"მოდი, ჩვენთან უფალო. პატარა ადამიანები, სიძულვილით დავიღალეთ" - დაჩი გრძელიშვილის სულისშემძვრელი პოსტი კენიაში მომხდარ ტრაგედიაზე

"მოდი, ჩვენთან უფალო. პატარა ადამიანები, სიძულვილით დავიღალეთ" - დაჩი გრძელიშვილის სულისშემძვრელი პოსტი კენიაში მომხდარ ტრაგედიაზე

რამდენიმე დღის წინ, კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირებმა 147 ადამიანი მოკლეს, რომელთა უმრავლესობა სტუდენტი აღმოჩნდა. ისლამისტური დაჯგუფების წევრები, ტყვედ აყვანილ სტუდენტებს ყურანის დაციტირებას სთხოვდნენ, ხოლო მათ ვინც ბრძანებას ვერ ასრულებდა ხვრეტდნენ.

სისხლიან თავდასხმას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ეხმაურება.

"იესო, მუჰამედ, კრიშნა, იაჰვე... არ ვიცი, კიდევ როგორ გეძახიან დედამიწის სხვადასხვა ადგილებში. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ერთადერთი და იგივე ხარ ყველგან - ღმერთი. ისიც ვიცი, რომ ჩემი თანაადამიანები - პატარა კაცები, სიყვარულს ყველა თავ-თავისი შერქმეული სახელით გეფიცებიან. ცდილობენ, დანარჩენებმა მხოლოდ მათი შერქმეული სახელი დაგიძახონ. პატარა კაცები ამბობენ, რომ შენს სახელს იცავენ და ამ მიზეზით იმდენ ბოროტებას ჩადიან... თავის პატარა სოფლებში, პატარა ქვეყნებში, პატარა დედამიწაზე, ვითომ შენ გიცავენ - ათასობით პატარა და დიდი დედამიწის, მზის, მთვარის, სამყაროების შემქნელს... შენ ხომ ყველგან ხარ. შენთვის ხომ ათასი წელი ერთი წამია. მოდი, ჩვენთან უფალო. გვითხარი პატარა კაცებს, რომ ჩვენი დაცვა არ გჭირდება - არც ჩვენგან აოხრებული სოფლები, არც ჩვენგან მოკლული ბავშვები გჭირდება და არც შენი სახელის სადიდებლად, ჩვენგან გაკორტნილი გულები... მოდი, ჩვენთან უფალო. ჩვენ, პატარა ადამიანები, სიძულვილით დავიღალეთ", - წერს გრძელიშვილი.

როგორც გაირკვა, თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" განახორციელა. ეს დაჯგუფების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელები ყველა მიმართულებით ისროდნენ, მოგვიანებით მათ დატყვევებულებიდან ქრისტიანები ცალკე გაიყვანეს და დახოცეს.

ძალოვანი სტრუქტურები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დატყვევებულების გათავისუფლებას.

მომხდართან დაკავშირებით, კენიის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ მუჰამადის სანაცვლოდ, ჯილდოდ 215 ათასი დოლარი დააწესა.

თავად დაჯგუფება "ალ-შაბააბის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის მიზეზი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კენიის მონაწილეობაა. კენიელი სამხედროები სომალიში 2011 წლის ოქტომბრიდან ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვიან.

იხილეთ გალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს