მარიამ საჯაიას მოგზაურობა "ველურ პირობებში" გრძელდება: 150 ლარად შემოვლილი ქვეყანა - ნაწილი მეორე

მარიამ საჯაიას მოგზაურობა "ველურ პირობებში" გრძელდება: 150 ლარად შემოვლილი ქვეყანა - ნაწილი მეორე

სულ ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა დეპუტატის, მარიამ საჯაიას მოგზაურობის შესახებ დავწერეთ სტატია, რომელშიც საუბარი იყო, თუ როგორ აპირებს ახალგაზრდა გოგონა 150 ლარიანი ბიუჯეტით საქართველოს შემოვლას. მარიამის მოგზაურობამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რის გამოც, მის ახალ თავგადასავლებს გთავაზობთ:

August 19 at 2:13pm •

წუხელ კარავი ზედ გოდერძის უღელტეხილის თავზე გამიშლია. სიბნელეში აბა რას გავარჩევდი, მხოლოდ დილით რომ გამოვყავი თავი, მერე მივხვდი - უმაგრესი ადგილი შემირჩევია.

თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა - მთელი ღამე ქარი მყინავდა... წინა დღეს დილის 6-ზე გაღვიძებულს და მთელი დღე ამდენ ნასიარულებს, მაინც რომ არ გაძინებს ისე ციოდა. თუმცა ძილის ძალა უფრო აღმატებულია, გონება გაითიშა, ფიზიკური შეგრძნებები დაადუმა.

თვალს ვახელ და თურმე გათენდა. კარავში თბილა, მზე ანათებს. თუმცა ძვლები გაყინული მაქვს, თითქოს ყველაფერი მტკივა. ძვლებში მამტვრევს, ადგომა მეზარება. მაგრამ... მაგრამ სხვა გზა არაა, უნდა ადგე, გზა განაგრძო. ძალა მოიკრიბე! გავაღე კარვის კარი და

უაააჰ... აღმომხდა.

დიდი და დიადი სივრცე წინ... მთის წვერები ჰაერის ლურჯ პერსპექტივაში ჩაფლული. დამავიწყდა ყველანაირი ტკივილი. გამოვცოცხლდი, მოვღონიერდი. აბა კარვიდან გავიდე...

უი, ფეხსაცმელი სადაა? ჰმმ, ალბათ ძაღლმა წაიღო. გადმოვიღე სათადარიგო და გამოვედი. კარვის თავზე დამხვდა შემოწყობილი, მერე დიასახლისმა მითხრა, ძაღლს მართლა წაუღია, თვითონ კი იზრუნა და მომიტანა

საუზმით და "მოწესრიგების საშუალებებითაც" გამიმასპინძლდნენ, სანახაობებიც მიმასწავლეს. ვემშვიდობები მასპინძლებს, ერთერთი ვაშლატამებს მიწყობს ჩანთაში

მოვუყვები გზას, ხანშიშესულ აჭარლებს სალამი შევძახე, კითხვაც მივაყოლე ხომ სწორ გზას ვადგავარ. მარტო რად დადიხარო, კეთილი გზაო, სიკეთეო, ბედნიერებაო ☺

მშვიდობით ბეშუმო, ჩვენ ისევ შევხვდებით

August 19 at 4:17pm •

ესეც ხულოს და თაგოს საბაგიროს ამბები ☺

აქ გიორგი, თორნიკე, ჯეი და თამუნასთან ერთად ჩამოვედი, გოდერძზე შემხვდნენ. ბათუმში მიდიოდნენ. გზად მათაც თაგოს საბაგიროზე ასვლა უნდოდათ და დამიმგზავრეს. საბაგირო 2 საათში იქნებაო, განგვიცხადეს. მიუხედავად აჭარელი ბაბუს გადარეკვა-გადმორეკვის მცდელობისა, მაინც 2 საათიო... წავედი მუზეუმში. დანარჩენები - ბათუმში.

საინტერესო კი არის მუზეუმი, მაგრამ დიდად ინფორმაციას ვერ მიიღებ, ექსპონატებს არაფერი აწერია.

მოხუც ქალბატონს შავებში აშკარად არ მოვწონვარ, ტელეფონის დატენვაზე უარს მეუბნება.

სამაგიეროდ, იქვე არის ბუდრუგანა კაფე-ბარი ანრი, ძალიან გულიანი და თბილი მასპინძლებით, ქალიან-კაციანად. ვილაპარაკეთ, გამომკითხეს მოგზაურობის ამბები, აღფრთოვანდნენ, ტელეფონიც დამიტენეს, დარჩენა შემომთავაზეს სახლში, მაიკო დატრიალდება და სუფრასაც გაგვიშლისო, აქ ასე მარტო - საშიშია ახალგაზრდა გოგოო... ზრუნვა

მაგრამ მე ხომ ჩემს გზას მივყვები ☺ სიყვარულით დავემშვიდობე.

მე თაგოს ნახვა მინდა, ძველისძველი საბაგიროს გავლით. ევროპაში რომ სიდიდით მეორეა უსაყრდენო საბაგიროებში.

აი, ჩაირთო კიდეც, მოვიდა და ჩავსხედით.

იშლება სილამაზე. ერთი მთიდან მეორეზე საყრდებენის გარეშე გაბმული საბაგირო ხევის და მდინარის თავზე გადადის. ერთი მთის უკან მეორე, კიდევ მესამე და ასე ჩამწკრივებული ყველა მხრივ. საოცრება!

გამცილებელი ბატონი ოთარი გაკვირვებული უყურებს ჩემს მოწყობილობას და მეკითხება. რომ ვუხსნი რა არის gopro. კაი მერე ჩამომიტანე მაი ფოტოებიო, მერე გავთამამდი და კარის გაღებაც ვთხოვე, გადასულზე კიდე რომ ვიღებდი ცოტაც დამელოდა და უკანაც წამომიყვანა. ესეც მისი წილი სიკეთე ☺

გავუდგები ახლა ისევ გზას

დროებით

August 19 at 11:01pm •

ამბავი ალი ბეგისა

რომ დავიძარი სხალთისკენ, კარგა ხნის შემდეგ მანქანამ ჩამოიარა. მომღიმარი ქალი და კაცი (თუ უფრო ბაბუ) იყვნენ. წამო ჯერ ერთ სოფელში ავდივართო, ფეთელურში. მაყვალა უნდა დაეტოვებინათ იქ. ბაბუ არის თამაზი, იგივე ალი ბეგი. ლამაზია ფეთელური, წამო, ნახე რა სასწაულები განახოო. თან მეკითხება, გათხოვილი თუ ვარ. გაშორებული ვარ-მეთქი რომ ვუთხარი, მეხუმრება, მე მეცხრე ცოლი მყავს, ვერ დამეწევიო

ფეთელურში დავტოვეთ მაყვალა სახლში, შევავსე მათარა წყაროს წყლით და წამოვედით მე და ალი ბეგი.

თავის სოფელში ფურტიოში შემატარა. მისი სახლი შორსაა, გზის გასწვრივ კი მეორე სახლი ააშენა შვილისთვის. ყველაფერი მაქვს, გაჭმევო. ეზოშიც ყველაფერიაო თუთა, თხილი, ქლიავი, ლეღვი, ყურძენი. ქლიავი დაბერტყა და შევაგროვეთ. აქ სულ მუსლიმები ვართო, თუ გინდა ქართულად ყურანს გაჩუქებ თუ მაქვს ამ სახლშიო. ვთანხმდები, ცხადია. თუმცა ამ სახლში, ხოჯა შვილისთვის აშენებულში, ქართულად არ არის, არაბულადაა. ალალი და არამი მაჩუქა ქართულად ☺

მეჩეთი თუ არის სოფელში-მეთქი?წამოდიო. თავსაფარი წავიკარი, შორტებზე ზედ პერანგი მოვიხურე კაბად. ფეხზე სად გავიხადო-მეთქი, ვიკითხე. რა ჭკვიანი ქალი ხარ შენო, სასიამოვნოდ გაკვირვებული მეუბნება, მათ წესებს რომ პატივს ვცემ

მხიარული ვინმეა ალი ბეგი. გზად ყველას უსიგნალა, მიესალმა, ხალისით მოიკითხა, ბავშვებს მოუბოდიშა კანფეტები დღეს არ მაქვსო.

თან ჭკვიანია. ტოლერანტულ აზრებს გამოთქვამს: ჩემმა ღმერთმა ადამიანები შექმნა, როგორ არ უნდა გიყვარდეს, რა ჯურისაც უნდა ის იყოსო. იაღოველი გოგოები წიგნებს მაძლევდნენ, ვუთხარი არ მინდა, ისე მიყვარხართო. ქრისტიანობასაც გავეცანი, ბუდიზმსაც, იეჰოვასაც. ჩემი ისლამი მირჩევნიაო.

და ამ საუბრებით დამტოვა ბოლოს სხალთის მონასტერთან. ბევრი ჩემი მადლობის და ჩანთის მოკიდების მერე მითხრა არ გათხოვდე, თავისუფლებას არაფერი ჯობიაო. იმან რაღაც დაგიშალოს, რად გინდაო. კაცი თუ საჭირო გახდა, რა გამოლევს, არ გაგიჭირდებაო

ასეთი ჭკვუანური ბოლოს ვინ რა მირჩია, არც მახსოვს

ვბანაკდები სხალთაში.

ჩემი მასპინძლის, ლამაზი გოგო ლანას ამბები უკვე ხვალ იყოს

August 20 •

არაფერი სჯობს იმ დილას, კარავში მზე რომ სითბოთი გაღვიძებს, ლამაზ გოგო ლანას რომ ყავა და შოკოლადები მოაქვს, მერე მთის ცივ მდინარრში ბანაობ და სრულად გაკრიალებულის შეგრძნება გაქვს

August 20 at 11:51am •

ჩემი მეგობარი ლანა

ლანა 17 წლისაა. სხალთაში ცხოვრობს, სკოლის გვერდზე ჩამონგრეულ და სანახევროდ დანგრეულ შენობაში.

რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა მისი ოჯახი აქ, როცა წყალდიდობამ მისი სახლი გარესამყაროს მოწყვიტა.

წუხელ სხალთის მონასტრიდან სოფელში რომ დავბრუნდი, იქიდან წამიყვანა თავისი სახლის ეზოში, ანუ სკოლის ეზოში. დავბანაკდი. მდინარის პირას

კარვის გაშლის შემდეგ მდინარესთან ჩამოვსხედით, ვარსკვლავებს ვუყურებდით, შორს ელავდა, ჩვენ ვსაუბრობდით.

ბავშვებს დიდად ვერ უგებს, ჭორიკნები არიანო. მე რასაც მინდა იმას რომ ვაკეთებ, ოდნავ განსხვავებულად რომ მოვიქცევი, მაშინვე ზურგს უკან ლაპარაკი იწყებაო. ძალიან ჩამოყალიბებული და დამოუკიდებლობის, თავისუფლების მსურველი მეჩვენა.

წელს აბიტურიენტია. სკოლაში რამდენიმე საგნის მასწავლებელი არ გვყავსო. ამიტომ ფიქრობს რაზე ჩააბაროს, რომ იმ საგნების უცოდინრობამ ხელი არ შეუშალოს.

ასევე ფიქრობს სად ჩააბაროს. მშობლები ბათუმს ურჩევენ, ახლოს უნდათ ჰყავდეთ. თვითონ თბილისი ურჩევნია, აქ სწავლა არ არის, მე სწავლა მინდაო.

სწავლა რომ უნდა, ინგლისურზეც ეტყობა. მშვენივრად საუბრობს. TLG პროგრამით ამერიკელი დენიელი იყო ერთი წლით ჩამოსული და მერე აღმოვაჩინეთ რამდენი რამე გვცოდნია არასწორადო, შეგვისწორაო, გვამეცადინაო.

ჭკვიანი გოგოა. მუშაობას აპირებს, დამოუკიდებლობა უნდა. არ უნდა ისეთი ქალი იყოს, მთავარ ამოცანად გათხოვებამდე "მიღწევა" რომ აქვთ

29-ში დაბადების დღე აქვს. ბათუმში იხდის. უნდა რომ დავრჩე, მაგრამ ალბათ ვერ მოვახერხებ.

მომავალ წელს ბათუმში რომ ჩამოხვალ, ჩემს ბინაში დაგტოვებო. მისმა მშობლებმა შეიტანეს მშენებლობაზე, მას შემდეგ რაც ახალმა ხელისუფლებამ უარი უთხრა წინა ხელისუფლების მიერ შეპირებული კომპენსაციის - საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე.

დიდი მოლოდინითაა როდის გადავა. მშენებლობის სრულად დამთავრებამდე მოვაწყობთო, ჩვენს ზემოთ სართულს რომ გააკეთებენო. არ უნდა შემოხიზნულად ცხოვრება, თავისი საკუთარი და მშვიდი, მყუდრო უნდა. შევპირდი, ახალი სახლისთვის რაღაცებს გამოგიგზავნი მეთქი. მანამდე თან რაც მომეპოვებოდა სახსოვრად დავუტოვე. თვითონ ჯვარი მაჩუქა. მუსლიმია, უნდა რომ მოინათლოს.

დილით იზრუნა, ყავა, ტკკბილეული

ახლა წყლის წისქვილთან გადავეხვიეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

მე სავსე და აღსავსე ვარ... როგორ მიხარია ასეთი კეთილი და თან სულით, გულით ნათელი, გონებით მომავალი ხალხი

August 20 at 1:42pm •

როგორ შეუძლიათ დაგძაბონ ან დაიძაბო მარტივად:

აჭარის კენწეროში რომ კახელ დისტრიბუტორს იპოვი, დიდი მოხერხებაა. მაგრამ უფრო სასწაულია მძიმე კახელი რომ აღმოჩნდება.

ასეა ჩემი საქმე. საჭმელად გაჩერდა, ორი კათხა ლუდი დალია და მერე ლამის ორ ბორბალზე ატარა ამ ვიწრო გზებზე. ერთცელ ლამის თხრილში ბერტყა. ორმო გადაუვლელი არ დაუტოვებია.

აქ მუშაობს და აქაურებზე იმდენი აუგი იძახა, შავი ღრუბელი დამადგა თავზე... სასადილოში ვიღაც აქაურს აუხირდა უაზროდ.

ერთგან, ამ ადგილას არ იჭერსო და გააჩერა მანქანა. რატო გაჩერდი მეთქი. მაინტერესებს იქნებ გაგეთიშოსო

მანამდე ვუთხარი აქა და აქ მივდივარ მეთქი. შემიჩნდა, წავიდეთ ერთადო. ამაღამ სასტუმროს ნომერს აგიღებო.

ხო დეტალები ქმნის წარმოდგენას, მერე კი წარმოდგენა განსაზღვრავს შენს ქცევას. ჰოდა ამ (და სხვა) დეტალებმა ისეთი წარმოდგენა შემიქმნა ამ კაცზე, ჩავიკეტე, ხმას არ ვიღებდი, კითხვებზე მოკლედ ვპასუხობდი... ზუსტად იმის საწინააღმდეგო გავხდი, რაც ამ დღეებში ვარ - ლაღი, კომუნიკაბელური, მხიარული, ენაწყლიანი.

როგორც იქნა ჩამოვაღწიე შუახევს, ძლივძლივ დავითანხმე გაეჩერებინა.

ახლა ვიკრებ ისევ იმ ძალას, რაც გამაცალეს...

დღეს დიადი გეგმები მაქვს

August 20 at 4:48pm •

მოვაღწიე დანდალოს ხიდს. გახვითქულმა. თაკარა შუადღის მზეში რომ მოწანწალებ. პატრულიან, მოსახლეობიანად ყველა რომ გეუბნება ვინმეს გაგაყოლებთო და მადლიერ ღიმილიან უარზე რომ ხარ.

ეს IX-X საუკუნეების თაღოვანი ხიდია. მალის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე - 3, წყლიდან ყველაზე მაღალი წერტილი - 14 მეტრი. მშვენიერია!

დრო რომ მქონდეს აქვე ჩავხტებოდი, თუმცა მე ხომ დიადი გეგმები მაქვს დღეს ^^

გზას ვაგრძელებ. ისევ ცხელა. ისევ აჭერს.

არ დააყოვნა და მალე გამვლელმა მანქანამაც ჩამოიარა. ცივი წყალიცდამალევინეს, სიმინდიც მაჭამეს, შეიცხადეს ასე მარტოო, მერე მიცნეს და ამგვარად გაგრძელდა ცნობის შესაბამისი საუბარი, გოდერძზე მშენებლობას ეხებოდა. ამაზე მერე

ქედას ჩავუარე. შემდეგი ჩართვა მახუნცეთიდან

August 20 at 6:23pm •

პირველი გრძნობა, ემოცია, შეგრძნება, იმედი, მისწრაფება თუ რაც გინდათ, როცა მახუნცეთზე მოვედი:

გავგრილდი!!! უუუ იეეეჰჰჰ!!!

მცნობელმა ხალხმა ჩანჩქერისკენ გადასახვევთან დამტოვა. დასიცხული ვფიქრობ, ამაღამ აქ ხომ არ გავშალო სადმე კარავი, დავისვენო... იქვე ვიკითხე, რამდენად უსაფრთხოა. არ გინდაო, საოჯახო სასტუმრო გვაქვსო. ოღონდ ეგ მიპატიჟება კი არ იყო, უნდა გადამეხადა. ბიუჯეტზე კი მოგახსენეთ მოგზაურობის დასაწყისში. ამ ეტაპზე კი სულ 19 ლარი, 20 თეთრი დავხარჯე (5 რაბათის ბილეთი, 10 გოდერძზე საუზმე, 4 ხულოში წვენი, 20 თეთრი ხულო-თაგოს საბაგირო).

ჰო, საოჯახო სასტუმროზევყვებოდი - გამეცინა და გავაგრძელე გზა...

თითქმის ავედი ჩანჩქერზე და აჩერებს მანქანა. ხომ არ წაგიყვანოთო ნათქვამი არ ჰქონდა ბოლომდე, ვააააჰჰჰ მარიამ??? ნაცნობი

მეზარება დაჯდომა მანქანაში-მეთქი, ჩანთის მოხსნა ამბავი, ფეხით ავუყევი.

ჩანჩქერი კია მაღალი და მაგრამ მე უფრო ვარდნილს ველოდი... ეს სულ კლდეს ჩამოყვება. გაგრილება! რაც მთავარია! ამისთვის იდეალურია

ჰოდა მომცა ძალი, ღონე, ნირი და ნიათი... ასე იცის ბუნების ძალამ ზეგარდამოსვლა

აქედანაც წავედი მალე შეგეხმიანებით

p.s. ფოტოზე არ დაიწყოთ ახლა ვაიმე, ნახევრად შიშველი, საცურაო კოსტუმი, ვაი ვუი... არაბიჭო ჩოხით ჩავიდოდი

August 20 at 8:52pm •

გინახავთ ბათუმის თეატრში ასეთი პერფორმანსი? ასეთი აჩანჩხლული გოგო იქ?

ხო, კი ვარ უგულო და უემოციო. ამდენ მიწვევას ბათუმში ასე რომ ზურგი ვაქციე და ჩავუარე.

მაგრამ...

უცებ რუზრუზში, მანქანების გრიალში, მოცივილიზაციო ელემენტში რომ აღმოვჩნდი, ვერ ვიგრძენი თავი კარგად... რამდენიმე მანქანამ არ გამიჩერა. თვალები კი რჩებოდათ გაფართოებული. იყო შენელებები და თვალის ჩაკვრები. არც ამიწევია ამგვარებისთვის... ცოტა იმედგაცრუების წამი იყო. ვინატრე ისევ მთაში, კარგ ხალხში.

ბოლოს კეთილმა ქუთაისელმა ტაქსისტმა გააჩერა, ოღონდ თავისით. გამცდა, გააჩერა, მე არ დამინახავს, მელოდებოდა და დამიძახა წამოო. ჩაქვში მიდიოდა, ზაფხულში აქ ვმუშაობ, თან ვისვენებო. ჩემი ძმაკაცებიც აქ არიან, წამო მოსაწევი გვაქვსო

ვიუარე, დანიშნულების პუნქტი ვუთხარი. ჩაქვს იქითაა. დამტოვე ჩაქვში, სხვას გავყვები მეთქი. არა მოიცა, სად ჩამოგაგდოო. ცივი ყავა მიყიდა და ადგილზეც მომიყვანა. ნომერი ჩამაწერინა, გამაგებინე თუ გაგიჭირდესო. ჯიგარ-მეთქი და დავემშვიდობე...

ახლა ბედნიერების წამი ახლოვდება

გეტყვით ცოტა ხანში რა ხდება

August 20 at 9:56pm •

ესეც ჩემი სანსეტი

ნანატრი სახლი მაქვს ზღვის პირას და ვარ ბედნიერი... ემოციურად დატვირთული, ცუდისგან დაცლილი, ზღვის ენერგიით სავსე, უკან მთით ზურგგამაგრებული. ეს ციხისძირშია. ზემოდან ჩემი საყვარელი პეტრას ძველი ციხე. ჩუმი, მდუმარე, ბევრის მნახველი. ბათუმისკენ გზად არ ჩავივლი, რამე რომ არ ვუთხრა.

მეგონა აქ მარტო ვიქნებოდი, მიხაროდა სიჩუმე და მხოლოდ ზღვის ხმა. გვერდზე კარვებით მეზობლები მყავს. გიტარით. კოცონის დასანთებად რომ ემზადებიან. მოულოდნელად გამიხარდა ხალხიც. იმიტომ, რომ სცოდნიათ რას ნიშნავს აქ კარვით მოსვლა.

ჩავიდა მზეც. დაბნელდა. მთვარეა. ვარსკვლავები. ზღვიდან ამოვედი. ზღვის ნაპირზე დავდივარ. კარგი ხმა ტალღებისაა, იმათი, ფეხებზე რომ მიდგაფუნებენ. ნაპირზე კარვებია განათებული, ფერად წერტილებად ჩანს. კოცონთან გიტარის ხმაც ისმის, მაგრამ ზღვასთან სიახლოვე ახშობს.

წინ უსაზღვრო სივრცეა. ზღვას და ცას რომ აერთიანებს. უკან - დიდი სიმწვანე, უამრავი ხე. ყველაფერს სურო აქვს მოდებული, დიდ ერთ სივრცედ რომ კრავს ყველაფერს.

ეს წამია ბედნიერება და ამ წამშია ბედნიერება.

წამს დაჭერა უნდა, შეგრძნობა და დაფასება. მერე წავა ეს წამიც და დარჩება ამ წამის სითბო. ყოველ გახსენებაზე რომ ჩაგეღვრება გულში.

ეს არის სიყვარული ჩემთვის. წარმავალი, მაგრამ მუდამ ჩემში მყოფი.

ანუ მე ახლა მიყვარს. ეს ყველაფერი მიყვარს...

August 21 at 12:23pm •

დღე მშვენიერი!

მგონი მალე დავასრულებ თხრობას.

ცოტა მრცხვენიასავით. თითქოს მკითხველი გამიჩნდა, ინტერესი გაჩნდა და ახლა ვტოვებ. იმას ჰგავს, როკსტარები ყველაზე აღმატებულ დროს რომ ტოვებენ კარიერას და მსმენელი გაბრაზებულ-იმედგაცრუებული რომ რჩება, ჩემი ნაწერები იმასთან აბა რა მოსატანია, მაგრამ განვითარების ხაზით სიტუაციას ჰგავს. მე თითქოს პასუხისმგებლობა ვიგრძენი იმ ადამიანების მიმართ ვინც აქტიურად კითხულობდა ჩემი მოგზაურობის დღიურებს... "ველოდები შემდეგ პოსტს"; "ვმოგზაურობ შენთან ერთად"; "სერიალივით ჩავუჯექი".

მადლობა თქვენ ყველას უსაზღვრო, თქვენით მარტო არასდროს არ ვიყავი. თქვენ გამამხნევეთ, გამაყოჩაღეთ

მაგრამ ასეა საქმე.

გაურკვევლად (თუ გარკვეულად) რაღაც ფიქრები გაჩნდა. ისეთი, რომ ვერ გადმოსცემ და თუ ეცდები, ვერ გაგიგებენ, უმეტესობას აბდა-უბდა ეგონება.

თან ჯერ ვერ გადავწყვიტე საით წავიდე...

სადაც ვარ - ძალიან კარგად ვარ... ზღვა ყველაფერია ჩემთვის. არის მე. თუმცა ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება არ შემიძლია.

მთაში თითქოს მიმიწევს გული. იქ თავგადასავალია, ჩემი ბუნებრივი ნარკოტიკი, რომელზეც დამოკიდებული ვარ და ურომლისოდაც ცხოვრება ხავსიანი ჭაობია ჩემთვის. ვაპირებდი ასვლას. რაღაც მოხდა ზღვასთან სიახლოვისას...

ცივილიზაციისკენ მიხმობენ. ბევრი თბილი გული მელოდება. ესეც მიზიდავს - იქ მშვიდად ვარ. მარტო უცხო მხარეში გაფაციცებული უნდა იყო, ყველა დეტალს ყურადღება მიაქციო. ცოტა ხნით ესეც კარგი იქნება.

არ ვიცი, არ ვიცი...

მე ჩემთვის ვაკეთებდი ამ ჩანაწერებს, შთაბეჭდილებები რომ შემომრჩენოდა დეტალებიანად. ახლა კი თითქოს ვალდებულება დამეკისრა აქ აქტივობით. ასე ვერ... გავურბივარ პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ საკითხში, სადაც ჩემი პირადი სურვილის და ნების სივრცეა.

თუ რამე საინტერესო, გაგიზიარებთ

ციხისძირში მალე ჩანჩქერთან უნდა გადავცურო. ვნახოთ როგორი იქნება

August 21 at 6:04pm •

თქვენთვის არავის უთქვამს რომ გაჭრილი ვაშლივით გავხართ მარიამ საჯაიას? მეკითხება სანატორიუმში საშუალოზე მეტი ასაკის მამაკაცი. ტელეფონის დასატენად ამოვედი დილისკენ. ვერანდაზე ვდგავარ, ვწერ და სწორედ ამ დროს მოდის.

ბიჭოო, ეს რა რომანტიკული სულის პატრონი ყოფილა; თან მარტო, ა? აგრძელებს გაკვირვებული, როცა ვუთხარი რომ მე ვარ ის, ვისაც ვგავარ

ამის შემდეგ იყო შუადღე, მწველი მზე, ზღვა ზღვა, ზღვის მონაბერი, ზღვაზე ლივლივი, ზღვაში ყურები და იქ გაგონილი ტალღების დგაფუნი, ქვების ჩხრიალი, მერე წინ და უკან სიარული ტალღების გასწვრივ. ანუ დიდი არაფერი... მაგრამ ჩემთვის ყველაფერი. იმუხტები უბრალოდ ნატურალური ენერგიით: მზის და ზღვის. მერე ყურებს ტალღების მუსიკის და აიპოდის გამოჟღერებული ხმა ავსებს.

ბიჭებმა მეზობელი კარვიდან ცივი ყავაც დამალევინეს, მოგზაურობის ამბები გამომკითხეს. სადილი მალე იქნება, დაგვეწვიეო.

მზე გადავიდა. მე უკვე ვეღარ ვისვენებ. წასვლა მინდა. სადილამდე ვერ ვითმენ და კარვის აშლას ვიწყებ. დავშალე, დავკეცე, შევკარი, ავიბარგე და ავიხორხლე. მოვიკიდე ჩემი ბუკას წონის ზურგჩანთა და ჰეჰ! უნდა ავუყვე ახლა უსასრულო კიბეს ისევ სანატორიუმისკენ. ტელეფონი ჯდება და პირველი გაჩერება ეს უნდა იყოს. მატარებელმა ზედ ცხვირწინ ჩამიქროლა. გადავიარე ლიანდაგები.

1,2,3,...10,...100,...200,...500... არ ვიცი რამდენი საფეხური. ცხელა. დამძიმდა. უფრო ამძიმებს ჩამსეირნებელთა რეაქციები. ახალგაზრდა ბიჭები თითქოს ქედმაღლური ჩაცინებით. შუახნის ქალებს უცხოელი ტურისტი ვგონივართ და შლიან ჭორაობის ფრთებს. რას დაათრევს ნეტავ... თუ მაგისთვისაა ჩამოსული, კიბეებზე რას დადის...

ეჰჰჰ, ქალბატონებო... მე თქვენს დასანახად და თავის მოსაწონებლად რომ ვაკეთებდე რაღაცებს, აქ არ ვიქნებოდი

ახლა ისევ გავედი ავტოსტოპზე. ჯერ მივსეირნობ და მისახვევ-მოსახვევებიდან გამოჭყეტილ ზღვას ვუყურებ, იქამდე რომ უხვი, ტროპიკულად ხშირი სიმწვანეა.

ავწევ მალე

წავედი ბათუმში...

მორჩა კინო

August 22 at 1:20am •

დავდივარ ბათუმის ქუჩებში. აღარ ვიცი ჩემს თავზე ვიცინო თუ გამო-გადაპრანჭულებზე. მაგის ფიქრის დრო არაა. გაწვიმდა. გამჭვირვალე ქოლგებით მედეას ძეგლის ქვეშ ვსხედვართ და... უჰ შუქი ჩაქრა. გაიტრუნა ბათუმი

უელქამ თუ სივილაიზეიშენ

მარიამ საჯაია მარტო, "ველურ პირობებში": დეპუტატის მიერ ფეხითა და 150 ლარიანი ბიუჯეტით შემოვლილი საქართველო

"ისეთი მაზალო კატო მყავს..." - რუსკა მაყაშვილი სამშობიაროდან ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს

"გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებშიც თუ მენახოს..." - ულამაზესი კადრები დავით გარეჯას ნახევარუდაბნოდან

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს