რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგან

რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგან

10 იანვარს გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა. 18 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. Caucasus Travel-ის დამფუძნებელი და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი საბა კიკნაძე "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სამთო კურორტების ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობს და ამ საკითხზე რეკომენდაციებით მიმართავს ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს:

"გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ მაიძულა დამეწერა ეს მოკლე წერილი/რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისა და ყველა იმ სტრუქტურისათვის რომელსაც ევალება უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. ამ წერილში ახალი არაფერია.

ძალიან ბევრი მეგობარი, მწვრთნელი, მოთხილამურე, მაშველი, ჰოტელიერი, გუდაურის და სათხილამურო კურორტების ამაგდარი ადამიანი დიდი ხანია ლაპარაკობს ამ უაღრესად მტკივნეულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის ფორმებზე.

სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ ველოდით, რომ ამას ვინმე ხელისუფლების მხრიდან თავს მოაბავდა და გააკეთებდა. როგორც ჩანს უბრალო ლოდინში შეიძლება კიდევ მეტი ტრაგედიის მოწმე გავხდეთ. მგონი დადგა დრო, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება.

საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, ტრასებზე და საბაგიროებზე უსაფრთხოების წესების დასამკვიდრებლად საჭიროა სასწრაფო ღინისძიებების გატარება:

აიკრძალოს თოვლის სკუტერებით და სხვა თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე მოძრაობა.

დადგინდეს სპეციალური ზონები სკუტერებისა და თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით გასეირნების მსურველთათვის.

მკაცრად გაკონტროლდეს არასულწლოვან პირებზე ალკოჰოლური საშუალებების გაყიდვის ფაქტები სათხილამურო ტრასებზე მდებარე ობიექტებში და მთელს კურორტზე.

აიკრძალოს სათხილამურო ტრასებთან მიმდებარე კვების ობიექტებს გარეთ ალკოლჰოლით ვაჭრობა. დამკვიდრდეს ალკოტესტირების (შერჩევითი, შემთხვევითი) პრაქტიკა საბაგირო სადგურებთან თუ ტრასებზე. ნასვამ პირებს აეკრძალოთ სათხილამურო ტრასებზე გასვლა და მოხდეს მათი გაყვანა ტრასებიდან, დაჯარიმება თუ მათ მიმართ სხვა სამართლებლივი აქტის გატარება.

დადგინდეს ჯარიმების სისტემა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული იქნას სხვა ღონისძიებები წესრიგის მისაღწევად.

დადგინდეს სიჩქარის შეზღუდვა ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე (რასკვირველია ეს არ შეიძლება შეეხოს სპორტულ ტრასებზე მოვარჯიშე სპორტსმენებს).

გაკონტროლდეს სპორტულ ტრასებზე გარეშე პირთა შეღწევა.

სიჩქარისა და წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდეს ვიდეო კონტროლი (მათ შორის სიჩქარის კონტროლი პროგრამული უზრუნველყოფით) მთელი ტრასების გასწვრივ.

ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სამართალდამცავთა სპეციალური რაზმები "სკი პატრული", რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით განახორციელებენ მართლწესრიგის კონტროლს. რადგან ეს სეზონური საკითხია, სავსებით შესაძლებელია და მისასალმებელი იქნება, რომ ამგვარი პატრულები დაკომპლექტდნენ საპატრულო პოლიციის კადრებიდან. ეს გაცილებით გაზრდის მათ კომპეტენციას და ეფექტურობას. სამთო საკურორტო ადგილებში ზამთრის სეზონზე მართლწესრიგის დაცვა პირველ რიგში სათხილამურო ტრასებიდან უნდა იწყებოდეს, რადგან სწორედ აქ არის ვიზიტორთა ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი.

"სკი პატრული" აღჭურვილი უნდა იყოს ყველა ტექნიკური საშუალებით რათა შეასრულოს ეს მოვალეობა. მათ შორის თოვლმავალი სკუტერებით, კავშიგაბმულობის საშუალებებით, ტრასების ვიდეო კონტროლის ოთახით, ალკოტესტებით და ნებისმიერი საშუალებით რომელიც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს მოვალების შესასრულებლად".

და ბოლოს ეს არის მიღებული პრაქტიკა და კულტურა მთელ ცივილიზებულ სამყაროში, თუმცაღა მათ ასეთი "ველური" სიტუაციის გაკონტროლება არ უწევთ.

იმედია რაღაც დროის შემდეგ საქართველოშიც დამკვიდრდება გაცილებით კულტურული გარემო და "სკი პატროლსაც" ნაკლები საზრუნავი ექნება. ამის იმედს ისიც იძლევა როგორ "შეეგუა" ჩვენი საზოგადოება უსაფრთხოების ღვედებს ავტომობილებში, როდესაც ტელეგადაცემებში და სხვა დისკუსიებში ეს ჩველებრივი (მთელს მსოფლიოში) უსაფრთხოების ზომა, ზოგჯერ ლამის იყო ქართველი კაცის ღირსების შელახვადაც კი იყო წარმოდგენილი.

გვეყოფა ის გულისდამდუღრავი მსხვერპლი, რომელსაც ჩვენი მოუწესრიგებლობის უკულტურობის და უპასუხისმგებლობის გამო ამდენი ხანია იგნორირებას ვუკეთებთ. რაც დღეს გუდაურში მოხდა, ხომ ყველამ ვიცით რომ ეს პირველი არ არის…

ყველანი ჩვენ, დამსვენებლები, მოთხილამურეები, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მშობლები, ყველანი, მთელი საზოგადოება ვალდებულები ვართ ბოლო მოვუღოთ ამ სამარცხვინო, პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელ ვაკხანალიას ჩვენს სათხილამურო კურორტებზე" - წერს ვრცელ წერილში საბა კიკნაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს