რა უნდა შეიცვალოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემა გვქონდეს - გიგი თევზაძე

რა უნდა შეიცვალოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემა გვქონდეს - გიგი თევზაძე

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოშიმშილე აბიტურიენტების თემას ეხმაურება და უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემის მოდელს აღწერს.

"რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს და მოშიმშილე აბიტურიენტებს:

ის, რომ ქვეყანის უმაღლეს სასწავლებლებში 44 000 ადგილია შესავსები, გამოცდებზე დარეგისტრირებულია 40 000 აბიტურიენტი, ხოლო გამოცდების შედეგად 18 000 თუ ცოტა მეტი ადგილი შეუვსებელი რჩება - მიუთითებს, რომ უმაღლესი განათლების სახელმწიფო რეგულირების სისტემა არანალებ პრობლემურია, ვიდრე 2003 წლამდე იყო.

განმარტება რატომ: ერთის მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ უნი-ებს შეუძლიათ 44 000 სტუდენტს ასწავლონ. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ მართალია, სკოლას 40 000 ამთავრებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ზოგიერთს თუ შეუძლია სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში.

ამით სახელმწიფო ხელს უწყობს კონკურენციას, სადაც აბიტურიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან დაიკავონ ის ადგილები, რომლების რაოდენობაც მათ რიცხვს აღემატება. ამიტომ, ვითარდება მსოფლიოში უძველესი პროფესია, კერძო რეპეტიტორობა, სადაც, ჩემი ვარაუდით, ყოველწლიურად, მშობლები 100 000 000-მდე ლარს ხარჯავენ.

როგორც მახსოვს, 2003 წლისათვის ეს თანხა 20 000 000-ს არ აღემატებოდა. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც მშობლები მზად არიან დიდი რაოდენობის თანხა გადაიხადონ შვილების განათლებაში, და რეალურად, იხდიან უაზრო კონკურენციაში, რომელიც მათი შვილების განათლებას არანაირად ეხმარება.

საბოლოო დასკვნა ასეთია: აბსურდული კონკურენცია, რომელსაც სახელმწიფო "უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს"არქმევს, სასაცილო იქნებოდა, რომ არა ამ გამოცდებისათვის, შვილების მოსამზადებლად, მშობლების მიერ გაღებული 100 მილიონი ლარი, რომელიც, სხვა, უფრო გონივრული და ადეკვატური სისტემის პირობებში, დაიხარჯებოდა განათლებაზე, კვლევაზე და განვითარებაზე.

***

დღევანდელ ვითარებაში უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემა იქნებოდა: 1. სავალდებულო მისაღები გამოცდების გაუქმება; 2. უსდ-ებში სახელმწიფო საყოველთაო მისაღები გამოცდების გადაკეთება სახელმწიფო სასწავლო გრანტის მისაღებ გამოცდებად (ვისაც უნდა გავა, ვისაც არ უნდა - არ გავა. თან ასეთი სისტემა ხელს შეუწყობდა სასწავლო გრანტის გასაცემ სხვა, არასახელმწიფო სისტემების გაჩენას); 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აბიტურიენტების საკუთარი მისაღები სისტემის გაკეთება.

ასეთი მიდგომა დაზოგავდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო თანხებს და არსებული გაუგებარი და არასაჭირო კონკურენციის მაგივრად (გაგახსენებთ - წელს უსდ-ების 4400 ადგილზე მიმდინარეობდა 4000 აბიტურიენტის კონკურსი), შემქნიდა რეალურ კონკურენციას და დამატებით თანხებს მოიზიდავდა უშუალოდ უნი-ებში (და არა როგორც ეს დღესაა - ყოველწლიურად 100 000 000 ლარი რეპეტიტორებში იხარჯება).

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებისათვის, 2003-მდე არსებული კორუმპირებული სისტემის ხერხემალი, რომლის მიხედვითაც ერთი ამბავია სკოლის (12 კლასის) დამთავრება, და მეორე - უნი-ში ჩაბარება (იმიტომ, რომ უნივერსიტეტი - "ეს სხვა რამეა") - იგივე დარჩა.

რაც შეეხება თავად უმაღლეს სასწავლებლების მდგომარეობას, კვლევის და სწავლების ხარისხს და მომავალს: ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, რაც კი შეიძლებოდა მიღწეულიყო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების და სახელმწიფო სააკრედიტაციო სისტემის პირობებში, უკვე მიღწეულია. პრინციპული სიახლის მიღწევა, ამ სისტემაში, ვფიქრობ შეუძლებელია და თუ პრინციპული ცვლილებები არ მოხდა, მხოლოდ უკუსვლას მივიღებთ. უმაღლესი განათლების და კვლევის წარმატებული სისტემების მქონე ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კვლევასა და განვითარებაში შემდგომი წარმატების მისაღწევი დიდი ნაბიჯი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებელების და სააკრედიტაციო სისტემის განსახელმწიფოება (პრივატიზაცია, რეგიონალიზაცია).

***

"და ბოლოს, რატომ ვთვლი, რომ როგორც უმაღლესი, ასევე, სასკოლო განათლების სისტემის პრივატიზაცია/რეგიონალიზაცია აუცილებელია წარმატების მისაღწევად:

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისეთი სისტემა, სადაც აღსრულებაც და აღსრულების გარე კონტროლი ერთსა და იმავე ხელშია, არაეფექტურად, ნეპოტისტურად და უხარსხოდ მუშაობს. ამიტომ, სისტემის ეფექტური მუშაობისათვის დადგენილია წესი, რომლის მიხედვითაც სისტემის მუშაობა (პროცესი) და სისტემის მუშაობის გარე კონტროლი სხვადასხვა ხელშია. მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება, სახელმწიფო მართვით დაწყებული, კერძო საწარმოებით დამთავრებული. ზემოდთქმული თითქოსდა ცხადია, მაგრამ ყველას ავიწყდება, როცა საუბარი განათლების სისტემის შესახებაა (სამწუხაროდ, მარტო საქართველოში არა).

საქართველოში, განათლების სისტემის როგორც პროცესი (სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიული განათლების დაწესებულებები), ასევე, პროცესის კონტროლი (აკრედიტაცია, ავტორიზაცია) სახელმწიფოს ხელშია. მცირე რაოდენობის კერძო სასწავლებლები ამინდს ვერ ცვლიან, თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენციაში არიან იმ დაწესებულებებთან, რომლებიც იმ ინსტიტუტის საკუთრებაა, რომელიც მათივე (კერძო დაწესებულებების) ხარისხს აკონტროლებს.

ამიტომ, სანამ ეს (განათლების პროცესის და გარე კონტროლის სახელმწიფოს საკუთრებაში ყოფნა) არ შეიცვლება, რაიმე ინსტიტუციური წარმატების მიღწევაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იდეალური მდგომარეობა იქნებოდა, თუკი არც განათლების სისტემის ნაწილები და არც გარე კონტროლის მექანიზმები არ დარჩებოდა სახელმწიფოს ხელში.

პრივატიზაცია/რეგიონალიზაციის ბევრი ვერსიაა ცნობილი, რადიკალურიდან შერეულამდე. თუმცა, თუკი საჭიროა სწრაფად და შედარებით ნაკლები დანახარჯებით ხარისხის მიღწევა, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს", - წერს თევზაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს