"აუხსენით უკრაინელებს როგორ იყო რეალურად საქმე ქანდაკების შემთხვევაში" - დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას სააკაშვილის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

"აუხსენით უკრაინელებს როგორ იყო რეალურად საქმე ქანდაკების შემთხვევაში" - დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას სააკაშვილის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი, "ფეისბუქზე" "ალი და ნინოს" შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლების წარმომადგენლებს მასზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენლებო და პიარსამსახურის თანამშრომლებო. გასაგებია, რომ აქ ყველა მიჩვეული ვართ ამ კაცის ტყუილებს, მაგრამ ჩემის მოკრძალებული აზრით, არაფრის დიდებით არ შეიძლება ასეთი რამეების უყურადღებოდ მიტოვება.

არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს კაცი არის არა მხოლოდ საქართველოს ექსპრეზიდენტი, არამედ უკრაინის ხელისუფლების გავლენიანი და მაღალი რანგის წარმომადგენელი. იმ ქვეყნის ხელისუფლებისა, რომელიც პერსონალური სიმპატია-ანტიპატიების მიუხედავად საქართველოს გეოსტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს შეთანხმებულ, სინქრონიზებულ მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ქმედითი მხარდაჭერისთვის რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ გვქონდეს უმჭიდროესი თანამშრომლობა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან მიუხედავად (კიდევ ერთხელ გავიმეორებ) პერსონალური სიმპატია-ანტიპატიებისა.

და როდესაც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ოდესის ოლქის გუბერნატორი და პრეზიდენტთან დაახლოებული პირი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს ასეთ მამალ ტყუილს და ფაქტობრივად ცილს სწამებს საქართველოს ხელისუფლებას, ამაზე რეაგირება აუცილებელია. ეს არის არა ხელისუფლების კრიტიკა და პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. მაგრამ ერთია რეაგირება (რაც აუცილებელია) და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია რეაგირების ფორმა.

კერძოდ, აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სააკაშვილის მიმართ დამამცირებელი ეპითეტები, სისხლიან ცხრა წელზე აპელირება, გოგა ხაინდრავას და ქეთი დოლიძის გაშვება სააკაშვილის რეჟიმის მამხილებლებად და ა.შ.

მჟავანაძე-სადღობელაშვილის სტილში წამოსროლილი მკვეთრი შეფასებები, რაც სამწუხაროდ ხშირია უკრაინის ხელისუფლების იმ ქართველი წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ნაცმოძრაობის გუნდიდან არიან, არათუ არ იძლევა არანაირ შედეგს, არამედ ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. გაითვალისწინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ პოპულარულია ოდესაში და მთლიანად უკრაინაში (რატომაა ასე, აქ ნუ ამახსნევინებთ. რა რა და პოლიტიკური პიარი ამ კაცმა ძალიან კარგად იცის. დ. ზ.), მიიღეთ ეს როგორც ფაქტი და სოლიდურად, ზედმეტი ემოციებისა და შეფასების გარეშე აუხსენით უკრაინელებს თუ როგორ იყო რეალურად საქმე ამ ქანდაკების შემთხვევაში. იქვე გამოთქვით გაკვირვება, თუ რაში ჭირდება ასეთი პოლიტიკური ინსინუაციები მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსანს, როდესაც სრულიად ადვილადაა შესაძლებელი ობიექტური ინფორმაციის მიღება.

გარწმუნებთ, ასეთი ფორმით კომუნიკაცია გაცილებით ეფექტური იქნება და გაცილებით სერიოზულად დააფიქრებს ყველას უკრაინაში სააკაშვილის ტყუილებსა და ცილისწამებებზე, ვიდრე მისი გინება ან იგნორირება. არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ საერთოდ. ბოდიშს ვიხდი გრძელი უსტარისთვის, მაგრამ ვფიქრობ, არაა ეს უმნიშვნელო ამბავი. პატივისცემით დ. ზ.", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ამჟამინდელმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სკულპტურის დაზიანებას "ოლიგარქის შურისძიება" უწოდა.

"ოლიგარქის შურისძიება!" - მიხეილ სააკაშვილი "ალი და ნინოს" ქანდაკების დემონტაჟს ეხმაურება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს