დათუნა სულიკაშვილი რეიდისას პატრულის მხრიდან უხეშ დამოკიდებულებას აღწერს - დიზაინერის ღია მიმართვა ჭიკაიძეს

დათუნა სულიკაშვილი რეიდისას პატრულის მხრიდან უხეშ დამოკიდებულებას აღწერს - დიზაინერის ღია მიმართვა ჭიკაიძეს

ბოლო დღეებში, ქვეყანაში დამძიმებული კრიმინოგენური ვითარების ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეიდები დაიწყო, რამაც მოქალაქეებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩინა. ნაწილი ამბობს, რომ გახშირებული კრიმინალის შემდეგ რეიდები დროულია, თუმცა ადგილი აქვს პოლიციის მხიდან არამართებულ დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც რეიდისას სამართალდამცავების უხეშ დამოკიდებულებაზე საუბრობს, დიზაინერი დათუნა სულიკაშვილია. დიზაინერი დეტალურად აღწერს პროცესს საკუთარ ღია მიმართვაში, რომელიც მან Facebook-ით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ალექსანდრე ჭიკაიძეს გაუგზავნა.

გთავაზობთ ტექსტს უცლელად.

Facebook/ დათუნა სულიკაშვილი, დიზაინერი:

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,

საქართველოს მოქალაქის, დავით სულიკაშვილის

ღია მიმართვა

ბატონო მინისტრო,

პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ჩვეულებრივ ვერიდები ხოლმე და არასდროს მქონია სურვილი, პოლიტიკურ პროცესებში ჩავრეულიყავი, მაგრამ გუშინ დაწყებულმა რეიდებმა ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა.

გუშინ, შაბათს, 6 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე მეგობართან ერთად, ავტომანქანით ნათესავის სანახავად მივდიოდი. ავტომანქანა მის სახლთან, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე გავაჩერეთ. ამ დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც გამოჩნდა (ნომრით #7204). პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, ჩვენკენ გამოემართა და მანქანის მინაზე უხეშად რამდენჯერმე დააბრახუნა. შუშა ჩამოვწიე და ვიკითხე თუ რა ხდებოდა. პატრულმა უხეში ტონით მანქანიდან გადასვლა მომთხოვა. კვლავ ვიკითხე მიზეზი, რაზეც პასუხად მივიღე: "შენი საქმე არ არის, გეუბნები გადმოდი მანქანიდან!" რის შემდეგაც ის თავად აღებს კარს და ჩემს გარეთ გადაყვანას ცდილობს.

მანქანიდან გადმოსულმა კვლავ ვიკითხე უხეშობის მიზეზი და პასუხად ისევ: "შენი საქმე არ არის!" მივიღე. უშედეგოდ ვცდილობდი მისი ვინაობის დადგენას, ისე, როგორც ამის უფლებას კანონი მაძლევს. ჩემს მორიგ კანონიერ მოთხოვნაზე, დაესახელებინა ვინაობა, მან ფიზიკური შეურაცხყოფით, კერძოდ, ხელის კვრით მიპასუხა და განზე გადგომა მომთხოვა. ამასობაში ნათესავი, ქალბატონი, რომლის სანახავადაც ვიყავით მისული, თანხმლებ პირთან ერთად მანქანით მოვიდა. ისიც დაინტერესდა თუ რა ხდებოდა. პატრულმა მას ვინაობა გამოჰკითხა. ქალბატონის პასუხზე, რომ დეიდა იყო, პოლიციელმა მას უხეშად, შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ხოდა წადი შვილს მიხედე აქ რა გინდა, ბიჭები არიან, შარვლები აცვიათ და მიხედავენ თავს!" - ხოლო მეორე ქალბატონს მოსთხოვა: "მანქანით ქუჩაში ნუ დგახარ, გაიარე დროზე!" ეს ყველაფერი მისი ხელების ქნევის და ყვირილის ფონზე ხდებოდა. მე ჯიუტად ვითხოვდი მის სახელსა და გვარს, რის პასუხადაც დამცინავი პასუხი მივიღე: "წადი რძე დალიე, ვინ ხარ ვაფშე!", ხოლო კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლება, პასუხად ვიღებდი: "მაქვს!"

ამის შემდეგ ის მანქანისკენ გაემართა და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ვინაობა მანამ არ გაამხილა, ვიდრე მისმა მეწყვილემ, რომელიც ამ დრომდე მანქანში მშვიდად აკვირდებოდა პოლიციელის მიერ მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტს, არ მოუწოდა ჩვენთვის ვინაობა გაემჟღავნებინა. გაბრაზებულმა პატრულის თანამშრომელმა სახელი მოგვაძახა და წავიდა. სამართალდამცავთა წასვლის შემდეგ მე ჯერ 112-ს, ხოლო შემდეგ გენინსპექციას მივმართე. მათ შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩაიწერეს და რამდენიმე დღე ითხოვეს გამოძიებისთვის.

ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ეს და სხვა მრავალი შემთხვევა მარწმუნებს, რომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქის შეურაცხყოფა ხშირად დაუსჯელი რჩება. ამის გამო იძულებული ვარ პირდაპირი კითხვებით მოგმართოთ: თქვენი ბრძანებით ტარდება ასეთი რეიდები? ეს ხომ უკანონოა,? ან, საერთოდ რეიდები დანაშაულის კლებას იწვევს? განა უპრიანია პოლიციელები ადამიანებს მიეჭრან, ხელი კრან და შეურაცხყოფა მიაყენონ? ნუთუ პოლიცია გილახავთ სახელს და აღარ გემორჩილებიან? პოლიცია დამნაშავეებს უნდა ეძებდეს თუ ჩემნაირ კანონმორჩილ ადამიანებს უნდა უქმნიდეს პრობლემებს? მოვითხოვ სათანადოდ, კანონის ფარგლებში დაისაჯოს ჩემი და სხვისი უფლებების დამრღვევი პოლიციელი სოსო ჯორბენაძე.

აქამდე თქვენი სახელი და გვარი არ ვიცოდი. სამწუხაროდ, ახლა ვიცი", - ნათქვამია მიმართვაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს