"ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული..." - ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის

"ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული..." - ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის

რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანს, ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე გიული ჭკუასელი ემოციურ პოსტს უძღვნის. ფოტოზე, რომელსაც სპორტსმენის მეუღლე აქვეყნებს პირად გვერდზე, ლიპარტელიანის 100-მდე მედალია ასახული:

"83 მედალი (რაც სახლში გვაქვს):

43 ოქრო,

19 ვერცხლი,

21 ბრინჯაო.

მათ შორის:

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი,

მსოფლიოს ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი,

ევროპის 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი,

ევროპის თამაშების ვერცხლის მედალი,

გუნდურში მსოფლიოს 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი,

გუნდურში ევროპის 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი,

ახალგაზრდებში მსოფლიოსა და 2 გზის ევროპის ჩემპიონი,

3 გზის გრანდ სლემის, 5 გზის გრამპრის და 3 გზის მსოფლიო თასის ჩემპიონი.

კონტინენტებს შორის გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული და ოქროს მედალი (ECCO Teams challenge).

თარო, ახალი მედლებისთვის, შეკვეთილია. ადგილიც გამოყოფილი... ალბათ, მალე მთელს კედელს მისი მონაპოვარი დაიკავებს, არადა არც ისე პატარა სივრცეა...

ჯერ-ჯერობით უმაღლესი ჯილდო ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალია, რომელიც უკვე მოვათავსე სხვა მედლებთან ერთად. ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული.

მგონი არ არსებობს არავინ საქართველოში, ვისაც 2016 წლის ოლიმპიადამ ლიპოს ცრემლები არ გაახსენოს. კვარცხლბეკზე დასაჯილდოვებლად გამზადებული ქართველი, რომელიც თავდახრილი იდგა და ტიროდა... რომ დავინახე კინოფილმიდან ამოჭრილი კადრებივით ჩაიარა მთელმა ჩვენმა ერთად გატარებულმა ცხოვრებამ. ოლიმპიადაზე მოხვედრა ჩვენი მიზანიაო, ხშირად გამიგია, ჩვენი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობა იყო, თორემ ვერცხლი უდიდესი მიღწევაა და მადლობა უფალს ამისთვის. გამახსენდა ლონდონი 2012 წელს, მაშინაც ტიროდა და მაშინაც ვერავის უყურებდა თვალებში. გამახსენდა ევროპის ჩემპიონატი ჩელიაბინსკში, რესეთში რუსებით სავსე დარბაზი, ფინალში ბეჭებზე გაკრული რუსი, შოკისგან გასუსული დარბაზი და ჩემი კივილი: ლიპომ მოიგო, მოიგო! გამახსენდა როგორ ვუგზავნიდი ორსულობის დროს ეხოს ფოტოებს, ვიდეოებს - როგორ ისწავლეს ბავშვებმა "მამა"-ს წარმოთქმა და როგორ აიდგეს ფეხი, ის ხომ უმეტეს დროს შეკრებებზე ატარებდა. არც დათის დაბადებას დასწრებია, რამდენი ხანია არც ჩემი და არც მისი დაბადების დღე არ გაგვიტარებია ერთად...

ასევე წაიკითხეთ: "ლიპო, აწიე თავი!" - როგორ ამხნევებენ ქართველები ვარლამ ლიპარტელიანს ვერცხლის მედლის შემდეგ

გამახსენდა როგორ გვიჭირდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთის გარეშე და ვუძლებდით, იმიტომ რომ 10 აგვისტოსთვის ვემზადებოდით. ეს დღე უნდა ყოფილიყო ამდენი შრომის, ამდენი წვალებისა და ნერვიულობის შედეგი. იყო კიდეც! არ ვნანობ არც ერთ დღეს, არც ერთ წამს მის გარეშე გატარებულს, იმიტომ რომ ეს გამარჯვება ამად ღირდა! ის კი უბოდიშებდა თავის ქვეყანას, რომ საქართველოს ჰიმნის ნაცვლად იაპონიის ჰიმნს ვისმენდით, თავი დახრილი ჰქონდა იმიტომ რომ თავის ცრემლებისთვისაც გვიბოდიშებდა. მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი შესწირა და საბოდიშო არაფერი აქვს! ბრაზდება რომ ეუბნებიან გაფრთხილება ეკუთნოდა იაპონელსო, ამბობს მაჯობა და დავმარცხდიო. არასოდეს არავისთვის დაუბრალებია მისი წარუმატებლობა, რაც არ უნდა ცხადი ყოფილიყო რომ წააგებინეს. მეტის გაკეთება შემეძლოო იტყვის ხოლმე და უფრო მოტივირებული აგრძელებს ბრძოლას. ასეთია ლიპო!

ოლიმპიადა დასრულდა და იწყება ახალი ოლიმპიადისთვის მზადება, უფრო შემართებით ვიდრე აქამდე, უფრო დიდი იმედით ვიდრე აქამდე. უფრო მეტი პასუხისმგებლობითაც: ახლა ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტსმენია. არ დამეზარა და დავთვალე, 235 ისეთ ადამიანს ჰქონდა მოწერილი ჩემთვის, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. ისეთი სიტყვები, როგორზეც შეიძლება მხოლოდ იოცნებო. ლიპოს ემოციით ის ისეთი გაიცნო ხალხმა, როგორსაც მე ვიცნობ, რისთვისაც მიყვარს... თავადაც აღნიშნა და მეც ვიტყვი: ვერანაირი ოქრო ვერ გადაწონის იმ სითბოსა და სიყვარულს, რაც ქართველმა ხალხმა ლიპოს მიმართ გამოიჩინა.

ასევე დაათვალიერეთ: ვარლამ ლიპარტელიანის ოჯახური ფოტოები - რომელი ცნობილი ოჯახის სიძეა ოლიმპიელი სპორტსმენი

ამიტომ დიდი მადლობა შენ ლიპო! ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის, იმისთვის რომ ასეთი ამაყი ვარ! და მაპატიე რომ ვერ გიცავ ყოველდღიური პრობლემებისგან, რაც შენზე ასე მოქმედებს! სათანადოდ ვერ გიფრთხილდები და ვერ ვზრუნავ შენზე. მაპატიე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანის გვერდით ასეთი სუსტი ვარ და შენზე დამოკიდებული. ახლა ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გეკუთნის შენ! ჩემზე ამბობენ ლიპოს ცოლიაო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მე მზად ვარ შენთან ერთად ვატარო ეს დიდი და მძიმე "უღელი" და არასოდეს შევასუსტო. მიყვარხარ და მეამაყები" - წერს გიული ჭკუასელი.

ვარლამ ლიპარტელიანი და გიული ჭკუასელი 2013 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - დათა და დემეტრე ლიპარტელიანები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს