკანონო მშენებლობა;

13. ავანაანთხევის მწვანე საფარი (წიწვოვანიც კი) დაავადებულია და შველას ითხოვს;

14. ალექსანდერდორფის მოსახლეობა ქვეწარმავლებმა შეაწუხა;

15. ვანქის უბანში ასფალტის საფარია დაზიანებული;

16. დროა აღდგენილ იქნას და ექსპლუატაციაში შევიდეს "გრანდ-ოტელი" და სასტუმრო "ლონდონი";

17. რით ვერ დასრულდა სარემონტო სამუშაოები სახაზინო თეატრში?

18. ზუბალაშვილების სახალხო სახლის წინ გზის ჩაწოლის გამო საკანალიზაციო ჭამ ამოიწია და მანქანები ზიანდება;

და ა.შ.

ბატონო დავით, ჩემს შენიშვნებსა და წინადადებებს პერიოდულად გაახლებთ ხოლმე. თქვენის ნებართვით, ცხადია.

ადელხანოვისა და თამამშევის მადლი გფარავდეთ!

პატივისცემით!...

თბილისს ზუსტად ისეთი მერი ეყოლება, როგორის ღირსიცაა!!! პეროგაყრილებო, შეგერგოთ ნორას ბიჭი, მეტის ღირსი არ ხართ!!!", - წერს მერაბიშვილის სიდედრი.

541 უბნის მონაცემის მიხედვით, კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 72,46%-მა მისცა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს