"პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, არანაირი ქონება არ მაქვს, რაც არის საპატრიარქოში, ქართველი ხალხისაა" - ირაკლი კაკაბაძე

"პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, არანაირი ქონება არ მაქვს, რაც არის საპატრიარქოში, ქართველი ხალხისაა" - ირაკლი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც პატრიარქთან 8 იანვარს შეხვედრის ამბავს აღწერს. "დღეს საოცარი შეხვედრა მქონდა პატრიარქთან. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ის, როგორც ყოველთვის, საოცრად მშვიდი იყო. როგორც ყოველთვის მოიკითხა თბილად მთელი ჩემი ოჯახი. და მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს რომ ქონება დავუტოვო - ჩემი შვილები თქვენ ხართ და ყველაფერი რაც აქ არის, საპატრიარქოში ისევ და ისევ ქართველი ხალხისაა. საერთოდ, ქონების ქონება არც ისე კარგი საქმეა. სჯობია ის ადამიანმა გასცეს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს".

სიბრძნეა ეს. დიახ, ქონება ადამიანს ამძიმებს. ქონება ადამიანს აუბედურებს. ადამიანს მხოლოდ მინიმუმი სჭირდება. მას სიხარბე აბრმავებს და აგიჟებს. ზუსტად ასე ფიქრობდა დედაჩემიც - ნათია ამირეჯიბიც. სწორედ ამიტომ იყო, რომ სიტყვა "ბურჟუა" მისთვის დამამცირებელი ტერმინი იყო. "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია". დიახ, ადამიანის და საზოგადოების სიმდიდრე სწორედ იმაშია თუ რამდენად ბევრის გაცემა შეუძლია მას. გაცემაა სიმდიდრე და არა მოხვეჭა.

...1992 წლის შემდეგ სწორედაც რომ ფსევდო კულტურა დამკვიდრდა საქართველოში - ნეოლიბერალური ეგოცენტრიზმი - და ეს არა მარტო საქართველოშია. მთელი მსოფლიო მძიმე სულიერ კრიზისს განიცდის. განსაკუთრებით კი მატერიალისტური დასავლეთი, სადაც ფულის-დაუ ჯონსის-ფილისტერიზმის ფსევდო იდეალი ბატონობს. როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ამბობს, დღევანდელ დასავლეთში "დემოკრატიის პორნოგრაფიაა", სადაც ფულის კულტი ჭამს ყველა იდეალს. თავისუფლება აღარ არის თავისუფალი. ის დამორჩილებულია კრედიტ-კარტებს და კრედიტ-კომპანიებს. ადამიანს მარტო ერთი არჩევანი ეძლევა - რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. მომხმარებლობას ამაზონის ჯუნგლებშიაც ძალით ტენიან.

დიახ, ადამიანი არ უნდა იყოს მომხმარებელი. მან არ უნდა თქვას სხვა ადამიანზე: მე ის მოვიხმარე ან ვიხმარე. ადამიანი მოყვარული უნდა იყოს. სხვა ადამიანის მოყვარული. როგორც ემანუელ ლევინასი იტყოდა, ასევე მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე - ადამიანის მოვალეობაა რომ ის იყოს არა-ინდიფერენტული - მას ფეხებზე არ უნდა ეკიდოს "სხვა". მაშინ არის ადამიანი ადამიანი.

...ვინ ვარ მე რომ ვფლობდე კერძო საკუთრებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა მსოფლიოში. ათასობით ადამიანს სახლ-კარის გარეშე ტოვებს ეს კერძო საკუთრების მფლობელ ბანდიტთა სისტემა. ნამდვილი ქურდები კერძო მესაკუთრეები არიან. დიახ, პრუდონი მართალი იყო - კერძო საკუთრება ქურდობაა.

...მე არ მინდა კერძო საკუთრება. ისევე როგორც პატრიარქს არ უნდა კერძო საკუთრება. უარი ვთქვი კერძო საკუთრებაზე - და მივიღე საერთო საკუთრება. არა ბოლშევიკური საკუთრება - არამედ საერთო საკუთრება.

ადამიანი არ არის ბოროტი არსება. ასე ფიქრობდა დედაჩემი. ადამიანის დანიშნულებაა რომ არა მატერიისთვის, არამედ იდეისთვის იცხოვროს და მოკვდეს. ასეც ფიქრობდა დედაჩემი. უიდეო და მატერიალისტი ადამიანი ისეთივე მარტოობაში კვდება ვარდით ხელში, როგორც ორსონ უელსის "მოქალაქე კეინი" - ასეც ფიქრობდა დედაჩემი. ეს მის წიგნებშიც წერია. და ბევრი სხვა რამეც.

პატრიარქმა დღეს სიბრძნე მითხრა. მას არ აქვს კერძო საკუთრება - მას არ აქვს ქონება - და ის ბედნიერია თავისი ხალხის სიყვარულით. მაშასადამე, მეც არ უნდა მქონდეს კერძო საკუთრება. სიხარბე ანგრევს ადამიანს. სიყვარული აშენებს მას", - ასრულებს ვრცელ პოსტს კაკაბაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს