"კიდევ ერთხელ სცენაზე გასვლის წინ გადავიწერ პირჯვარს და დაველოდები გამხნევებას ზეციური სამყაროდან" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი დედას

"კიდევ ერთხელ სცენაზე გასვლის წინ გადავიწერ პირჯვარს და დაველოდები გამხნევებას ზეციური სამყაროდან" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი დედას

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ დედას სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის:

"დღეს 24 დეკემბერია, ბევრისთვის ერთი ჩვეულებრივი, ეკლესიურად კი ყველა იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელთაც ცალკეული დღესასწაული არ აქვთ კალენდარული წლის განმავლობაში. სწორედ ამ დღეს 2 წლის წინ უკანასკნელად ჩავხედე თვალებში ჩემს ძვირფას დედას, ბოლოჯერ მოვისმინე მისი სუნთქვა, ვხედავდი, როგორ ნელდებოდა მისი მაჯისცემის რიტმი… ვიდექი მის საწოლთან და გაუცნობიერებლად ვიმეორებდი ერთიდაიგივე წინადადებას: ნუ გეშინია დედა, მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება! ეს იყო წუთები, როდესაც სამყაროს კანონზომიერებას ერთდროულად ვეთანხმებოდი და ვეწინააღმდეგებოდი, წუთები, როდესაც მიხაროდა, რომ მასთან ერთად ვიყავი და ამავდროულად გული მტკიოდა, რომ ვერ ვშველოდი და სიკვდილის პირისპირ მარტოს ვტოვებდი…

მას მერე ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, 50-ზე მეტი საკონცერტო გამოსვლა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, პრემიერები, მათ შორის მისადმი მიძღვნილი სიმფონიური თხზულების, მრავალი ახალი პროექტი, საოცარი მსმენელით სავსე დარბაზები და გულთბილი ოვაციები. და ახლა უკვე ყოველთვის, როდესაც დარბაზში შუქი კლებულობს, ორკესტრი ინსტრუმენტების აწყობას იწყებს, მაყურებელი სავარძელში კალათდება და მე სცენის ზღურბლთან, გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე, მღელვარებისგან პირჯვარს ვიწერ - ყოველთვის ჩამესმის ჩემივე სიტყვები, ოღონდ უკვე მისი ხმით, მისი ინტონაციით: ნუ გეშინია შვილო, მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება!..

P.S. ყოველთვის ვფიქრობ რა გახდა ჩვენი პროექტის “მსოფლიო კინომუსიკის შედევრების” ასეთი ჯადოსნური წარმატების მიზეზი (მაყურებელთა თხოვნით 8-ჯერ გავიმეორეთ და საშუალო სტატისტიკური მონაცემებით 18.000 მაყურებელს ვუმასპინძლეთ), და მგონი ამოვიცანი: ყოველი ეპიზოდი, ყოველი მელოდია, ყოველი სიტყვა ჩემთვის უხილავ კავშირშია ჩემს ძვირფას დედასთან, რომელმაც შემაყვარა მაღალი ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი…

29 და 30 დეკემბერს კიდევ ერთხელ დავამყარებ ამ უცნაურ, ენით აუწერელ, ზეციურ კავშირს, კიდევ ერთხელ გავუზიარებ ჩემს აუდიტორიას სიყვარულსა და სიხარულს, კიდევ ერთხელ (უფრო ზუსტად კი ორჯერ) სცენაზე გასვლის წინ გადავიწერ პირჯვარს და დაველოდები გამხნევებას ზეციური სამყაროდან და ანთებული თვალებით შევაბიჯებ სცენაზე, რომელიც სახლზე მეტად ძვირფასია ჩემთვის. სცენაზე კი ჩემს უძვირფასეს მეგობრებთან, ჩემს გენიალურ, სასახელო, შეუდარებელ ანიტა რაჭველიშვილთან და ჩემს ერთადერთ ოჯახთან - ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მთელს ენერგიას შევალევ დარბაზში მობრძანებული ადამიანების გულების გათბობას!!! ყველას გელოდებით!!! ერთი სული მაქვს!!!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს