"უნიათო ჰაკიმის მოსვრილის ბეჯით დამლაგებლადაა ქცეული" - რა ბრალდებებით პასუხობენ თინა ხიდაშელს "ნაციონალები"

"უნიათო ჰაკიმის მოსვრილის ბეჯით დამლაგებლადაა ქცეული" - რა ბრალდებებით პასუხობენ თინა ხიდაშელს "ნაციონალები"

აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გუშინ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. დეპუტატის განმარტებით, აგვისტოს ომში რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის განხორციელების დამტკიცებას სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს და წინამორბედ მთავრობას ამ კუთხით საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების სახით "ერთი ფურცელიც" არ გაუგზავნია. ხიდაშელის ამ განცხადებებს სოციალურ ქსელში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოხმაურებები მოჰყვა.

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ნახეთ, ვინ ლაპარაკობს. თითების ქნევითა და "არ მივიღებ" მკაცრი შეძახილით. იმ პარტიის წევრი, რომელიც უნიათო ჰაკიმის მოსვრილის ბეჯით დამლაგებლადაა ქცეული; რომლის ლიდერიც პარლამენტის თავჯმდომარეა და რეალურად, ხელმძღვანელობას "პრიატნი" ვოლსკის უთმობს; რომლის გამოჩენილი წევრიც რუსეთის საელჩოს ბოლო მდივანს ენის მოჩლექით ანგარიშს აბარებდა მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო ვარაუდებზე; რომლის მინისტრიც, ყაზანის უნივერსიტეტის მეცნიერული კომუნიზმის სპეციალისტი, დღეს უკვე ღიად უკავშირებს აფხაზეთის ანექსიას საკუთარ წარმატებას და ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვოლსკისთან და აბაშიძესთან ერთად ცდილობს, საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივი დუმილი იქამდე მიატანოს, სანამ ყველა დავალებას არ შეასრულებს და ქვეყანას #1 მტერს, პუწინს არ ჩააბარებს გარანტირებულად. და რას ლაპარაკობს. ტყუილს. კარასინ-აბაშიძე-ზაქარეიშვილ-ვოლსკის ბიძინასეულ ნარატივს. თანაც, როგორც საბოლოოდ ნამუსზე ხელაღებულებს სჩვევიათ, მჭახედ და რიხიანად. ოლოლო თქვენ, ქალბატონო თინათინ: საზოგადოება ზუსტად ხედავს თქვენს რეალურ პოზიციონირებას და რიხიან ტყუილებსაც გაეცემა საკადრისი პასუხი!".

თინა ბურჯალიანი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილე:

"ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომის გამოძიებასა და სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შესახებ არის ტყუილი, უპასუხისმგებლობა და იმ ადამიანების შეურაწყოფა ვინც წლებია მუშაობს რუსეთის აგრესიის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მიცემაზე ამ უწყებებში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შევხვდი პირადად რუსული აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2008 წლის 13 აგვისტოს და გადავეცი ჩემს ხელთ იმ დროისათვის არსებული ინფორმაცია. ასევე შევხვდი 2008 წლის სექტემბერში და გადავეცი საქმის მასალები რამდენიმე ტომად, რომელიც აჩვენებდა რუსი სამხედროების მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდას, ომის დანაშაულსა და სხვა მძიმე სამართალდარღვევებს.

2009 წელს მე და ზურაბ ადეიშვილი ისევ შევხვდით სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პორკურორს ბატონ ოკამპოს და გადავეცით დამატებითი მასალები, რაც იმ დროისათვის გამოძიების და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იქნა მოპოვებული.

ამასთან, სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს 2009-2011 წლებში რამდენჯერმე გაეგზავნე ასეულობით გვერდი მტკიცებულება და სიტუაციის ანალიზი, რომელიც ადასტურებდა რუსი სამხედროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული პირების მიერ ქართველების ეთნიკური წმენდასა და ომის დანაშაულებს. ამევე პერიოდში განხორციელდა სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის ვიზიტები საქართველოში, რომლის დროსაც მათ გადაეცათ დამატებითი მასალები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტების მიწოდება ხდებოდა პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიების გავლით. ამ წერილების ნომრები და ასლები უნდა ინახებოდეს ორივე უწყებაში. ამასთან, ადამიანები ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მასალების მომზადებაში ისევ მუშაობენ მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში და მათ ამნეზია არ აწუხებთ.

ქართულ მხარესთან თანმშრომლობა დადებითად შეფასდა სისხლის სამართლის სასამართლოს 2009/2010, 2010/2011, 2011/2012 წლის ანგარიშებში, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იქნა წარდგენილი. ეს დოკუმენტები საჯაროა და სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს ვებგვერდზე დევს (http://www.icc-cpi.int/…/Pag…/reports%20on%20activities.aspx ). ასევე საჯაროა პროკურორის 2008 წლის 14 აგვისტოსა და 2010 წლის 25 ივნისის განცხადებები სადაც საუბარია ქართული მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე (http://www.icc-cpi.int/…/pe-ongo…/georgia/Pages/georgia.aspx ).

გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელები შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში.

სტრასბურგში მიმდინარე საქმეზე საქართველოს განაცხადი დასაშვებად იქნა გამოცხადებული 2011 წელს. მისი არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. უმჯობესია ქალბატონმა ხიდაშელმა საზოგადოებას უთხრას რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში.

რაც შეეხება მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავას, შეგახსენებთ, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ უნდა მომხდარიყო ეთნიკური წმენდის ბრალდების გარშემო არგუმენტების გაცვლა მოლაპარაკების გზით. ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ პოზიციას, თუმცა დავის გასაგრძელებლად ამ პირობის შესრულება აუცილებელი იყო.

წინა ხელისუფლების დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტა გადასცა რუსეთის ფედერაციას, სადაც ის ცალსახად არის დადანაშაულებული ქართველების ეთნიკურ წმენდაში, ანუ დაიწყო მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მითითებული პროცესი. ხელისუფლების ცვლის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა და მისი ბედი უცნობია. ქალბატონმა ხიდაშელმა ამაზეც უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია.

სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მთელი რიგი თემებით სპეკულაციას. თუმცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ახლა უკვე ანექსია ის საკითხებია, რომელთა გადასაჭრელად უნდა გაერთიანდეს ყველა. ქალბატონი ხიდაშელის დღევანდელი ეთერი მხოლოდ საწინააღმდეგოს აჩვენებს".

სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე; (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე):

"გუშინ ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით:

- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს გადაცემული აქვს რამდენიმე ტომი მასალა, მათ შორის, და პირველ რიგში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის აქტებთან დაკავშირებით! ეს მასალები გაგზავნილია ოფიციალურად, ასევე გადაცემულია პირადი შეხვედრების დროს ბ-ნ ოკამპოსთან. ეს არის მარტივად გადასამოწმებელი. ამიტომ, გუშინ ამ თემაზე, სამწუხაროდ, ქალბატონი ხიდაშელი ცრუობდა;

- საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც სასამართლომ დასაშვებად არ ცნო, რადგან მოგვთხოვა, რომ CERD-ის კონვენციის ფარგლებში ჯერ მოლაპარაკებები გვეწარმოებინა. ამ თემაზე რუსეთთან ორჯერ გაიცვალა ნოტები 2011-2012 წლებში. დღეს რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს. მოყვა ამ პროცესს გაგრძელება? თუ ჩვენ მართლმსაჯულების სასამართლოში დაბრუნება გვინდა ეთნიკური წმენდის თემით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჯერ და მერე დავბრუნდეთ. ისე, ვერ დავბრუნდებით. ვაკეთებთ რამეს დღეს? ჩემი ინფორმაციით, არა!

- ამ რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებაზე დასაპირისპირებლად შეგვეძლო გამოგვეყენებინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს რუსეთთან დადებული საბაჟო მონიტორინგის ხელშეკრულება. სადაა აბა ეს ხელშეკრულება ამოქმედებული? როცა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე და ბერკეტებზე საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი, რომელიც სრულიად არაფრიდან გავაჩინეთ რუსეთთან (დავები მსო-შ შიგნით), დღეს არ გამოგვიყენებია და არც ვაპირებთ, როგორც ჩანს!

- და ბოლოს: სანამ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ვზრდით, ეს საუბრები უბრალოდ სასაცილოა. ბოლო ორ წელიწადში ექსპორტი რუსეთთან საერთო ექსპორტის 2%-დან 10%-მდე გაიზარდა. ამ სისწრაფით თუ გაგრძელდა, ორ წელიწადში იმდენად ვიქნებით რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული, რომ სრულიად აზრი დაეკარგება რამე საგარეო პოლიტიკურ მცდელობებს, რადგან ყველაზე სერიოზული ბერკეტი - ხალხის კეთილდღეობა ექნება ხელში კრემლს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს