კოკო გამსახურდიას მწვავე პასუხი ბიძინა ივანიშვილს ზვიად გამსახურდიას შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე

კოკო გამსახურდიას მწვავე პასუხი ბიძინა ივანიშვილს ზვიად გამსახურდიას შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე

კოკო გამსახურდია ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ზვიად გამსახურდიას შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოცილაურ ქსელში მწვავე პოსტით პასუხობს:

"ბიძინა ივანიშვილი: "მე დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა!

მხოლოდ ის არაა, რომ გიყვარდეს და გული გეწვოდეს -

ამავდროულად... გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს."

ბატონო ბიძინა, პატივის მიგება თქვენ ნამდვილად გეკუთვნით - თუნდაც იმიტომ, რომ უამრავი ქველმოქმედება საქართველოში დაკავშირებულია თქვენს სახელთან; აღდგენილი ან ახლიდან აშენებულია არაერთი შენობა, სკოლა, ტაძარი, დაგებულია გზა, დაფინანსებულია სახელმწიფო ინსტიტუცია თავის საწყის სტადიაში; თუნდაც იმიტომ, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება განხორციელდა უსისხლოდ, ცივილიზებული ფორმით, ხოლო ძალადობა და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს მტრის წისქვილზე დაასხამდა წყალს.

მაგრამ მხოლოდ ის, რაც თქვენს შემთხვევაში ნამდვილად "არაა" მართვა და არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოს წინსვლასთან და პროგრესთან, ახლა ჩამოგითვლით:

1. თქვენმა კოჰაბიტაციამ სასათბურე პირობები შეუქმნა ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც თქვენს მიერ შემქმნილ სისტემაში უპირობოდ დაიკავა ფაქტობრივად ერთადერთი ოპოზიციური ძალის ადგილი. მათი სადისტი ძალოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ მასმედიებში გავრცელდა, რასაც მოყვა ხმაური საზოგადოებაში, მაგრამ მათზე გამოძიება არ დაწყებულა.

2. თქვენ გადადექით და გაუჩინარდით კულისებში, რომ თავიდან აგერიდებინათ ყოველგვარი პასუხისმგებლობა, რითიც საფუძველი ჩაუყარეთ მხოლოდ თქვენს პერსონაზე დამოკიდებულ ხელისუფლებას. თქვენ რომ ეს თავიდანვე გაგეცხადებინათ, თქვენ და თქვენი გუნდი საერთოდ ვერ მიიღებდით ხმებს 2012 წელს.

3. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ სრულფასოვან პოლიტიკურ ძალად გექციათ სრულიად ურეიტინგო რესპუბლიკური პარტია და 4 წელიწადი თავზე დაასვით იგი ქართველ ხალხს.

4. თქვენი გუნდის ენერგეტიკული პოლიტიკა ფაქტობრივად გულისხმობს საქართველოს მთიანეთის დატბორვას გიგანტური ჰესებით, ასევე საქართველოს მდინარეების გაყიდვას მეზობელ ქვეყნებში.

5. თქვენ ყველაფერი ისევე დატოვეთ, როგორც იყო ნაცმოძრაობის დროს. მეტიც - გააუარესეთ. თქვენმა გუნდმა მშვენივრად მოირგო მათი კანონები. თქვენიანები სცემენ და აგინებენ ნაციონალებს კამერებთან, თუმცა სისტემას და მათ კანონებს არ ცვლიან. იგი უბრალოდ თავის თავზე მოირგეს.

6. თქვენი მხრიდან უტყვი თანხმობის პროდუქტია მურუსიძის მართლმსაჯულება და სრული ქაოსი სასამართლო სისტემაში.

7. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა ინტერპარტიული ფორმატის მხრიდან, თქვენ არ შეცვალეთ საარჩევნო კანონმდებლობა, რითიც დააკანონეთ ხმების მოპარვა მმართველი პარტიის მიერ.

8. პოლიცია გახდა დეპოლიტიზებული, თუმცა აღორძინდა კრიმინალი. ციხეში აღარ აწამებენ, თუმცა იქ მოხვედრისაც აღარავის ეშინია. ამიტომაც კრიმინალურ ენერგიას აღარაფერი ბოჭავს. ლამის ყოველდღე კლავენ ადამიანებს.

9. ის რომ ზვიად გამსახურდიას ფაქტობრივად აძაგებთ, არ არის გასაკვირი: თქვენ არაფორმალური აკრძალვა დაადეთ ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევას თბილისის აეროპორტისთვის. დღეს არ არსებობს და სანამ თქვენი გუნდია ხელისუფლებაში, არც იარსებებს მისი სახელობის არცერთი ქუჩა საქართველოში ერთი-ორი ქალაქის გარდა.

10. თქვენ ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთობოდით, დახმარება გაუწიეთ 3400 ადამიანს. სია არსებობს და გამოქვეყნდა. მათში ერთი კაციც კი ვერ ვნახე ზვიად გამსახურდიას მომხრე. მხოლოდ მისი მოწინააღმდეგეები.

11. ქალაქი თბილისი უმძიმეს დღეშია თქვენი უნიათო და არაორგანიზებული მერიის გამო. (ეს კი ნამდვილად არ არის არც ჩემი, არც ზვიად გამსახურდიას ბრალი.)

12. რაც შემეხება მე, ჩემთვის დღეს ცხადია, რომ ჩემი, როგორც დიპლომატის დათხოვნა მაია ფანჯიკიძის, თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, სწორედ თქვენი არაფორმალური ბრძანების საფუძველზე მოხდა. თქვენ ხომ "თქვენი" სახელმწიფოს სტრუქტურაში არ გააჭაჭანებთ თქვენთვის საძულველი ადამიანის ოჯახის წევრს. თქვენი მიზანი ხომ არის აიძულოთ იგი დატოვოს ქვეყანა.

13. თქვენ სალომე ზურაბიშვილს (ვისაც მე სხვათა შორის, პატივს ვცემ) მთაწმინდაზე არ დაუყენეთ არჩევნებში თქვენი პარტიიდან კანდიდატი-მოწინააღმდეგე. ასე გამოხატეთ მისდამი პატივისცემა. მე კი პირიქით, აბაშა-მარტვილის რაიონში დამიყენეთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ო. დანელია. ეს ის დანელიაა, რომელიც ზ. ჯანყარაშვილის კლანიდან წარმოსდგება. ამ კლანმა სხვადასხვა მონაცემებით ქართველ ხალხს მოპარა 600-დან 800 მილიონ დოლარამდე. ამ თანხის ერთი ნაწილი ალბათ აბაშა- მარტვილში უნდა დაიხარჯოს მოსახლეობის მოსასყიდად. აღნიშნული კლანი თქვენ მოიშორეთ და ვერც მოიშორეთ. მე არ ვიტყოდი, რომ ასეთი დამოკიდებულება ექნებოდათ ჩემს მიმართ ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს, თვით დამაქცევარ ედუარდ შევარდნაძეს.

ასე რომ, სახელმწიფოსთან მიმართებაშიც "საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს", - წერს გამსახურდია.

"რეალურად თუ გავაანალიზებთ, ერთადერთმა პარტიამ აჩვენა, რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს, სამშობლო უყვარდეს, სახელმწიფოს მართვა იცოდეს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას GDS-ის ეთერში განაცხადა.

"შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა.

როგორც იქნა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. 25 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ეს. როგორც არ უნდა ჩამომართვათ ჩემი როლი. რეალურად თუ გავაანალიზებთ, ერთადერთმა პარტიამ აჩვენა, რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს, სამშობლო უყვარდეს, სახელმწიფოს მართვა იცოდეს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს, განავითაროს. ეს არის ის საოცრება, რაც რეგიონში ხდება, საოცრად დაბალანსებულია", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს