"თუ რაიმე მილიარდიან დაპირებას მოჰკრავთ ყურს, ჩათვალეთ რომ ბლეფია" - რომან გოცირიძე ივანიშვილ-დვალის ინიციატივას "მკვდრადშობილს" უწოდებს

"თუ რაიმე მილიარდიან დაპირებას მოჰკრავთ ყურს, ჩათვალეთ რომ ბლეფია" - რომან გოცირიძე ივანიშვილ-დვალის ინიციატივას "მკვდრადშობილს" უწოდებს

საქართველოში მალე შესაძლოა, რეგიონში უნიკალური სამეცნიერო ცენტრი შეიქმნას. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მას ფონდი "ქართუ" ააშენებს. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ადრონული თერაპია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე პერსპექტიული საშუალებაა.

აღნიშნულ თემას საქართველოს ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ეხმაურება და პროექტის განხორციელების იდეას არარეალურს უწოდებს:

"დასაპანჩურებლები, ანუ რატომ ვერ შეიქმნება საქართველოში ადრონული თერაპიის ონკოლოგიური ცენტრი! ეს ამბავი უკვე მაქვს მოყოლილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რადგან უნივერსალურია და ამ საკითხსაც ზუსტად უხდება.

ოთხმოცდაათიანი წლების იმ ავადახსენებელ პერიოდში, როდესაც ვისაც არ ეზარებოდა ხელს ითბობდა ნაჩუქარი კრედიტებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო წესიერი ბანკირი ნუგზარ ფიფია ( წინააღმდეგი მაშინდელი ხელმძღვანელობის ე. წ. ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის). ეროვნულ ბანკში მაშინ ან კრედიტების სათხოვნელად მიდიოდნენ ან გარანტიების. მთელს ევროპას იყო მოდებული ეროვნული ბანკის და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერილი მრავალმილიარდიანი საგარანტიო წერილები, რომლებსაც ქართველი თუ უცხოელი თაღლითები დაატარებდნ დასავლურ ბანკებში სესხის ასაღებად. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომელიმე უცხოურ ბანკს ერთი დოლარიც რომ გაეცა ამ გარანტიების სანაცვლოდ. ასეთი იყო ნდობის ხარისხი მაშინდელი საქართველოსადმი. გარანტიის მიღების მსურველებს ვერ აუდიოდა ეროვნული ბანკი. მაშინ ბევრს სჯეროდა ყალბი დაპირებების, მაგრამ არა ფიფიას. შევატყვე, რომ ასეთ ვიზიტორს თუ ეროვნულ ბანკში გადავამისამართებდი, მთხოვდნენ, ფიფიასთან არაო. ერთხელ ვკითხე ნუგზარს, რა ხდება, ყველა ან ბანკის პრეზიდენტთან ითხოვს შეხვედრის ორგანიზებას, ან რომელიმე ვიცე-პრეზიდენტთან შენს გარდა-მეთქი. მითხრა, აფერისტების, თაღლითების ან უბრალოდ, ილუზიაში ჩავარდნილების გამოვლენის საკუთარი კრიტერიუმი მაქვს შემუშავებული.

ამას მარტივი ინდიკატორით ვაკეთებ, რომელსაც თანხის მოცულობა ჰქვია. მოდის სტუმარი, იწყებს საუბარს როგორც ყველა: ქვეყანას ძალიან უჭირს, მაქვს შესაძლებლობა შემოვიტანო უცხოეთიდან ფული. მხოლოდ თქვენი საგარანტიო წერილი მჭირდება. ჩემი რაქციაც ამის შემდეგ იწყება. როცა ამბობს ერთი ათი-ოცი მილიონის მიღების შესაძლებლობა მაქვსო, დავსვამ სავარძელში, ჩაის მივართმევ, განვიხილავ წინადადებას. თუ იწყებს, ერთი ასი-ორასი მილიონი მაქვს გამზადებული, სკამსაც არ შევთავაზებ და ცივად გავისტუმრებ, არ მაქვს შენთან დასკარგი დრო-მეთქი. აი როცა იტყვის მილიარდობით დოლარიო, სიტყვას არ ვამთავრებინებ და კინწისკვრით ვაგდებ კაბინეტიდან, ლამის პანჩურით გავისტუმროო.

ფიფიას მეთოდი არის უტყუარი კრიტერიუმი. ციფრების ენაზე უკეთესად ინფორმაციის მოწოდება არაფერს შეუძლია!

საქართველოს ეკონომიკა იმდენად მცირეა, რომ მის კონტექსტში მილიარდების ხსენება უადგილოა. თუ რაიმე მილიარდიანი დაპირების შესახებ მოჰკრავთ ყურს, ჩათვალეთ რომ ბლეფია და გონებას ნუ დაძაბავთ სიღრმეებში ჩასაწვდომად. ასეთი პროექტები მკვდრადშობილია. ადრონული თერაპიის ცენტრისათვის ნახევარი მილიარდი ევრო უკვე გამზადებული დევსო. დიდი ეკონომისტობა არაა საჭირო, რომ მაგრად გაგეცინოთ.

თუ კერძო ფულია და კერძო ბიზნესია დაინტერესებული, სახელმწიფო ორგანიზაციას რატომ ქმნიან?

მსოფლიოში თუ მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ შეძლო მისი შექმნა, ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ მეექვსე?

ატომური კადრების სამჭედლო თუ ვიყავით, არც ეს მეგონა!

მოკლედ, ფიფიას პანჩურს იმსახურებს ყველა, ვინც ამ უტოპიური იდეებით კვებავს ხალხს" - წერს გოცირიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს