"თამადას ყველა ქართველის ჯიგარზე ამოკაწრული ყველა სადღეგრძელო მოხდილი ჰქონდა და კლასგარეშეს ეძებდა, ჭიქა ტურისტზე გაასწორა და დაჰყვირა: ევროპა!" - დაჩი გრძელიშვილი

"თამადას ყველა ქართველის ჯიგარზე ამოკაწრული ყველა სადღეგრძელო მოხდილი ჰქონდა და კლასგარეშეს ეძებდა, ჭიქა ტურისტზე გაასწორა და დაჰყვირა: ევროპა!" - დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ახალციხეში მოგზაურობის შესახებ წერს და ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის არსებულ ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ეს რამდენიმე დღე ახალციხეში ვიყავი. ძაალიან ბევრი ტურისტია, თან ტურისტული ტურისტი - პოლონელები, გერმანელები, ჰოლანდიელები... მეცნიერული დაკვირვების საფუძველზე დავასკვენი რომ ეს ტურიზმი არა მარტო ეკონომიკისთვის არამედ კულტურის, ტოლერანტობისა და ქსენოფილიის (ქსენოფობიის ანტონიმია, მგონი მე მოვიგონე ეხლა) განვითარებისთვისაც ძალიან კარგი რამეა. რატომ: ეს ტურისტები - ხო დაბოჟიალობენ ახალციხესა და მიდამოებში. ფულს ხარჯავენ - ადგილობრივებს შემოსავალი უჩნდებათ, შრომის მოტივი და სისულელებისთვის დრო აღარ რჩებათ. სადაც განვითარებული ეკონომიკაა, იქ ეროვნული ავადმყოფობები არ აწუხებთ (არსებობს ადამიანური ავადმყოფობა - გრიპი, ფაღარათი, აპენდიციტი... და არსებობს ეროვნული ავადმყოფობა- ქსენოფობია, ურაპატრიოტიზმი, ნარკომანია, ლოთობა...) თან, ტურისტები ხო ათასნაირები არიან, ჭრელა-ჭრულები - რჯულით გინდა, რასით, სქესით თუ ჩაცმულობით. და მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ეჩვევა.

მაგალითად, ხედავს, რომ ევროპელი, ამერიკელი თუ ჩინელი ტურისტი, მიუხედავად კანის ფერისა და კაცური თუ ქალური მანერებისა, საოცრად თავაზიანია, არ გექაჩება მეობაზე (არ გართმევს) და არ ანაგვიანებს ქუჩას. საღამო ჟამს, ერთ-ერთ დუქანში ასეთ სცენას შევესწარი: აქით მაგიდაზე, საშუალოზე დაბალი ფენის ქართველები ლხინობდნენ. იქეთ მაგიდას ტურისტები მისხდომოდნენ. ქართველები რომ შტოფიდან ჭიქაში ისხამდნენ, ზუსტად ისეთი ედგათ ტურისტებს შუაში და ღვინოს პატარა ჭიქუნებში უმარჯვებდნენ. თან ქართულ სუფრას ისეთი მალულობით უყურებდნენ, უბილეთოდ რომ სპექტაკლზე შეიპარები. ჰოდა სად იყო და სად არა, თამადამ ისე მიმოიხედა, მივხვდი - დედმამიშვილები, მშობლები, სამშობოლო და ყველა ქართველის ჯიგარზე ამოკაწრული ყველა სადღეგრძელო მოხდილი ჰქონდა და ახლა კლასგარეშეს ეძებდა. ჭიქა ტურისტზე გაასწორა და დაჰყვირა: ევროპა! ამათ ხო პატარები ეჭირათ და ლამის ჭიქიანა გადაცდა სასმელი. - ევროპა. უბილეთოს შიშით დაუდასტურა მშვიდობიანმა ტურისტმა. რა დაგიმალოთ და კი დავიძაბე...

- ევროპა ხარაშო! რიხით გააგრძელა თამადამ. - ფრანცია ხარაშო, გერმანია ხარაშო! (რატო ჰგონია ბრეჟნევის თაობას რუსული ჯადოსნურად საერთაშორისო ენა?) ერთ-ერთმა ტურისტმა შვებით მიაყოლა - ჰოლანდია! და თავისი მაგიდას პატარა ჭიქიანი ხელი მოატარა.

- ჰოლანდიაც ტოჟე ხარაშო. რასია პლოხა! - არ დაიბნა თამადა. ჰოლანდიელებიც არ იყვნენ ჯაბანნი. თანხმობის ნიშნად ერთხმად გამოცალეს ჭიქები. იმ წუთიდან, ჰაერი განიმუხტა და ჩვენ ყველანი, უკვე შეთანხმებული ევროპელები ფიქრით ისევ ჩვენ ჩვენ მაგიდებთან დავბრუნდით. მოკლედ, კაი რამეა ტურიზმი" - წერს ჟურნალისტი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს