"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო" - რა საფრთხეს შეიცავს დანაშაულზე ხშირად ინფორმირება

"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო" - რა საფრთხეს შეიცავს დანაშაულზე ხშირად ინფორმირება

ჟურნალისტი მაია კვარცხავა ("ამერიკის ხმა") სოციალურ ქსელში მკვლელობების გაშუქებასთან დაკავშირებით კოლეგებს მიმართავს. მიმართვას რეკომენდაციას უწევს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო. ებოლასთან დაკავშირებით "ასოშაიტედ პრესმა" რჩევების სია გამოსცა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მედიაში ვირუსის გავრცელება ისე, რომ მოსახლეობაში ზედმეტი პანიკა არ დავთესოთ.

ოჯახური ძალადობის გამო ქალების მკვლელობებთან დაკავშირებითაც კარგი იქნება თუ ჟურნალისტები გავითვალისწინებთ "ვერტერის სინდრომს" (უკავშირდება გოეთეს რომანს "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი") და ინფორმაციას ისეთი ზედმეტად სენსაციური დრამატიზირებით არ გადავცემთ, რომ უნებურად მათი განმეორებითი და მიბაძვითი ალბათობაც გავზარდოთ. სერიოზულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევასთან გვაქვს საქმე და ეს მართლა ძალიან საშიში შეიძლება იყოს, თუ უკვე არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავეობის მსგავსი ჯაჭვური რეაქციის შემთხვევებს "ქოფიქეთსაც" (copycat) უწოდებენ. "ქოფიქეთის ეფექტი" არის კრიმინალისტიკაში და ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი ძალადობრივი მკვლელობის და თვითმკვლელობის სენსაციური პუბლიკაციებით შექმნილი ტენდენცია, რომელიც მათ შემდგომ იმიტაციაში გამოიხატება. ის პირველად დევიდ ფილიპსმა, ამერიკელმა სოციოლოგმა აღმოაჩინა. 1947-1968 წლების მკვლელობათა სტატისტიკის შესწავლის შემდეგ მან ნახა, რომ ყოველი გახმაურებული თვითმკვლელობის შემდეგ პირველი ორი თვის განმავლობაში საშუალოდ 58-ით მეტი ადამიანი იკლავდა თავს, ვიდრე სხვა დროს. ალბათ ბევრს სმენია მერლინ მონროს, ან სერგეი ესენინის თვითმკვლელობის შემდეგ მომხდარი სუიციდის მასობრივი შემთხვევების შესახებ.

ღმერთმა ნუ ქნას და თუ კიდევ მოხდა ცოლის მოკვლის ფაქტი საქართველოში, შესაძლოა თითო აგური ამ უაღრესად კომპლექსურ პრობლემაში და კოშმარულ დანაშაულში ჩვენი, ჟურნალისტების დადებულიც იყოს. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ვიდრე სხვების მოვალეობებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზეც დავფიქრდეთ და ცოტა ფრთხილად გავაშუქოთ მსგავსი მოვლენები. ყოველდღიურობაში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაკისრია და სიტყვის სახით ხელში შეიძლება დატენილი პისტოლეტი გვეჭიროს.

მადლობა ყურადღებისთვის.

პატივისცემით, მაია ქვარცხავა", - წერს ჟურნალისტი.

პოსტს ნათია ფანჯიკიძეც ეხმაურება.

"ჟურნალისტებს, ისე როგორც სხვა პროფესიის ადამიანების დიდ ნაწილს იშვიათი ფუფუნების გარდა, საკუთარი თავის განვითარება მხოლოდ საკუთარი ძალით, თვითონვე უწევთ, სასარგებლო "რეცეპტებს", ნორმალურ ქვეყნებში დიდი ხნის წინ აპრობირებულს და დადგენილს, დამოწმებულს, არავინ სთავაზობს. ან კი ვინ შეწუხდება რომ შესთავაზოს, როცა თავად სახელმწიფო დიდებულები (უმეტესად ყოფილები) თვითონ დარბიან შეკვეთილი სტატიებით და ქმნიან დემორალიზებულ გარემოს. ამ ფონზე, ჩვენი ჟურნალისტები კიდევ კარგად ერკვევიან მოვლენებში და არჩევენ ცუდს კარგისგან. რას ვიზამთ, ისევ თვითონ, ჩვენ თვითონ უნდა აღვიქვათ, ჟურნალისტებმაც, ექიმებმაც, მუშებმაც, პედაგოგებმაც, ყველამ.. რომ არაპროფესიონალიზმი მხოლოდ არაპროფესიონალს ეჩვენება რომ აწყობს, ეჩვენება ნიშნავს, - ეშლება. სინამდვილეში არავის არ შეიძლება აწყობდეს. ერთი და თანაც არც ისე დიდი ოჯახი ვართ საქართველო. საბოლოო ჯამში ყველას ყველაფერი ერთნაირად გვეხება", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს