"თქვენ არჩეული ხართ მსახურებად და არა ბატონებად!" - სოციალურ ქსელში შემოქმედელი მიტროპოლიტის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურებიან

 "თქვენ არჩეული ხართ მსახურებად და არა ბატონებად!" - სოციალურ ქსელში შემოქმედელი მიტროპოლიტის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურებიან

19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში მიმდინარე, ფერიცვალების დღესთან დაკავშირებულ, ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებებზე შემოქმედელ მიტროპოლიტს, იოსებს, ადგილობრივმა პოლიციამ, დასწრების უფლება არ მისცა. ამის შესახებ "გურიის მოამბემ" თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ambebi.ge ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებლის, დავით თენიეშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"19 აგვისტოს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ბახმაროს ფერიცვალების ეკლესიაში, დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული საეკლესიო რიტუალის შემდეგ, სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად მიემართებოდა, როცა ადგილობრივმა პოლიციამ მას გზა გადაუკეტა და სპორტული ღონისძიებებისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შესვლისა და მასზე დასწრების უფლება არ მისცა.

ამ ფაქტმა ნათელი გახადა, უპირველეს ყოვლისა ის, რომ ხელისუფლება, როცა საჭიროდ თვლის, თურმე მშვენივრად იყენებს ძალოვან სტრუქტურებს სასულიერო პირების წინააღმდეგ მაშინ, როდესაც რატომღაც სრულიად უუნარო ხდება რიგ შემთხვევებში. პოლიცია უუნარო აღმოჩნდა „მღვდლებისა" და ზოგიერთი „მეუფის" (ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ არ მივიჩნევ მათ სასულიერო პირებად და, შესაბამისად, მათი მღვდლებად ან ეპისკოპოსებად მოხსენიებაც მკრეხელობად მიმაჩნია) და მათ მიერ წაქეზებული ჭკუასუსტი ადამიანების შესაჩერებლად გასული წლის 17 მაისს. ქართველობის დაკარგვით შეძრული ბრბო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამოსული დემონსტრანტების დასარბევად მიიწევდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც მრავლად გვქონდა. პოლიციამ ვერ შეძლო მათი შეჩერება, თუმცა მოახერხა სპორტულ ღონისძიებაზე მიმავალი სასულიერო პირები შეეჩერებინა და აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება აეკრძალა მათთვის.

ვფიქრობ, და სრულიად საფუძვლიანად, რომ ეს არის პირდაპირი პოლიტიკური სახის ანგარიშსწორება და საკუთარი ძალის დემონსტრირება იმ რეგიონებში, რომელთა მღვდლები ან ეპისკოპოსები შეიძლება არ იყვნენ რადიკალურად პრორუსულები, ან უბრალოდ არ ოცნებობდნენ თქვენს ლურჯ წიაღში, გააჩნდეთ სხვა ღირებულებები, და არ დასდევდნენ ადამიანებს ქუჩებში გინებით და ტაბურეტებით.

მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების" სახით უმრავლესობას წარმოადგენენ რეგიონებში: თქვენთვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველა სასულიერო პირი ვერ იქნება „ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის და თქვენი პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერი.

გასაგებია და დავინახეთ, რომ თქვენი ფავორიტები არიან საპატრიარქოს რუპორები, რომლებიც დღენიადაგ გვიქადაგებენ ერთმორწმუნე მეზობლის სიდიადეზე და სიწმინდეზე და მისი ჯარები, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან ლამის ღვთის ნების აღმსრულებლებად, ანგელოზებად გამოჰყავთ, იმ სასულიერო პირების უმცირესობას კი, რომელთაც განსხვავებული აზრი გააჩნიათ და შესაძლოა გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმებიან თქვენს მიდგომებს, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზეც კი ვეღარ ეგუებით და მათ დისკრედიტაციას ახდენთ.

შეგახსენებთ, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება და არ შეგიძლიათ აუკრძალოთ ადამიანებს სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება, არ გაქვთ უფლება გამოყოთ და განაცალკევოთ ისინი პარტიული ნიშნით.

რეგიონალურო ხელისუფლებავ, (და არა მარტო თქვენ) მინდა იცოდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთივე მონდომებით დაიცავენ ამ იერარქიულ უმცირესობებს, როგორც იცავდნენ სხვა უმცირესობებს თქვენი და საპატრიარქოდან გამოსული ზოგიერთი ვაი სასულიერო პირის მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებებისაგან.

მე როგორც რიგითი მოქალაქე, პირობას გაძლევთ, რომ ყოველთვის ვიქნები განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო ადამიანთა დევნისა და დისკრედიტაციის წინააღმდეგი და რომ მე მარტო არ ვიქნები ამ ბრძოლაში. ჩემ გვერდით უამრავი ადამიანი იდგება თქვენ წინააღმდეგ და ეს იქნება ბევრად უფრო ძლიერი და მასშტაბური წინააღმდეგობა.

ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იმ გადაგვარებული ჩინოვნიკებისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ტრიბუნებიდან და ამბიონებიდან აღვივებენ სიძულვილს ადამიანებში და მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერად მოუწოდებენ ვითომდა ცოდვებთან, გარყვნილებასთან და გადაშენებასთან ბრძოლის მოტივით.

ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და შეხედულების ქონისა და გამოხატვის თავისუფლება.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ არჩეული ხართ მსახურებად და არა ბატონებად!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

შეგახსენებთ, ბახმაროს დღესასწაული რამდენიმე ათეული წელია ტარდება და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის ეპარქიის ხელმძღვანელის გარეშე ჩატარდა. პოლიციელთა ქმედების პროტესტის ნიშნად, ღონისძიებას, არცერთი სასულიერო პირი არ დასწრებია. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არცერთი მხარე არ აკეთებს.

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი

"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა

შორენა ბეგაშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ ქალიშვილთან ერთად აიცრა - ფოტოები