"სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს, ისეთი ამბავი შემემთხვა" - გია მაისაშვილი

"სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს, ისეთი ამბავი შემემთხვა" - გია მაისაშვილი

პოლიტიკოსი გია მაისაშვილი "ფეისბუქზე" იუმორისტული ხასიათის სტატუსს აქვეყნებს:

"ჩემო ძვირფასებო, რაღაც შევეჩვიე ამ ფბ-ს ამ ბოლო დროს, ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს მეგობრობა გამიწია და მინდება მისი საშუალებით თქვენთან შეხმიანება ხოლმე. აი, უკვე თბილისს დავბრუნდი და ვიწყებ ძალის მოკრებას. წუხელ გვიან ღამით მე და ჩემი მეუღლე სახლში ვბრუნდებოდით და სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს ისეთი ამბავი შემემთხვა.

დაახლოებით ღამის ორის ნახევარია მე და თამუნა ჩემს სახლს ვუახლოვდებით, პირველად ვიყავი გარეთ გასული დავიღალე და და ერთი სული მაქვს როდის მივალ სახლში. ამ დროს პატრული წამოგვეწია უკნიდან და მიკროფონით მანქანის გადაყენება მოგვთხოვა, მე ფიქრებში ჩაძირული უცებ გამოვფხიზლდი გაღიზიანებული. თამუნა მართავს საჭეს, მისი მანქანა საკმაოდ მონგრეულია გარედან და მიზეზი ჩვენი გაჩერებისა ვიფიქრეთ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. თამუნა მაფრთხილებს, "არ ინერვიულო გთხოვ, მე მალაპარაკე", მაგრამ ჩუმად ყოფნა მაინც ვერ შევძელი შუშა ჩავწიე და კონფრონტაციისთვის "მოვემზადე". ამ დროს სასიამოვნო ახალგაზრდა პატრული, გადამდები ღიმილით გვეკითხება"როგორ ბრძანდებით? თქვენი საბუთები, თუ შეიძლება" შემომხედა კარგად, მაკვირდება სახეზე, გულში ვფიქრობ, ნეტა არ მიცნოს, ალბათ ვერც მინობს ამ ღამეში, თავად ვერ ვცნობ თავს, სულ მთლად ხოტორა ვარ, პირველად ჩემს ცხოვრებაში.

დაბნეულად ვპასუხობ, გმადლობთ, კარგად მეთქი და ამ დროს მისი მეწყვილე, გაბადრული სახით თავისი სკამიდან ლამის გამოძვრეს მანქანის ფანჯარაში მიყვირის-"გიცანით, გიცანით, ბატონო გია, როგორ გელოდებით, როგორ გვიყვარხართ, მთელი ჩემი ოჯახი თქვენი გადარჩენისთვის ვლოცულობდით, რამეში ხომ არ ვართ საჭირო?" შევცბი, მადლობას ვუხდი, "გენაცვალე, შენი ჭირიმე", საჰაერო კოცნას ვუგზავნი. ისეთი გულწრფელია, მცხვენია თორემ გადავეხვიო მინდა. ამ დროს ისე, მარტო ალალ კაცს რომ ძალუძს მხოლოდ, ხელს თამუნასკენ იშვერს და მეკითხება მიამიტად, " თამუნაა ხომ?" მე სულ მთლად დაბნეული ვარ, თამუნას გადავხედავ, დაბნეული, ამ უცნობმა კაცმა საიდან იცის ჩემი და თამუნად ამბავი ნეტავ. მორცხვად, ძლივს ამოვლუღლულე, კი, თამუნაა მეთქი. კიდევ უფრო გაებადრა სახე, იმ ღვთისნიერ კაცს, დაგვლოცა, ხელი გვიქნია, გამარჯვება გვისურვა დააბზრიალა მანქანა და საყვირის მიცემით დაგვემშვიდობა.

მე ბედნიერი, შემცბარი, ხმა ჩავარდნილი ხან საბუთებს დავხედავ, ხან თამუნას გადავხედავ. ვერც სახელი ვკითხე იმ კეთილ კაცს, ვერც გვარი, ბედნიერებისა და სიხარულისგან გაოგნებულს, ჩემი თამუნა მეუბნება ღიმილით, "ხედავ გია, თურმე როგორ ყვარებიხარ ჩვენს ხალხს?!"

დამერწმუნეთ, ასეთი გადარეული, უზომო სითბო ქართველებისნაირი არავის აქვს. დაღლილობა სულ მთლად მომეხსნა, ფრთა შესხმული ვბრუნდებით სახლში. ამ ხალხისთვის მინდა თავის დადება და სიყვარული. ამ დილას რომ გამეღვიძა, კიდევ ვერ "მოვინელე" წუხანდელი სიხარული და გადავწყვიტე, რომ იმ პატრულის გსგავსი ადამიანებისთვის, რომელთაც ასეთი სიყვარული აქვთ გულში და აინტერესებთ, უნდა ვთქვა ორი სიტყვა თამუნაზე და ერთი კურიოზიც მოვყვე. თამუნა გახლავთ კაპანაძის ქალი, პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, განათლებაზე და მომავალი თაობის დაფრთიანებაზე ორიენტირებული, ძალიან სათნო და ჩემთვის, ულამაზესი ქალი.

ხოდა ასეთ ქალზე შეყვარებული 2012 წელს, უკვე ოთხი წელია მეუღლეს გაშორებული და დეპრესიაში მყოფი, სულ ახალი დაბრუნებული ამერიკიდან, არაფერი დიდად არ მიზიდავს, ვფიქრობ ლიდერთა სკოლაზე მხოლოდ, შემთხვევით ტელევიზიით ვხედავ დებატებს, სადაც ერთი გაბედული და ჩემი გემოვნებისთვის თავხედი ქალი აცამტვერებს ინტელექტუალურად "ქართული ოცნების" მთავარ მძიმე წონოსნებს. დამაინტერესა, მოვიკითხე და ეს ქალი თურმე, ნაციონალების ამ ყბადაღებული ლიბერტარიანული იდეოლოგიის ერთ ერთი მედროშე, ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი აღმოჩნდა. იგი ამერიკის პოლიტიკისა და დასავლეთზე ჩემი გადმოსახედიდან ზედაპირზე შთამბეჭდავად, მაგრამ სიღრმეში მეტად ზედაპირულად "ოცნების" ფალავნებისგან "სველ" ადგილს ტოვებს. მინდა მისი დებატებში გამოწვევა და იქ ნაციონალების იდეოლოგის ზედაპირულობის ჩვენება და "განადგურება" სააკაშვილისგან მათ აკრძალული აქვთ ჩემთან პირდაპირ დებატებში შემოსვლა, რამდენიც არ ვეცადე ვერც ბოკერია და ვერც ბენდუქიძე იქ ვერ "შევიტყუე".

მათ ამერიკელებმა ასწავლეს, როდესაც ოპონენტს ინტელექტუალურად ვერ ერევი, მასთან დებატებში არ შეხვიდეთ, შორიდან მედიის საშუალებით დამცინავად რაიმე სახელი დაარქვით და ხშირად იმეორედ და მას ეს იმიჯი შეექმნება. ისინიც ნასწავლს უტიფრად და წარმატებით იმეორებდნენ, - "უი, მაისაშვილი? ეგ ხო დაფრინავს, კაი რა?" აკი დაამკვიდრეს კიდევაც ეგ ყალბი სტერეოტიპი ამ პრიმიტიული ხრიკის გამოყენებით..ახლა კი თამარ ჩერგოლეიშვილი მინდა ჩემს საავტორო გადაცემაში პალიტრა რადიოში მოვიწვიო და იქ ყველას დასანახად ვაჩვენო ვინ სად დაფრინავს..

მისი ტელეფონი რადიოში სწრაფად მოიძიეს, დავურეკე, თავაზიანად თავი წარვუდგინე, ვუთხარი რომ მოვიხიბლე მისი შემართებით და მე როგორც მისგან სრულიად საწინააღმდეგო პოზიციაზე მდგომი ადამიანი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე მსურს იდეოლოგიური, ინტელექტუალური სპარინგ პარტნიორობა. ის ცდილობს მომიზეზებას შეხვედრებითა და დაკავებულობით, როგორც წესი ეს შეხვედრები ეხება ამერიკის ელჩთან, სხვა დასავლური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს. მეც ვეკენწლავები და ვცდილობ დავანახო რომ ამ "მაღალი" დასავლელი პირების ტიტულებითა და იერარქიით დიდად არ ვარ გაოცებული. ეს სატელეფონო კენწლაობა ძირითადად სატელეფონო მესიჯების სახით მიმდინარეობს. თამარ ჩეროგოლეიშვილი ვერაფრით შემოვიტყუე სერიოზული საუბრისთვის.

აქვე უნდა ვაღიარო რომ ეს ქალბატონი უტვინო სულაც არ არის. პირიქით, დღევანდელ პოლიტიკოსებს ერთად "იყიდის და გაყიდის ყველას" მისი თამამი, ხშირად ვულგარული ქცევა ჩემში მასთან პაექრობის ჟინს ზრდიდა. ჩემი ტელეფონის კონტაქტების სიაში თამარ ჩერგოლეიშვილი, ჩემი თამუნას გვერდით მოხვდა, რადგან ორივეს სახელად თამარი ჰქვია ზუსტად ამ დროს მეგობრები მივდივართ თელავში საქეიფოდ.

მე და თამუნა მაშინ სულ ახალი გამიჯნურებულნი ვართ და ვთხოვე ისიც ჩვენთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ ჩემი მეგობრების მოერიდა და თბილისში დარჩა. მე მთელი გზა ვემესიჯები, პოეზიის ჩემეული პერეფრაზირებითა და გომბორის ულამაზესი ბუნების მასთან შედარებით, სიყვარულს ვუხსნი და ვეუბნები როგორ დამრია ხელი მისმა სიყვარულმა და ვამთავრებ ფრაზით- "წინანდალელი თამარა, ერთი კახელი ქალია, მისდამი ჩემი ტრფიალი ხელისგულ ნატარებია" დავამთავრე ეს მესიჯი, გადავედი კონტაქტებში და დავაჭირე ok და შეცდომით თამუნა კაპანაძის ნაცვლად ეს მესიჯი გავუგზავნე თამარ ჩერგოლეიშვილს ისე რომ ვერც მივხვდი შეცდომას. ველოდები ახლა გულისფანცაქალით თამუნასგან პასუხს ჩემს რომანტიულ მესიჯზე. გავიდა ორი წუთი და თამუნას ნაცვლად მომდის ჩერგოლეიშვილის მესიჯი, მკაცრი ტონით-"გია, თქვენ მგონი შეგეშალათ და თუ არ შეგეშალათ, მაშინ უფრო მაგრად შეგეშალათ.

"ჩემს მეგობრებს ვეუბნები, ბიჭო, თამუნასთვის გასაგზავნი სასიყვარულო მესიჯი ჩერგოლეიშვილისთვის გამიგზავნია მეთქი და მთელი გზა იყო ჩემი დაცინვა-ჩერგოლეიშვილი თამარა ლიბერტარიანთ ქალია,-- აი ასე, კინაღამ ჩერგოლეიშვილს (კინაღამ კი არა პირდაპირ) ბოკერიას ცოლს, ავუხსენი სიყვარული, მაგრამ საბედნიეროდ, ჩერგოლეიშვილის კი არა კაპანაძის ქალი მოვიყვანე ცოლად" - წერს მაისაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს