"ცარიელი ადგილი დატოვა, თითქოს კბილი ამომაძრეს" - თამარ ჩერგოლეიშვილს გიგი უგულავა ენატრება

"ცარიელი ადგილი დატოვა, თითქოს კბილი ამომაძრეს" - თამარ ჩერგოლეიშვილს გიგი უგულავა ენატრება

მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგი უგულავას მეგობრობის შესახებ. უგულავა ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილთან წლების მანძილზე მეგობრობდა და მათი ერთ-ერთი მეჯვარეც იყო.

გიგი უგულავას დაკავების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს არაერთხელ გაუკეთებია ექს-მერის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც მეტწილად პოლიტიკური იყო, თუმცა ამჯერად ის Facebook-ზე მკითხველს ემოციური კუთხით უჩვენებს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ახლო მეგობარი ციხეშია, და რამდენად დააკლდა უგულავა ჩერგოლეიშვილის ყოველდღიურობას. თამარ ჩერგოლეიშვილი იმასაც ამბობს, რომ ქალაქის ყოფილ მერთან ხშირად ისე ცხარედ კამათობდა, რომ უგულავა ყვირილსაც კი იწყებდა.

Facebook/თამარ ჩერგოლეიშვილი:

"მაგრად მომენატრა. დიდი ცარიელი ადგილი აქვს დატოვებული. თითქოს წინა კბილი ამომაძრეს.

სულ ვჩხუბობდით. ორივეს გვიყვარს ჩხუბი. თუ ისეთ თემაზე ვურეკავდი, რომ წინასწარ ვიცოდი წინააღმდეგობა უნდა გაეწია, ვაფრთხილებდი ყვირილს თუ დაიწყებდა, გავუთიშავდი და მესიჯებით გავლანძღავდი

ერთხელ ორი თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს.

რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას რუსთავი ორზე შუა დღეში გადაცემას ვაკეთებდი ამ თემაზე. ამიხირდა, მაინც და მაინც სინოდის სხდომის პარალელურად და მაინც და მაინც შენ რატომ უნდა გააკეთო ეგ თემა, პირდაპირ ჩვენ გვეტენებაო - ნერვიულობდა, არაპროგნოზირებადად მიმიჩნევდა (არც თუ უსამართლოდ) და თვლიდა, რომ ისეთ რამეს ვიტყოდი, ავაფეთქებდი.

ისე ვიჩხუბეთ, მთელი ღამე ვჯღაოდი - ბოლოს დამითმეს და დასიებული თვალებით შევედი ეთერში.

მენატრება. მინდა რომ მალე მოვიდეს და ჩემი ნერვების მოსაშლელად ჩემი თეფშიდან ამაცალოს ბოლოსთვის შენახული გემრიელი ლუკმები, შეძვრეს მაცივარში და არც იკითხოს, ისე შეჭამოს კესოს იოგურტები, გამოიღოს ძვირფასი კონიაკი და ისე დალიოს თითქოს არაყი გომია, წამოწვეს დივანზე ისე, რომ დასაჯდომად ადგილიც არ დაგიტოვოს.

თითქმის სამი თვეა არ მინახავს და მაინც მეშლება, გიგა და გიგი მოვიდნენ, გოკა და გიგი იყვნენ... არადა სადაა გიგი. სასამართლოებზე ვნახულობ და ვემაიმუნები დარბაზიდან რაღაცეებს.

ისიც იცინის, კვდება სიცილით - საოცარი ხასიათი აქვს. ახერხებს, რომ ყველგან კარგად იყოს. ციხეშიც", - წერს ჩერგოლეოშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს