"წნევა მქონდა 60/20 ზე, ხოლო პულსი - დაახლოებით 35-40. მოკლედ, გული ჩერდებოდა..." - რა შეემთხვა ცოტნე გამსახურდიას

"წნევა მქონდა 60/20 ზე, ხოლო პულსი - დაახლოებით 35-40. მოკლედ, გული ჩერდებოდა..." - რა შეემთხვა ცოტნე გამსახურდიას

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში 7 ივლისს მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს, რომელიც მას გადახდა:

"ძალიან ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა საჯაროდ ის, რასაც ახლა გეტყვით...

რამოდენიმე დღის უკან ხუთშაბათს, 7 ივლისს, ტელევიზია "იბერიის" ეთერში გახლდით დაპატიჟებული სვანეთის ჰესებთან დაკავშირებით. როდესაც გადაცემა დამთავრდა, ტელევიზიის მესვეურებმა, რომელთა კეთილგანწყობაში ეჭვი არ მეპარება, საკუთარი ტრანსპორტით სარგებლობა შემომთავაზეს. სახლში დაბრუნების ნაცვლად მეგობართან წავედი საბურთალოზე და მძღოლს მისამართამდე დაახლოებით ნახევარი კილომეტრით არმისული, ყაზბეგის გამზირზე დავემშვიდობე.

მანქანიდან ჩამოსვლისას რაღაცამ შემაქანა. ყურდღება არ მივაქციე და ფეხით გავაგრძელე გზა. ერთ ჩემ მეგობარ ბიზნესმენს დავურეკე და ტელეფონზე საუბრით გავემართე დანიშნულების ადგილისკენ. ბინაში მივედი, ტახტზე ჩამოვჯექი და საუბარი დავიწყეთ. რამდენიმე წუთში წამოვდექი, რათა ტელეფონი გვერდით მაგიდაზე დამედო და ფეხზე ადგომისას... უეცრად დაბნელდა. ვაჰ, დაბნელდამეთქი, ვთქვი. წლების წინ ბევრჯერ მქონია გონების დაკარგვის ეპიზოდები და ამჯერადაც სიმშვიდე შევინარჩუნე. დაბნელდა სრულად. ფეხზე ვიდექი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. მეგობარი დამეხმარა ტახტამდე მისვლაში და დავჯექი. ისევ ვცადე წამოდგომა, ისევ დაბნელდა. მერე კიდევ... წამოდგომისთანავე მხედველობა მერთმეოდა...

ჩემმა მეგობარმა, რომელიც პროფესიით კარდიოლოგია, დაბალი წნევაო, დაიძახა და წნევის აპარატის და წამლების მოსატანად გაიქცა. წნევა გამიზომა და თვალებს არ უჯერებდა, გამიზომა განმეორებით რამოდენიმეჯერ. აღმოჩნდა, რომ წნევა მქონდა 60/20 ზე, ხოლო პულსი - დაახლოებით 35-40. მოკლედ, გული ჩერდებოდა...

ტანსაცმლიანად ლოგინზე წამოვწექი, რადგან ფეხზე დგომა უკვე შეუძლებელი იყო. მასპინძელმა წნევის ასაწევი წამლები მოიტანა, წყალი, ყავა. ჩემდა ბედად სტუმრად კარდიოლოგთან აღმოვჩნდი, თუ ამქვეყნად დარჩენის შესაძლებლობას გამართლება შეიძლება ეწოდოს ;) ბევრი თავი რომ არ შეგაწყინოთ, მიუხედავად პროფესიონალურად მიღებული ზომებისა, დაახლოებით ექვსი საათი ამ მდგომარეობაში ვიყავი. მხოლოდ სადღაც ღამი სამი საათისკენ მოხერხდა წნევის 80/40 მდე მომატება, რის შემდეგაც ტაქსი გამოვიძახე და წავედი სახლში. ფაქტი ის გახლდათ, რომ მარტო მყოფი დიდი ალბათობით ვერ გადავრჩებოდი...

რამდენადაც შევძელი იმ დღის მოვლენების აღდგენა, გამახსენდა, რომ როდესაც გადაცემაში მივედი სტუმრად, სტუდიაში ჩემთვის განკუთვნილ ადგილას წყლის ჭიქა დამხვდა, საიდანაც მოწყურებულმა მოვსვი. ზუსტად მახსოვს, რომ წყალს უცნაური გემო დაჰკრავდა, მაგრამ წყურვილმა სძლია უსიამოვნო შეგრძნებას და გადაცემის მსვლელობისას ნელნელა ჭიქა დავცალე. აქვე გეტყვით, რომ არასდროს მქონია დაბალი წნევა და რას-რას, და გულს არასდროს შევუწუხებივარ ცხოვრებაში. დღესაც უპრობლემოდ შემიძლია აღმართზე კილომეტრის სირბილი ან მეცხრე სართულზე ქოშინის გარეშე არბენა.

მეორე დღეს, პარასკევს, წავედი გულის გამოსაკვლევად და ანალიზების ჩასაბარებლად, სისხლიც ჩავაბარე. დღის ბოლოს გავიგე, რომ სამხარაულის ბიუროში შესაძლოა სისხლში უცხო ნივთიერებების აღმოჩენაც და რადგან შაბათ-კვირას ისინი არ მუშაობენ, ხვალ, ორშაბათს ვაპირებ შენახული ბიომასალის წაღებასაც, ისევე როგორც სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას. მოყოლილს ზემოხსენებული მეგობარიც დაადასტურებს. ყოველგვარი თანამშრომლობისათვის მზადაა ტვ "იბერიაც", ვფიქრობ, ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებიც საჭირო დახმარებას აღმოგვიჩენენ.

ვფიქრობ. ცხოვრების მანძილზე არართხელ ვყოფილვარ დაპირისპირებული სისტემასთან თუ ამა თუ იმ პირებთან, ვისაც მსგავსის ორგანიზება ადრე შეეძლო, მაგრამ დღეს მე არ მეგულება წარსული პირადი მტერი, სახელმწიფო სისტემა ან ძალა ვინც ამას გააკეთებდა. ალბათ უნდა ვიფიქრო მათზე, ვისაც ჩემი მოკრძალებული სამოქალაქო აქტივობა - დაახლოებით რამოდენიმე ათეულ ათას ადამიანთან ვირტუალური და მედიაკომუნიკაცია თუ მოქალაქეობრივი პოზიცია უშლის ხელს. უწოდეთ ამას მაფია, ლობი, თუ რაც გნებავთ... იმედია, ამას ნათელი მოეფინება.

და ბოლოს: არ გამოვთქვამ წინასწარ ვარაუდებს, რათა პირიქით, ვინმეს არ ავაცილო პასუხისმგებლობა. გადავწყვიტე ამ ფაქტის გასაჯაროება და თქვენამდე მოტანა, რათა იცოდეთ:

1)თავის მოკვლას არ ვაპირებ.

2)ყველანაირი ნარკოტიკებისგან, მძიმე თუ მსუბუქი, თითქმის ათი წელიწადია შორსა ვარ.

პ.ს. ასევე მინდა იცოდნენ ისიც, რომ არცერთი წამით არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას არცერთ საკითხზე, რაც ამ ჩასაფრებულ ვირთხებს შეიძლება უშლიდეთ ხელს!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს