"მდიდარი ადამიანების დახარჯულ ფულს ეჭვით უყურებს ჩვენი საზოგადოება" - ნათია ფანჯიკიძე

"მდიდარი ადამიანების დახარჯულ ფულს ეჭვით უყურებს ჩვენი საზოგადოება" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სარეაბილიტაციო ცენტრ "კამარას" იუბილეს ულოცავს. ნათია ფანჯიკიძე "კამარაში" თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელია და წამალდამოკიდებულ პირებს უსასყიდლოდ ეხმარება ნარკომანიის დაძლევაში. ფსიქოლოგი სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსებისა და მოღვაწეობის მცირე ექსკურსს აქვეყნებს.

"მდიდარი ადამიანების დახარჯულ ფულს ძირითადად ეჭვით უყურებს ჩვენი საზოგადოება, - ვიღაც მდიდარი იმიტომ აშენებს ეკლესიას, რომ ღმერთის მოსყიდვა უნდა, ან რაიმე განსაკუთრებული ინტერესი აქვს, ძირითადად პოლიტიკური... 90-იანებში უცხოეთიდან ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები ან ბავშვთა კვება და სხვა, რომ ჩამოდიოდა, ხშირად გამიგია - "კარგს რას გვაჭმევენ... უვარგისს გვიგზავნიან".

ჩვენი საზოგადოება ტრავმირებულია, ცუდი გამოცდილებების მსხვერპლია და თითქმის არაფერს და არავის ენდობა.

არადა ორმხრივი მადლიერება ქველმოქმედებას ყოველთვის ახლავს - ნაკლებ მდიდარ ადამიანსაც, შესაძლოა, ქუჩაში ხელგაწვდილ მოხუცს რომ ფულს მისცემს, გარკვეულ იმწუთიერ იმედად ეღვრება გულში უკან მიყოლებული მისი ლოცვა, მაგრამ მისი 50-თეთრიანი ეჭვის თემა არ ხდება.

ფაქტია, ყველა ნორმალურად განვითარებულ პიროვნებას უჩნდება სურვილი, აკეთოს სიკეთე. ვის როგორ წარმოუდგენია თავისთავად სიკეთე, ეს სხვა ვრცელი თემაა.

2010 წელს დავიწყე კამარას დაარსებაზე ფიქრი. შევკრიბე გუნდი, საჭირო იყო საწყისი თანხა, რომ შეგვეძინა ავეჯი, გვექირავა შენობა და გაგვემართა საქმიანობა. არცერთი ფონდი არ დამეხმარა. ცალკე აღებული პროფესიული ბიოგრაფიები მოსწონდათ, მაგრამ გვიწუნებდნენ ორგანიზაციად ყოფნის გამოუცდელობას. საქმის დაწყება რთული ყოფილა, - ვაითუ ვერ გამომდგარიყო პროექტი წარმატებული, ფულის გადაყრა არავის არ უნდოდა. გარისკა მხოლოდ ფონდმა ღია საზოგადოებამ, გვენდო და 30 000 დოლარით (ეს იყო ყველაზე დიდი ბიუჯეტი, რაც კი კამარას როდესმე ქონია და თითქმის წელი ვიმყოფინეთ, ცენტრის მოწყობიანად, ქირის და ყველა ხარჯის ჩათვლით), გავაჩინეთ პატარა სამოთხე, ჯადოსნური რკალით დაცული ყოველგვარი იმ ტოქსინისგან, რაც ირგვლივ მეფობს. კამარა, რომელიც რეალობას კი არ ნიღბავს და აფერადებს, არამედ ქმნის საუკეთესო შესაძლო რეალობას და ადასტურებს, რომ რეალობის შემოქმედი ვართ თითოეული ჩვენგანი.

მადლობელი ვარ ფონდის, რომ მათი ხელშეწყობით გაჩენილ ცენტრში 2011 წლიდან დღემდე 200-ზე მეტმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა გაიარა თერაპია უფასოდ და რომ მიღწეული შედეგით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულების მქონდე პირი ისევე არ უნდა ისჯებოდეს კანონის არანორმალური სიმკაცრით, როგორც აზარტულ თამაშზე დამოკიდებული, ან საკვებზე დამოკიდებული ადამიანი, რომ თუ კრიმინალი არ არის, ადამიანი თავისუფლების, თვითრეალიზების, სიყვარულის, მკურნალობის და თანადგომის ღირსია. და როცა გარბის ადამიანი ცხოვრებიდან, კი არ უნდა დავიჭიროთ და ყველაზე დიდ ჯოჯოხეთში ყოფნა ვაიძულოთ, არამედ შევაჩეროთ და ვკითხოთ, - სად გარბიხარ? რა გაშინებს, რა გაწუხებს, რას ვერ ეზიდები?

20 წლის იუბილეს გილოცავ ფონდო, მეტი და მეტი კარგი საქმე გეკეთებინოთ", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს