"ჩემზე და ჩემს მეგობრებზე თვალთვალი გრძელდება" - ვისთან მიმოწერა "გაუტეხეს" ნიკა გვარამიას

"ჩემზე და ჩემს მეგობრებზე თვალთვალი გრძელდება" - ვისთან მიმოწერა "გაუტეხეს" ნიკა გვარამიას

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას მეილები გაუტეხეს. ამის შესახებ გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. გვარამიას თქმით, მისი პირადი მიმოწერის შინაარსი შეცვლილია.

"ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეებში ჩემი მეგობრის პირით შემომითვალეს, რომ ჩემი იმეილები გატეხილია. მტკიცებულების სახით, ეს იმეილებიც მაჩვენეს. მათ შორის აღმოჩნდა სკაიპის მიმოწერაც. ძირითადად, მთავრობისთვის საინტერესო ჩემს მეგობრებთან მიმოწერა: ზურაბ ადეიშვილთან, დავით კეზერაშვილთან, თამარა ჩერგოლეიშვილთან.

ცხადია, ქვეყანაში შექნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არაფერს სერიოზულს იმეილით არ ვაგზავნი. მიუხედავად ამისა, არც პირადი მიმოწერა მინდა ვინმეს მიერ იკითხებოდეს.

საინტერესო ისაა, რომ დავით კეზერაშვილთან ერთ-ერთ მიმოწერაში ჩამატებულია მთელი აბზაცი, შემდეგი შინაარსით:

"ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. შენი გამოშვებული თანხა დაჯდა, მე ბალტიკუმიდან ველოდი, თუმცა თანხა ჰავილანდიდან მოვიდა. სხვა დროს გამაფრთხილე ხოლმე, რადგან აქაც დაბნეულობა იყო და არ მინდა რამე ეჭვები გამოიწვიოს".

ეს აბზაცი რომ ჩამატებულია, გარდა იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს აქ რაზეა ლაპარაკი, იმითაც დასტურდება, რომ მთელი დანარჩენი ტექსტი გადმოტანილია სპეისების გარეშე (როგორც ხდება ოპერატიული დამუშავებისას), ხოლო ეს აბზაცი ჩაბეჭდილია ჩვეულებრივი ტექსტით.

ჩემთვის უცნობია, სისხლის სამართლით და კონსტიტუციით დაცული ჩემი ინტერესი დაირღვა მთავრობის მიერ, ინტერნეტ პროვაიდერის მიერ, ორივეს ერთობლივი ძალისხმევით, თუ კერძო პირის კერძო ინიციატივაა, რაც, ვფიქრობ, ტექნიკურად სრულიად წარმოუდგენელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კერძო პირს პირდაპირ და საჯაროდ ვუცხადებ, რომ მისი შანტაჟი ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ აბსოლუტურად არ მაღელვებს, რაც უნდა და სადაც უნდა იქ გამოაქვეყნოს. ჩემთვის ცნობილია, მისი ვინაობა და ყველა შემთხვევაში პასუხს ვაგებინებ კანონის მთელი სიმკაცრით. და თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას მას ააცილებს, ამით მხოლოდ დაადასტურებს ჩემს საფუძვლიან ეჭვებს, რომ სწორედ ხელისუფლების ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს (უფრო სწორად, გრძელდება) ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ფარული მიყურადება და თვალთვალი", - წერს გვარამია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს