"მესამედ ხდება "გადატრიალება", ვოცნებობ, მშვიდობა იყოს" - ნიკოლოზ რაჭველი ოპერის თეატრის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

"მესამედ ხდება "გადატრიალება", ვოცნებობ, მშვიდობა იყოს" - ნიკოლოზ რაჭველი ოპერის თეატრის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დასის ნაწილი გაიფიცა. ისინი სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ბრალდების ადრესატს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება თეატრში დღეს იყო. რამდენიმე მსახიობი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც იმ მსახიობებს, რომლებიც სეზონის დახურვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ფინანსური საჯარიმო სანქციები დაუწესდებათ.

თეატრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება.

"ეს რესტავრირებული ოპერის თეატრის გახსნის დღეა, ისე მოხდა, რომ დარბაზში დათო საყვარელიძის გვერდით მოვხვდი, ადამიანის ვინც თავისი ცხოვრება, ენერგია, გული და სული თბილისის ოპერის თეატრს მიუძღვნა, ადამიანის, რომელიც წლების მანძილზე მართავდა ყველაზე მძიმე ყოფაში მყოფ თეატრს ისე, რომ ერთხელაც არ გამოსულა გარეთ შიდა პრობლემა, ისე, რომ მუდამ თვალყურს ვადევნებდით მთელი დასის, გუნდის და ორკესტრის გასტროლებს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ფესტივალებზე, ადამიანის, რომელიც მუდამ ამყარებდა კავშირს მსოფლიოს წამყვანი ოპერის თეატრების მენეჯერებთან, სახელოვან დირიჟორებთან, თავის კოლეგა რეჟისორებთან და მომღერლებთან ჩვენი თეატრის პერსპექტივისთვის, ადამიანის, რომელსაც უსამართლოდ და უკანონოდ აიძულეს დაეწერა განცხადება და გადამდგარიყო, ვინაიდან უთხრეს, რომ ახალი მთავრობა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ თეატრს ხელს ისე არ შეუწყობდა, როგორც სხვა ხელმძღვანელის შემთხვევაში, რომლის მოყვანაც "ზემოდან" იყო გადაწყვეტილი, ადამიანი, რომელმაც სამართლიანობისთვის ბრძოლა მხოლოდ იმიტომ არ ინება, რომ ვერ გაიმეტა დასი მოსალოდნელი პრობლემებისთვის, შესაძლო უფულობისთვის...

ადამიანი, ვინც მიუხედავად იმისა, რომ გაწეული უკიდეგანო ფიზიკური და მორალური ამაგისათვის სცენაზე გაჟღერებულ მადლობების ჩამონათვალშიც ვერ მოხვდა, მაინც იყო უბედნიერესი, რომ მისი ნანატრი დღე დამდგარიყო და თეატრში ქობულაძის "ფარდა" (რომლის რეპროდუქცირება სწორედ მისი წამოწყება იყო და ბოლომდე ხელს უწყობდა მის განხორციელებას) სადაცაა აიწეოდა და მუსიკის სამყარო თბილისის ოპერაში ხელახლა აიღებდა სტარტს. მიკვირდა მისი სიხარულის, მისი დიდსულოვნების, მაგრამ მიხაროდა რომ ამას ვხედავდი!

დღეს დათო საყვარელიძის სრულიად უსამართლო წასვლიდან მესამედ ხდება თეატრში "გადატრიალება".

მე არ ვარ მომხრე არეულობების, არც რომელიმე კონკრეტულ პირებს ვექომაგები, დავით კინწურაშვილის ჯანმრთელობაზეც ძალიან შემტკივა გული და გუნდის წევრების მდგომარეობაც უზომოდ მადარდებს. არც იმ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ ეკა ჭაბაშვილის "რექვიემი" მოცარტის გვერდით არ უნდა შესრულებულიყო და არც ვახტანგ მაჭავარიანის მიმართ გამოვლენილ უკიდურესად შეურაცხმყოფელ მოქმედებას გავამართლებ ოდესმე... მაგრამ მე, როგორც მორწმუნე ადამიანს, მგონია, რომ თბილისის ოპერის თეატრი ღვთისკენ (და მუსიკისკენ) სავალ გზას მანამდე ვერ დაადგება, ვიდრე თითოეული თანამშრომელი თავის თავში არ აღიარებს უსამართლო სიჩუმეს და ნეიტრალურობას, ამაგის დაუფასებლობას, რომელიც დათო საყვარელიძის მიმართ იძულებითი გაგდების დროს გამოიჩინა ყველამ.

(მათ შორის შესაძლოა მეც მივიჩნევ თავს დამნაშავედ, თუმცა იმ პერიოდში თავადაც მებრძოდა კულტურის სამინისტრო და ჩემი მხარდაჭერა ნამდვილად არ წაადგებოდა საქმეს).

მე მიყვარს ოპერის თეატრი, მე გავიზარდე ჩვენს ოპერის თეატრში, მგონია, რომ მუსიკოსიც იმიტომ გავხდი, რომ პირველად სწორედ ჩვენს ოპერის თეატრში მოვხვდი და ამიტომ მთელი გულით ვოცნებობ, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ოპერის თეატრში, ოღონდ სამართლიანობის და ღირსების კვალზე!", - წერს რაჭველი.

იხილეთ: "ოპერის თეატრში დღეს პორნო ეროტიული სცენების გადაღება იყო..." - რაში ადანაშაულებს თამარ ივერი დავით კინწურაშვილს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს