სექსი "კაზანტიპის" გახსნის ღამეს, "სასაცილო პაპიროსები" და "ღვთივგანბრძნობილი" საზოგადოება - ვის როგორ აღელვებს ფესტივალის პირველი დღე

სექსი "კაზანტიპის" გახსნის ღამეს, "სასაცილო პაპიროსები" და "ღვთივგანბრძნობილი" საზოგადოება - ვის როგორ აღელვებს ფესტივალის პირველი დღე

"კაზანტიპმა" ანაკლიაში სტარტი უკვე აიღო. Ambebi.ge-მ მკითხველს უკვე შესთავაზა ფესტივალის პირველი ღამის ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი, ამჯერად კი დავინტერესდით, თუ როგორ აფასებენ ნანახს ცნობილი ქართველები; მათ შორის ისინიც,  რომლებიც თავად არ ესწრებიან ფესტივალს, თუმცა "კაზანტიპზე" საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ, რომელსაც ღიად აფიქსირებენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს, რომ "კაზანტიპზე" მის გაკვირვებას არა ქართველების, არამედ იმ უკრაინელების დამოკიდებულება იწვევს, რომლებიც მათ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესების ფონზე გასართობად ანაკლიას ეწვივნენ.

Facebook/ გიორგი კეკელიძე:

"ცხადია, არც ელექტრონული მუსიკის საწინააღმდეგო მაქვს რამე, არც ტურიზმის განვითარების და ა.შ. საერთოდაც, ეს სტატუსი ამ ღონისძიების ქართულ მხარეს იმდენად არ ეხება. უბრალოდ გაკვირვებული ვარ - უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მგონია, რომ ცოტა შეუსაბამო ამბავია სწორედ უკრაინელების მხრიდან. ვიცი საწინააღმდეგო არგუმენტებიც - ,,იქ დარჩენით აბა რას უშველიდნენ'' ,,ხელოვნება საუკეთესო პროტესტია'', მაგრამ მაინც...", - ამბობს კეკელიძე.

ფესტივალზე საკუთარ მოსაზრებას Facebook-ზე აქვეყნებს ცოტნე გამსახურდიაც.

Facebook/ ცოტნე გამსახურდია:

"ვიღაცებს ჰგონიათ, ამ კაზანტიპია თუ რაღაც ანაკლია-ყირიმის ორღობეზე იმიტომ წერ, თავები "პრადვინუტებად" რომ მოაჩვენონ! ეს მათი არასრულფასოვნების კომპლექსის ბრალია: თავად მუდამ რაღაცის მტკიცებაში, "ავტორიტეტულად" თავის მოჩვენების მცდელობაში გადაგებულთ სხვაც ასეთი ჰგონიათ. საკუთარი ავტორიტეტის, "ღვთივგანბრძნობილობის" თუ "ტრადიციულობის" დასამტკიცებლად კი, ეროვნულ-რელიგიურ გრძნობებზე აპელირება საუკეთესო გზად მიაჩნიათ!

პირადად მე არც ვინმესთვის რაიმეს მტკიცება მჭირდება, არც "სვეცკობა" მიცდია ოდესმე და არც "პრადვინუტობა". ამ სირობების(და კაზანტიპის) გარეშეც ვგრძნობ თავს, როგორცც ფრანგები იტყვიან, კომფორტულად საკუთარ ტყავში და საკმარისი შინაგანი თუ ემპირიული გამოცდილება მაქვს საიმისოდ, რომ მაგრად მეკიდოს ეს ყველაფერი...

სინამდვილეში, რაც ნამდვილად მაღელვებს, მოსახლეობის ერთი "ღვთივგანბრძნობილი" ნაწილის დაუოკებელი ლტოლვაა... სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევისა და შეზღუდვისაკენ. საეჭვო რეპუტაციის ადამიანები, რომელნიც დღემდე კეთილკონფორმულად (ტერმინი ჩვენია ) ეგუებოდნენ და იყენებდენ სათავისოდ ყოველგვარ საზიზღრობას ამ ქვეყანაში, დღეს მორალს გვიკითხავენ და "გამოსწორებაზე", ანუ მათ სტანდარტზე მოქცევაზე გვიღაღადებენ! რაც გაცილებით საშიშია ქვეყნის მაცხოვრებელთა მენტალური უსაფრთხოებისათვის, ვიდრე ის, რამდენ ტურისტს და ადგილობრივს ჰქონდა სექსი კაზანტიპის გახსნის ღამეს და რამდენმა გააბოლა "სასაცილო პაპიროსი"...", - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

"სასაცილო პაპიროსების" თემას "კაზანტიპის" ტერიტორიიდან "რუსთავი 2"-ს დილის გადაცემის წამყვანი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი ეხმიანება. ტელეწამყვანი წერს, რომ ფესტივალის სტუმრებს, რომლებმაც საკუთარ კარვებთან მარიხუანა მოწიეს, სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნათ.

Facebook/ ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი:

"რამდენიმე რუსი ახალგაზრდა საკუთარი კარავიდან წაათრია პოლიციამ პლანის მოწევის ნიადაგზე.

Be extra careful!", - მოუწოდებს სიფრთხილისკენ მეგობრებს ალექსანდრე.

შეგახსენებთ, რომ ამორალური საქციელისთვის და უხეშობისთვის,"რესპუბლიკა კაზანტიპის" ტერიტორია პოლიციამ რამდენიმე სტუმარს დაატოვებინა. "რესპუბლიკა კაზანტიპის" ხელმძღვანელობა მოუწოდებს თითოეულ სტუმარს, გაითვალისწინონ, რომ "კაზანტიპში" ზუსტად ისევე იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და კანონს, როგორც სხვაგან.

"არაერთი განცხადება, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის შესახებ რეალურია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება, რადგან კაზანტიპის მთავრობა წინააღმდეგია საქართველოს ტრადიციების შეურაცხმყოფელი და ამორალური საქციელის. ასე რომ, გაატარეთ ყველაზე ბედნიერი ზაფხული ანაკლიიდან განმუხურამდე გადაჭიმულ ულამაზეს სანაპიროზე, უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად და შეიგრძენით რეალობის რეალური ალტერნატივა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში", - ნათქვამია "კაზანტიპის" ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს