ანი მოროტაძის კომენტარი ვანო მერაბიშვილთან გადაღებულ ფოტოზე

ანი მოროტაძის კომენტარი ვანო მერაბიშვილთან გადაღებულ ფოტოზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ანი მიროტაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, რომელზეც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად არის გადაღებული. დეპუტატი ფოტოს ისტორიას იხსენებს.

"ინტერნეტსივრცეში საინტერესო ფოტო გავრცელდა, სადაც მე ვარ აღბეჭდილი შს მაშინდელ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან ერთად.

ფოტოც საინტერესოა, რადგან მისი არსებობის შესახებ ამ დრომდე არაფერი ვიცოდი და ის ამბავიც, რაც ამ ფოტოს უკავშირდება.

ეს ფაქტი იმდენად კარგად მახსოვს, რომ მესხიერებიდან არასოდეს წამეშლება.

ეს ფოტო გადაღებული უნდა იყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, როდესაც მე საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" ხელმძღვანელი ვიყავი და აქტიურად ვიყავი ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში. კარგად მახსოვს, რომ მე, როგორც საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელს, შსს-დან დამირეკეს და მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში - ორთაჭალაში დამიბარეს, სადაც, როგორც იქ მისულმა გავარკვიე, დაბარებულები ვიყავით, როგორც საქართველოში მოქმედი ყველა საინფორმაციო საშუალების, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები - ძირითადად ხელმძღვანელი პირები და წამყვანი ჟურნალისტები. ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ 100-მდე ჟურნალისტი მივედით იმ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. იქ გავიგეთ, რომ უნდა წავსულიყავით ჩვენს ჯარისკაცებთან შესახვედრად, რადგან მათთან ჟურნალისტების შეხვედრა და მხარდაჭერის გამოცხადება, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ არავინ წასულა და მიკროავტობუსებით გავემგზავრეთ დანიშნულების ადგილისკენ და გზაში გავარკვიეთ, რომ ეს დანიშნულების ადგილი იყო კარალეთი. ადგილი სადაც, დისლოცირებული იყო ჩვენი ჯარი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, შევხვდით ჯარისკაცებს და იქვე გავიგეთ, რომ შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით და გავსაუბრებოდით შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს. შესაბამისად, წაგვიყვანეს იქ, სადაც ვანო მერაბიშვილი და შს სამინისტროს სხვა მაშინდელი მაღალჩინოსნები გველოდებოდნენ. მართალი გითხრათ, ის გარემო, რაც დანიშნულების ადგილზე დაგვხვდა, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან გაშლილი იყო სუფრა და შეხვედრა უნდა მომხდარიყო სწორედ სუფრასთან. ეს, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრისთვის საუკეთესო ფორმატი არ იყო, მაგრამ არ შევიმჩნიეთ და დაველოდეთ დროს, როდესაც საუბრის დაწყების შესაძლებლობა მოგვეცემოდა.

ბუნებრივია, დავიწყეთ საუბარი, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საკმაოდ მწვავე კითხვა-პასუხის ფონზე მიმდინარეობდა. სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, რომელიც ომს და ამ ომისგან გამოწვეულ საშინელებებს უკავშირდებოდა, კარგად მახსოვს, როგორ პრონციპულად აყენებდნენ ჩემი კოლეგები ომში დაღუპული ბიჭების გვამების შემთხვევის ადგილიდან გამოყვანის საკითხს. საზოგადოებას კარგად ემახსოვრება, როგორ გართულდა მათი გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან და როგორ იყვენენ ამ საქმეში ჩართულები სასულიერო პირები და უშუალოდ ჩვენი პატრიარქის უზარმაზარი ძალისხმევით მოხერხდა ქართველი ვაჟკაცების გვამების გამოყვანა და დაკრძალვა.

გამიჭირდება ყველა იმ კითხვის გახსენება, რაც მაშინ იქ დაისვა, მაგრამ საუბარი რომ მწვავე იყო, ეს კარგად მახსოვს. დასრულდა შეხვედრა, და ჩვენ ზუსტად ისე დავბრუნდით კარალეთიდან თბილისში, როგორც ჩავედით. ეს იყო ჩემი პირველი და ბოლო შეხვედრა მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან.

სრული პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ - მედიასაშუალებების არცერთ წარმომადგენელს, ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის საჭირო აპარატურა თან არ გვქონდა. არც დიქტოფონი, რომ რაიმე ჩაგვეწერა. არც ის მახსოვს, ვინმემ გადაიღო თუ არა ეს ფოტოები ღიად. როგორც ჩანს, ფარულად გადაიღეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და არქივში შეინახეს, "საჭიროებისამებრ" გამოქვეყნებისათვის. თუმცა, ამ ფოტოების ღიად გადაღება და გავრცელებაც რომ მომხდაიყო, არც ეს იყო, პრობლემა, რადგან ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შემდგარიყო და კითხვებზე პასუხების გაცემა აუცილებელი იყო!!!!!! ჟურნალისტებს კითხვებზე პასუხი უნდა მიგვეღო, რადგან ჩვენ გვქონდა მძიმე ომი. ომი, რომელმაც შეიწირა ჯარისკაცები, ბავშვები, ქალები, მოხუცები და რის შედეგადაც ჩვენ დამატებით დავკარგეთ ტერიტორიები. თუმცა, რამდენად უნდა მომხდარიყო ეს შეხვედრა გაშლილი სუფრის ფონზე, ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის რომ ეკითხათ, ვეტყოდით, რომ ეს ფორმატი მიუღებელი იყო!

მე არ ვიცი, როგორ მოხვდა ეს ფოტო მათ ხელში, ვინც გაავრცელა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორც მოხვდა, მაგრამ რა პრობლემაა?! - იმ არქივში იმ დღეს გადაღებული სხვა ფოტოებიც იქნება და თუ მათი გამოქვეყნებაც მოხდება, საზოგადოებისათვის ცხადი გახდება, რამდენი ჟურნალისტი იდგა მაშინ მოწოდების სიმაღლეზე და როგორ დაჟინებით ითხოვდნენ ისინი ინფორმაციებს, თუ რა მოხდა რეალურად; რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ეს ომი და თუ ვერ ავიცილეთ, რატომ არ გამოვიყვანეთ კონფლიქტის ზონიდან ბავშვები, მოხუცები და ქალები; რატომ დავკარგეთ კიდევ ასზე მეტი სოფელი და ა.შ.

მე მაშინაც ვამაყობდი, რომ ვიყავი ჟურნალისტი და ახლაც ვამაყობ, რომ ეს პროფესი მაქვს! მაშინაც ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ, რომ საქართველოში ყველაზე სიცოცხლისუნარიანები და გაუტეხლები არიან ჟურნალისტები და ახლაც დარწმუნებული ვარ და სულ ველოდები იმ დღეს, როდესაც მედია, იმ საშინელი 9-წლიანი ნაციონალური წნეხისაგან საბოლოოდ გათავისუფლდება და საქართველოზე, როგორც დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანაზე, საკუთარ ავტოგრაფს გააფორმებს!

ანი მიროტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი", - წერს მიროტაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს