"რუსთავი 2" ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია - "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ტელეკომპანიის შესახებ

"რუსთავი 2" ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია - "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ტელეკომპანიის შესახებ

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტი, სალომე ჯაში ტელეკომპანიის შესახებ ”ფეისბუქის” პირად გვერდზე საჯარო პოსტს აქვეყნებს.

"რუსთავი 2” ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია. იგი ჩემთვის ერთდროულად იყო ტრავმაც და უდიდესი გამოცდილებაც. ამ არხის სიუჟეტები ხშირად ატარებდნენ ჩემთვის მიუღებელ მესიჯებს. დაურღვევია უდანაშაულობის პრეზუმპცია - დაუბრალებია რა მკვლელობა თუ სხვა დანაშაული ამა თუ იმ ადამიანისთვის. ყოფილა არაეთიკურიც, რაშიც მე თვითონაც მიმიღია მონაწილეობა. ეს არის არხი, რომელმაც, სამწუხაროდ, წესიერად ვერ ამოიღო ხმა, როცა, უსაფრთხოების ნორმების იგნორირების გამო, მისი ყველაზე ერთგული ოპერატორი, გოჩა რამიშვილი, სპეცრაზმელის ტყვიამ მოკლა. ეს არის არხი, რომელმაც Nino Japiashvili სამსახურიდან გაუშვა. რომელმაც გასაქანი არ მისცა Natia Zambakhidze-ს. ეს არის არხი, რომლის წიაღშიც დაკაცდა და გამოიწრთო გურამ დონაძე, პირადად ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი კადრი. ეს არის არხი, სადაც ზოგიერთი წამყვანი ჟურნალისტი და პროდიუსერი პოლიტიკოსებს უთანხმებდა ჩართვისა თუ სიუჟეტის შინაარსს, მაშინ როცა მე იქ ვმუშაობდი, თუმცა ვეჭვობ, ბევრი არაფერი შეცვლილა, იმას გარდა, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ნაკლები მონსტრი მუშაობს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კითხვაც არ უნდა ჩნდებოდეს - უნდა არსებოდეს რუსთავი 2 თუ არა. მე მხარს ვუჭერ რუსთავი 2-ს და ვუსურვებ მას შეძლებისდაგვარ დამოუკიდებლობას და მაღალ პროფესიონალიზმს, რომლის პოტენციალიც მას ყველაზე მეტად აქვს სხვა არხებთან შედარებით. მე მხარს ვუჭერ იმ ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ საკუთარი პროფესიის იდეისა და ზეამოცანის. ასეთები რუსთავი 2-ში ცოტანი, მაგრამ არიან", - წერს სალომე ჯაში.