ირაკლი კაკაბაძის პასუხი მათ, ვინც სამსახურში სექსუალური ძალადობის შესახებ მის ისტორიაზე იქილიკა

ირაკლი კაკაბაძის პასუხი მათ, ვინც სამსახურში სექსუალური ძალადობის შესახებ მის ისტორიაზე იქილიკა

მწერალი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც, სამსახურში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ, მის განცხადებებს გამოეხმაურნენ. საუბარია განცხადებებზე, სადაც მწერალი წლების წინ ამერიკაში მომხდარ ამბავს იხსენებდა.

"სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე დავწერე სამუშაო ადგილას დაჩაგრულ ადამიანებთან სოლიდარობის ნიშნად უბრალო მოკლე სტატუსი, სადაც ვამბობდი რომ სექსუალური ზეწოლის აღმოჩენა სამსახურში ქვემდგომ ადამიანებზე არის ძალიან დიდი ბოროტება და ძალადობა და საზოგადოების ყველა წევრი ამისგან უნდა იყოს დაცული. პირველ რიგში ქალები და რაღა თქმა უნდა კაცებიც.

მერე მაგალითად მოვიყვანე დიდი ხნის წინანდელი ამბავი, როდესაც ჩემი ერთ-ერთი უფროსის მიერ სექსუალური ზეწოლის შემდეგ ის სამსახური მივატოვე იძულებით. მაშინ მე - 25 წლის ასაკში ვერ შევძელი რომ იურიდიულად პასუხი მომეთხოვა იმ თანამდებობის პირისთვის, რომელმაც ეს ზეწოლა მოახდინა. დავწერე რომ ეს გამოცდილება საკმაოდ ტრავმატული იყო ჩემთვის მეთქი და გამოვეცალე იმ ადამიანს, რომ მეტი ტრავმა არ ყოფილიყო სამუშაო ადგილას-მეთქი.

ჯერ იყო და ჩემი სტატუსის შემოკლებული ვარიანტი 'ასავალ-დასავალმა' გამოაქვეყნა. ერთი პატარა აბზაცი საერთო კონტექსტიდან ცოტა არ იყოს ამოიღო - მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. ჯერ ნაციონალური მოძრაობამ შავფრთიან დედაკაცთა აქტივმა, კარგად ცნობილი ნანა დურგლიშვილის და თეა თუთბერიძის თამადობით საკუთარი სადო-მაზოხისტური ფანტაზიების სამიზნედ უკვე მერანდემედ ამომიღო და თავის ხელფასიან ტროლებს გადაუგზავნა ეს სტატუსი. ამ ადამიანებისგან მიჩვეული ვარ დაგეშილ ყეფას და კბენასაც - ეს არაფერია. თეა თუთბერიძეს რომ ადამიანების წამება და შეურაცხყოფა 'გმირობად' მიაჩნია და აგერ უკვე 4 წელია გაჰყვირის ხალხის გამაუპატიურებლები გმირები არიან და სასწრაფოდ ციხიდან გამოუშვითო - ეს ყველამ ვიცით. თავად ნაცისტური პარტიის ერთი ნაწილი რომ სადისტურად შევიდა საქართველოს ისტორიაში - ეს მეორეა.

მაგრამ, ძალიან საინტერესო იყო ბევრი მოქალაქის - არა ნაცისტის და არა ქოცისტის რეაქცია. ერთი შეხედვით დაუინტერესებელი ადამიანები სექსუალური ზეწოლის მსხვერპლს აქეთ ადანაშაულებენ. საუბედუროა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჰოლოკოსტში ისევ ებრაელებს ადანაშაულებს - მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხომ მოგვისმენია იგივე ადამიანებისგან 'ჰიტლერს თავისი ერი მაინც უყვარდა'-ს მაგვარი ფრაზები ბევრი. დიახ, ეს ის ხალხია, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს ამართლებს და სქესობრივ ძალდატანებაზე რას იტყოდა.

მოკლედ, საქმე იმაშია, რომ სანამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ზემდგომის მიერ ქვეშემრდომზე (არა აქვს მნიშვნელობა სქესს) ფსიქოლოგიური ბერკეტების გამოყენება მოხდება ამ უკანასკნელის იძულებისთვის - მანამ ჩვენ ბარბაროსული საზოგადოება ვიქნებით. და პირველ რიგში ასეთი საქციელისგან ქალები ზარალდებიან. ახალგაზრდა ქალებს მათი 'ბიძიკო უფროსები' ისე უყურებენ როგორც მოსახმარ ნივთს. ტყუილად არ არის რომ ჩვენს ენაში - ჩვენს ამ ბარბაროსულ დღევანდელ ენაში გავრცელებულია სიტყვა 'ვიხმარე', რომელიც მთლიანად ამცირებს ქალების ღირსებას და სრულიად უღირსი ადამიანების ხროვის და არა კულტურის მქონე ერის დამახასიათებელი თვისებაა. გარდა ამისა, ქალის შეურაცხყოფისათვის იხმარება სიტყვა 'მისცა' - ასევე ხდება ადამიანის საქონელთან გატოლება. და ამის მერე ჩვენ ისევ და ისევ 'დიდი კულტურის' ერად ვრაცხავთ თავს? რა კულტურაა ეს? აღებ-მიცემობის ვაჭრუკანულ დისკურსში ადამიანის გასაქონლება სწორედაც რომ საქონლების კულტურის ნიშანია - და ამის მერე კიდევ ვლაპარაკობთ რომ რამეზე გვაქვს პრეტენზია?

დიახ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ყველგან ხდება - ყველა ქვეყანაში. მაგრამ სხვაობა იმაშია, საზოგადოება რამდენად იძლევა საშუალებას, რომ ასეთი საქციელი წახალისებული იქნას. დღეს საუბედუროდ ჩვენთან ქალის და კაცის ჩაგვრაც წახალისებულია - ანუ ყველანაირი იერარქიაა დაცული. როდესაც საზოგადოებაში ჩაგვრის ასეთი კულტია - ის საზოგადოება ნორმალურად ვერ განვითარდება. დიახ, ჩვენ არ უნდა გვეწყინოს გიორგი მარგველაშვილის სიტყვები, რომ ჩვენი ერი 'გამოდებილების' გზაზე დადგა. უფრო მეტს ვიტყვი მე - ჩვენი ერი არ არსებობს - არსებობს რამოდენიმე მოაზროვნე ადამიანი - ღმერთმა კარგად ამყოფოს ისინი, რომელთაც პრაქტიკულად არავინ უსმენს - და არსებობს დიდი ხროვა, რომელიც არაფრით განსხვავდება ჰიტლერის ამომრჩევლისგან. ბანალური ბოროტების მომწონებელი ხალხისგან. და ეს ხროვა გამოხტება და როგორც კი ძალადობის, შანტაჟის, ზეწოლის მსხვერპლს დაინახავს, მაშინვე მასვე ამტყუნებს ამ ყველაფერში.

ძალიან გამიხარდება თუ ვცდები და არ ვარ სწორი, მაგრამ ჩვენი საზოგადოება - მისი 90 პროცენტი დღეს სწორედ ამ იერარქიულ პრინციპზე დგას, სადაც არაფრად ითვლება თანამშრომელი გოგოს შეურაცხყოფა, სუსტის დაჩაგვრა. თავს კი ჩვენი მთხლე საზოგადოება იმით იმართლებს, რომ თურმე 'ადამიანის ბუნება ბოროტი ყოფილა'. არა, ბატონო - ეს არ არის მართალი. ადამიანის ბუნება არ არის ბოროტი - ეს არის დიდი ცდომილება. და ამ ცდომილებას ისინი ამკვიდრებენ, ვისაც უნდა ღმერთის მიერ თავის სახებად გაჩენილი ადამიანისგან თეა თუთბერიძე ან რამე მისი მსგავსი გამოიყვანოს. არა, ადამიანი სხვა ადამიანების საწამებლად არ იბადება - და არც თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის.

დიახ, ძალადობა და მონობა როგორც ეტყობა ჩვენი საზოგადოებად წოდებული ხროვისთვის სისხლშია გამჯდარი. ბიოპოლიტიკამ უკვე მოახდინა ის, რომ სადო-მაზოხისტურ ინსტიქტებს დაუმორჩილა არა მარტო თუთბერიძის მაგვარი არსებები - მარტო ეგ პატარა პროცენტი რომ იყოს რა უშავს - არამედ საზოგადოების უმრავლესობა. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.

ქართველი ერი - ეს ცნება ცარიელი ცნება იქნება მანამდე - სანამ ეს ხროვა არ გადაიქცევა ინდივიდთა ერთობად, რომელსაც შეუძლია გაიგოს 'გლახის ნაამბობიც', 'ოთარაანთ ქვრივიც', 'სტუმარ მასპინძელიც' და 'ალუდა ქეთალაურიც'. სხვა ავტორებზე აღარ გავჩერდები. დიახ - უნდა გავიგოთ ეს ნაწერები. უნდა დავინახოთ, რომ ძლიერი სუსტს უნდა იცავდეს და საზოგადოება მხოლოდ მაშინ არის ღირებული. დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.

ჩემი ეს პოსტი იმ ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერისთვის იყო, ვინც უსამართლოდ იჩაგრება სამსახურში თუ სამუშაო გარემოში. როგორც ვატყობ ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ეს საკუთარი ბარბაროსობა გადავლახოთ. მუშაობაზე მეტად კი გრძნობა უნდა ავამამუშავოთ - უნდა ვიგრძნოთ იმ ადამიანების გაჭირვება, რომელსაც ეს დაუნდობელი სისტემა ყოველ დღე აწამებს. მათი რიცხვი მილიონზე მეტია მარტო საქართველოში. და ჩვენ თუ ერთმანეთზე არ ვიფიქრეთ და სოლიდარულები არ ვიქენით - არაფერი გამოვა ამ ჭაობიდან".

იხილეთ ასევე: როგორ გახდა ირაკლი კაკაბაძე 25 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი: "ამ ქალის უკან უზარმაზარი ძალის ორგანიზაცია იდგა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს