"არც ერთი ქვა არ დარჩება თავის ადგილზე" - კოკო გამსახურდია მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე

"არც ერთი ქვა არ დარჩება თავის ადგილზე" - კოკო გამსახურდია მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვალდაის კლუბში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს განიხილავს.

"ვლადიმერ პუტინის მიერ ამას წინათ წარმოითქვა სიტყვა ვალდაის კლუბში, სოჭთან ახლოს, რომელიც ისტორიულ გამოსვლადაა მიჩნეული.

ეს სიტყვა კიდევ ერთი სიმპტომია იმისა, თუ რა საშიშ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. როგორც ჩანს, არც ერთი ქვა არ დარჩება თავის ადგილზე, რაც შეეხება საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს და იმ წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, იალტისა და პოტსდამის შეხვედრების შედეგად მივიღეთ მსოფლიოში.

ცხადია, რომ ეს წესრიგი, დამყარებული გამარჯვებულ მხარეთა ურთიერთშეკავებაზე, არ იყო ბოლომდე სამართლიანი, ნაკლებად ითვალისწინებდა ჰუმანიზმის პრინციპებს, ზოგჯერ ირღვეოდა ხან აშშ-ის, ხან სსრკ-ს და მისი ტრადიციების გამგრძელებლის, რუსეთის მიერ, ხანაც სხვა რომელიმე რეგიონალურ-დომინანტი ქვეყანაც ადგებოდა იგივე გზას, მაგრამ იგი ახლანდელ თუ პერსპექტიულ ძალაუფლებრივ-პოლიტიკურ ჯუნგლთან შედარებით უფრო მეტად უსაფრთხო იყო მაინც.

ახლა საკითხავი ის არის, თუკი პუტინისეულ ლექსიკას დავესეხები, რომელი ტაიგის დაცვას აპირებს "დათვი" და ჩვენ ამ ტაიგის რომელ კუთხეში მოგვიაზრებს. ასევე რას ნიშნავს "დაცვა" - ამ ზონის მოსახლეობის დიდი უმრავლესობითვის უნდობლობის გამოცხადებას ხომ არა? და ასეთ უნდობლობას რა მოყვება, ისიც ვიცით: გაგრის, სოხუმის, ცხინვალის, თამარაშენის, ქურთას, კეხვის და სხვა ადგილების მაგალითზე. ალბათ გვეცოდინება მალე გალის მაგალითზეც აფხაზეთის ახალი "პრეზიდენტის" და რუსეთთან ახალი ინტეგრაციის პირობებში, სადაც ჯერ კიდევ დარჩნენ ქართველები.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი, როგორც ატილა და ჩინგისხანი დიდ გეოპოლიტიკურ სივრცეებს უყურებს, მისი დარჩენა ან წასვლა ბევრს არაფერ ს გადაწყვეტს - რადგან საქმე კოლექტიურ პუტინშია, რომელიც რუსეთში იყო მანამდეც და იქნება მერეც.

საქართველომ ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს შემდეგი პრინციპებით: 1. უნდა ემზადოს ყველაზე უარესისთვის - ესაა სამხედრო ინვაზია ყველაზე საშინელი ფორმებით, რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს საქართველოს გაქრობა პოლიტიკური რუკიდან, მისი ტერიტორიის დაყოფა ზონებად და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილის დევნილად ქცევა 2. უნდა ელოდოს ამ სიტუაციაში ყველაზე უკეთესს - ესაა ყველანაირი დიპლომატიური საშუალების გამოყენებით წარმატების მიღწევა იმ მხრივ, რომ ეს არ მოხდეს და რუსეთმა უკან დაიხიოს. ამ გამოცდის გავლა ქართულ სახელმწიფოებრიობას ნამდვილად განამტკიცებს ხანგრძლივ პერსპექტივაში. 3. მიიღოს ის, რაც ამ ორ უკიდურესი განვითარების სცენარს შორისაა საგულვებელი - და ყველანაირად ეცადოს განამტკიცოს მიღწეული.

ხოლო ჩვენი მოკავშირე დასავლეთი რას იზამს, მოდით ამაზე დასკვნებს ჯერჯერობით ნუ გავაკეთებთ - ეს ჯერჯერობით არავინ იცის, თავად იქაურ Think-tank-ებშიც ანუ იდეების გენერირების ცენტრებშიც არ იციან, როგორც ეს ჩანს", - წერს გამსახურდია.

მსოფლიო წესრიგის საკითხისადმი მიძღვნილ "ვალდაის" წლევანდელ ფორუმზე, გლობალურ საკითხებთან ერთად, მთავარ თემებს საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის მართვა და უკრაინაში არსებული ვითარება წარმოადგენდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა გამონათქვამი გაიხსენა.

"რაც იუპიტერისთვის არის დაშვებული, დაუშვებელია ხარისთვის"; "დათვი ნებართვას არავისგან აიღებს", "დათვი ტაიგას არავის მისცემს", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, მან გაიხსენა ის გამონათქვამები, რომლებიც "ძველებს" ეკუთვნით. "ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ასეთ ფორმულირებებს. შეიძლება ხარისთვის რაღაც დაუშვებელია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დათვიც არავის არაფერს დაეკითხება. საერთოდაც, დათვი ჩვენთან ტაიგის პატრონად ითვლება და ვიცი, რომ მისთვის არ არის ხელსაყრელი სხვა კლიმატურ ზონაში ყოფნა. ის ტაიგას არავის დაუთმობს.

ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს", - აღნიშნა დღეს პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ რუსეთს არაფერი უნდა ჰკითხონ, რომელმაც დაშლის დროს ტრანსფორმაცია განიცადა. ამიტომაც დაიწყეს იმის კეთება, რაც სურდათ და არავითარ წესს არავის უთანხმებდნენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს